პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ვახტანგ, 2020 წლის არჩევნებზე რა შანსები აქვს უკვე გაყოფილ “ქართულ ოცნებას”? უმრავლესობის დეპუტატმა რომან კაკულიამ განაცხადა, რომ თუ ასე გააგრძელა მმართველმა პარტიამ, მაშინ ნაციონალური მოძრაობა და “ქართული ოცნება” წარმავალი ძალა იქნება და მესამე უნდა გამოჩნდეს.
– “ქართული ოცნებისთვის” პოლიტიკური პროცესები რთულად მიდის. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ივანიშვილი რასაც ამომრჩეველს დაპირდა, არაფერი გაუკეთებია. თუ ივანიშვილს უნდა რამე შეცვალოს, მაშინ ის უნდა დაბრუნდეს როგორც პრემიერი, თან მას ამისთვის სულ უფრო ცოტა დრო რჩება. მერე უკვე ძალიან გვიან იქნება.
2020 წლისთვის, თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი, ხმების თხოვნა აღარ გამოვა, შედეგი არ ექნება. მეორე ტურში ამომრჩეველმა ხმა მისცა არა ივანიშვილს ან ზურაბიშვილს, არამედ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. ეს იყო იძულებითი არჩევანი. ეს ამომრჩეველი, რომელმაც იძულებითი არჩევანი გააკეთა, დღეს ძალიან გაბრაზებულია. ნაციონალების მიმართ შიში ვეღარ იმუშავებს 2020 წელის არჩევნებზე.
დღეს ნაციონალურ მოძრაობასა და “ქართულ ოცნებას” თანაბარი ამომრჩეველი ჰყავს. თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ “ოცნების” განაყოფიც სწორედ 2020 წლისთვის ემზადება.
მეორე ტურში რაც იყო გადამწყვეტი, გითხარით. ამომრჩეველი, რომელიც ახლა გაბრაზებულია და რომელიც არც “ოცნების” ამომრჩეველია და არც ნაციონალების, მესამე ძალას ელოდება.
– შეიძლებს ეს ბესელია იყოს?
– ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, ასე მარტივი არ არის.
“ქართულმა ოცნებამ” თავისი ამომრჩეველი რომ დაიბრუნოს, მას მთლიანად ცვლილება მოუწევს არა მხოლოდ საკუთარი ძალების, რესურსების, არამედ ყველაფრის.
– ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მესამე ძალა გაჩნდეს?
– ცარიელი ადგილი არ რჩება, ეს ბუნების კანონზომიერებაა. მოთხოვნილება არსებობს და მიწოდებაც იქნება. საზოგადოება ეძებს გამოსავალს. დღეს ეს არ ჩანს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ ასეთი ძალა არ გამოჩნდება.
“ქართული ოცნებაც” და ნაციონალური მოძრაობაც ყველაფერს გააკეთებენ, რომ ასეთი ახალი ძალა არ გამოჩნდეს, რადგან ორივე ჩაიძირება ამ შემთხვევაში.
დღეს “ქართული ოცნება” არათუ არ ცდილობს, ამომრჩეველი დაიბრუნოს, არამედ პირიქით, თითქოს განზრახ აკეთებს ყველაფერს საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ და ამის მაგალითებია თუნდაც მოსამართლეების საკითხი, თიბისის საქმე და ა.შ. რას მოუტანს ეს ხელისუფლებას, ვერაფერს გეტყვით, კარგს რომ არაფერს, ეს ცხადია.
– პოლიტიკაში გადამწყვეტი ფაქტორი ფინანსებია. ივანიშვილი ქვეყანაში ყველაზე მდიდარი ადამიანია. ამ შემთხვევაში რა გამოდის?
– ფინანსები არის დამატებითი ფაქტორი და არა – უმთავრესი. 2002-2003 წლებში, გნებავთ, 2011-2012 წლებში ფინანსები იყო დამატებითი ფაქტორი და არავითარ შემთხვევაში გადამწყვეტი. ორივე პერიოდში პოლიტიკური რეალობა უკვე გადაწყვეტილი იყო ყოველგვარი დამატებითი ფაქტორების, ამ შემთხვევაში ფინანსების გარეშე.
2011 წელს ძალუფლება ქუჩაში ეგდო, მოვიდა ივანიშვილი და ეს ძალაუფლება აიღო და ამ შემთხვევაში მისი ფინანსები არ ყოფილა გადამწყვეტი.
გარდა ამისა, ბადრი პატარკაციშვილის მაგალითი შემიძლია გავიხსენო. არც ბადრი პატარკაციშვილი იყო ჯიბეგაფხეკილი, მასაც სერიოზული ფინანსები ჰქონდა, მაგრამ ვერაფერს გახდა, ანუ ძალაუფლება ვერ აიღო. ამიტომ, მე მაინც მგონია, რომ გადაჭარბებულია, როდესაც საუბარია, რომ პოლიტიკაში ყველაფერი ფულია, ასე ნამდვილად არ არის. როდესაც პროცესი ზღვარზე არის მისული და ამას ხედავს ყველა, მაშინ უკვე ყველაფერს განსაზღვრავს ხალხი და ხალხის ნება.
– ხაზარაძე ეცდება პოლიტიკაში წასვლას?
– მგონია, რომ ეცდება. ყველა ბიზნესმენი, რომელიც ხელისუფლებას უპირისპირდებოდა თავისი ბიზნესის დასაცავად, მერე უკვე პოლიტიკაში მიდიოდა. ეს ისტორიული რეალობაა ჩვენთან. ასე იყო 90-იანებში მრეწველების შემთხვევაში, ასე იყო ბადრი პატარკაციშვილის შემთხვევაში და თავად ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში.
ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკის გზას დაადგება. ადრე თუ გვიან მას მოუწევს პოლიტიკაში შემოსვლა, მაგრამ რამდენად სწორად მოიქცევა, ეს არის მთავარი კითხვა.
თავის დროზე ივანიშვილმა ეს შეძლო. კი, ბატონო, მაშინ ქუჩაში ეგდო ძალუფლება, მაგრამ აღება იყო საჭირო. ბევრი ეცადა მის აღებას, მაგრამ ასეთი მარტივიც არ აღმოჩნდა.
ხაზარაძის ევროპული იმიჯი აშკარაა და წინა პლანზე მოდის. მან თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს ანაკლიის პორტის ასაშენებლად. ეს რასაც ნიშნავს, გასაგებია, ეს არის გზავნილი, რომ ის ამით რუსულ ინტერესებს უპირისპირდება და დასავლეთს, ამერიკასა და ევროპას კარტბლანშს აძლევს.
ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ მივიღოთ დასავლური ორიენტაციის, ფინანსურად ძლიერი პოლიტიკური ფიგურა. თუ ამის საპირწონე იქნება ნაციონალები და “ოცნება”, მაშინ ყველაფერი გასაგებია.
პოლიტიკური მოზაიკა ისე ლაგდება, რომ კვლავ კოალიცია იქმნება, ამჯერად მამუკა ხაზარაძის ლიდერობით. მე არ ვამბობ, რომ ეს შეთანხმებული თუ წინაწარ დაწერილი სცენარია და ასე მოხდება ყველაფერი, მაგრამ აქეთკენ მიდის საქმე, ეს ცალსახად ჩანს.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა