ზვიად ხორგუაშვილი – „კომპანიები, რომლებიც კორპუსებს აშენებენ, შეიძლება დაიხუროს“

ზვიად ხორგუაშვილი - „კომპანიები, რომლებიც კორპუსებს აშენებენ, შეიძლება დაიხუროს“კომერციული ბანკების მიერ საკრედიტო პორტფელის ხელშეწყობის მიზნით, კლიენტის გადახდისუნარიანობის, მისი შემოსავლებისა და ხარჯების დეტალური ანალიზის გარეშე სესხის გაცემის აკრძალვამ გაყიდვები შეამცირა.

საბანკო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, შემცირდა ბინების გაყიდვების მაჩვენებელი. გაყიდვების შემცირებაზე საუბრობენ ელექტრონული ტექნიკის მაღაზიებიც.

რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ, თუკი აღნიშნული რეგულაცია არ შეიცვალა, რატომ წარმოქნა ერთი პრობლების მოგვარების მცდელობამ ახალი პრობლემა და რაშია გამოსავალი _ ამაზე „ახალ თაობას“ ეკონომისტი ზიად ხორგუაშვილი ესაუბრა.

_ როგორ გგონიათ, თუკი არ მოხდა აღნიშნული საბანკო რეგულაციების გადახალისება, გამოიწვევს ეს კომპანიების გაკოტრებას?

_ გარკვეული კომპანიების გაკოტრება შეიძლება გამოიწვიოს.   ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის ტექნიკის მაღაზია, კონკრეტულად „ტექნობუმზე“ იყო საუბარი, უკვე გაკოტრების პროცესშია. ეს შეიძლება გადაედოს სხვა კომპანიებსაც, რადგან ისინი მკვეთრად ზარალობენ.

სამშენებლო კომპანიებში უარესად არის მდგომარეობა, რადგან ისინი, ტექნიკის კომპანიებისგან განსხვავებით, არამარტო განვადებებზე მუშაობენ, არამედ იპოთეკურ სესხებზე და აქ მთავრობამ კიდევ უფრო მკაცრი რეგულაციები შემოიღო მომხმარებლებისთვის.

პირველ რიგში დაიხურებიან წვრილი კომპანიები, რომლებიც აშენებენ სახლებს, მათ შორის კორპუსებს ვინც აშენებს. მსხვილი გადაურჩებიან ამას. უბრალოდ, ეს ქმედებები იწვევს იმას, რომ ბაზარზე მცირდება კონკურენცია და ძვირდება ფასი.

ახლა სამშენებლო სექტორი განიცდის კლებას. მსგავსი ინიციატივები, რასაც დღეს მთავრობა გვთავაზობს, ძალიან დიდ შანსს აჩენს, რომ ძალიან ბევრი კლიენტი დაზარალდეს და არა მხოლოდ იმით, რომ ბინები ვეღარ იყიდონ, რასაც აქამდე ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებდა, მათ შორის გადახდისუნარიანი, არამედ შეეხოს ისეთ ადამიანებს, რომლებიც მოლოდინის პროცესში არიან, ვისაც ბინები უკვე ნაყიდი აქვთ. შესაბამისად, მთავრობის ასეთ უხეში ჩარევას საბაზრო პროცესებში, ყოველთვის ასეთ შედეგებამდე მივყავართ.

სამწუხაროა, რომ გარკვეულწილად პოპულისტური ნაბიჯი იყო, ხალხის დაკვეთა იყო ის, რომ დაერტყა მთავრობას ბანკებისთვის, სესხებისთვის და ისიც აჰყვა ამ პოპულისტურ ნაბიჯებს.

ხშირად იმის გათვალისწინება, რასაც ხარბი მასა ითხოვს, არის მავნებლობა და აზარალებს სრულ უმრავლესობას, რომლებიც მუშაობენ, სესხებს, გადასახადებს იხდიან. მთავრობამ დაიწყო ისეთი მავნებლობების გამოყენება, რაც არ უნდა გააკეთოს არცერთმა მთავრობამ, მათ შორის გამოგონება მოხდა ე.წ ჭარბვალიანობის აღმოფხვრის ცდების, რაც პრაქტიკულად ტყულია.

რომ გადავხედოთ ჩვენნაირი განვითარების დონის მქონე ქვეყნებს, ვნახავთ, რომ საგანგაშო ამ მხრივ არაფერია, მაგრამ როდესაც საქმე სიღარიბეს ეხება, მთავრობამ ერთმანეთში აურია მიზეზი და შედეგი. სიღარიბე არის არა შედეგი, არამედ მიზეზი ამ ყველაფრის.

_ ეს რეგულაციები ხომ იმის გამო მიიღეს, რომ ჭარბვალიანობა შემცირებულიყო, თუმცა ერთი პრობლემის მოგვარების მცდელობა მეორე პრობლემის წარმოშობის წინაპირობა გახდა. ხომ არ იჩქარეს ამ რეგულაციის მიღება?

_ ეს რეგულაცია 100 წლის შემდეგაც რომ შემოეღოთ, მაშინაც მავნებლობა იქნებოდა, 20 წლის შემდეგაც მავნებლობა იქნებოდა და ყოველთვის მავნებლობაა ეს გადაწყვეტილება.

აქ სხვა რამეშია საქმე – საქართველოში ჭარბვალიანობა კი არა, სიღრიბეა და მათ შორის, 2016-2017 წლებში გაიზარდა ეს სიღარიბე. მთავრობა მთლიანად ურევს მიზეზს და შედეგებს. სიღარიბე არის მიზეზი და არა შედეგი ამ ე.წ ჭარბვალიანობის. შესაბამისად, მთავრობამ ამ სიღარიბის აღმოფხვრაზე უნდა იზრუნოს და არა _ მის გაღრმავებაზე და ჩვენ ვხედავთ, რომ მის გაღრმავებაზე ზრუნავს იმით, რომ ტექნიკაზე, სესხებზე, უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობას გვიზღუდავს, იმით, რომ სამუშაო ადგილები იკარგება და ა.შ. ამ ყველაფრის ერთმანეთში არევა კი არაკომპეტენტურობის ნიშანია.

_ რაში ხედავთ გამოსავალს და ვისი პრეროგატივაა ამ პრობლემის მოგვარება?

_ გამოსავალი არის როგორც საქართველოს მთავრობის, კონკრეტულად ფინანსთა სამინისტროსი, ასევე ეროვნული ბანკის ხელში. ეროვნულმა ბანკმა აუცილებლად უკან უნდა წაიღოს ის რეგულაციები, რაც მიიღო და ეს რეგულაციები ეროვნულ ბანკს არ დასიზმრებია, მთავრობის პოლიტიკიდან გამომდინარე და ე.წ ჭარბვალიანობასთან ბრძოლიდან გამომდინარე მიიღო.

აუცილებელია გადასახადების შემცირება და აუცილებელია კიდევ სხვა მრავალი რეფორმის გატარება, რაც ეკონომიკურ ზრდას უკავშირდება. მაგალითად, კერძო საკუთრების დაცულობის მხრივ სერიოზული პრობლემებია და სასამართლოსთან დაკავშირებითაც სერიოზული პრობლემები გვაქვს.

_ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე იმ ორგანიზაციებს, რომელთაც საბანკო რეგულაციების გამო გაყიდვები შეუმცირდათ, შიდა დაკრედიტების მექანიზმის განვითარებას ურჩევს. რამდენად გამოასწორებს ეს მათ მდგომარეობას?

_ საფინანასო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვს და ნაკლებად ეხება ის პრობლემები, რომლებიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეეხო მათი მავნებლობით.

შესაბამისად, მისთვის მარტივია ამაზე საუბარი. ეს ჰგავს ივანიშვილის განცხადებას, როდესაც გაჭირვებულ ხალხს ეუბნებოდა, პირადი ბანკირი დაიქირავეთო. როგორც ეს განცხადება იყო, არაკომპეტენტური და უსამართლო, ასეთივეა ეს განცხადებაც. არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან.

ლელა მდივანი, ახალი თაობა