აგროვებდა თუ არა გახარია ეპისკოპოსებზე კომპრომატებს

აგროვებდა თუ არა გახარია ეპისკოპოსებზე კომპრომატებსქვეყანას წინ სერიოზული პოლიტიკურ-რელიგიური სკანდალი ელოდება – სასულიერო პირები უკვე ადასტურებენ იმ ინფორმაციას, რაც აქამდე ჭორად დადიოდა. საუაბარია შს მინისტრის განკარგულებაზე, რომლის თანახმადაც, მაღალი იერარქიის სასულიერო პირებზე კომპრომატები უნდა მოეგროვებინათ.
“ახალი თაობა” ამის შესახებ სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების წინ წერდა. ხელისუფლებასთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ერთ-ერთი, ვის წინააღმდეგაც კომპრომატები უნდა შეეგროვებინათ, მეუფე იაკობი იყო, რომელიც ხელისუფლების რჩეულ საპრეზიდენტო კანდიდატსა და ივანიშვილის საოცნებო კანონპროექტს კანაფის კულტივაციის შესახებ მკვეთრად დაუპირისპირდა.
ყველას გახსოვთ ისიც, თუ როგორ ჩამოუარა არჩევნების წინ შინაგან საქმეთა მინისტრმა ეპისკოპოსებს. ჩვენი წყარო ამბობდა, რომ გახარია ცდილობდა მათ დარწმუნებას იმაში, რომ ის არავის წინააღმდეგ არ აგროვებდა კომპრომატებს.
გახარიასთან დაახლოებულმა ხალხმა მაშინ ასეთი ცნობა გაავრცელა, რომ შს მინისტრს ამ ჭორს ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები უვრცელებდნენ.
გახარია მეუფე იაკობთანაც შეეცადა შეხვედრას, მაგრამ პატრიარქის ქორეპისკოპოსისა და მსტოვართუხუცესის შეხვედრა არ შედგა. ერთი ვერსიით, მინისტრი იყო უარზე, მეორე ვერსიით კი – ბოდბელი ეპისკოპოსი.
პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მედიასთან საუბარში გასული წლის მიწურულს ისიც თქვა, რომ გახარია რუსეთის კაცია და ის პრემიერი ვერასდროს გახდება.
ამის შემდეგ ბოდბელი ეპისკოპოსი გაუჩინარდა და ყველამ რატომღაც ჩათვალა, რომ ის და გახარია მორიგდნენ. ამის შემდეგ ისევ დაიწყო საუბარები იმაზე, რომ მთავრობის მეთაური შს მინისტრი გახდება.
ეს ილუზია ამ დღეებში დაიმსხვრა – შაბათის კურიერთან საუბარში პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ შსს რაღაცებს აგროვებდა.
ამის მიუხედავად, ბოდბელი ეპისკოპოსი ძველებური რადიკალიზმით აღარ საუბრობს გახარიაზე. არ არის გამორიცხული, რომ მათ შორის რაღაც კომუნიკაცია შედგა.
– კომპრომატებს გააჩნია, რას უწოდებ. მე არ ვიცი, შსს-მ რა უნდა ქნას კომპრომატით, გინდ შსს-მ, გინდ რუსეთმა. თუ ძველად აგროვებდნენ, რუსეთის დროს, საბჭოთა კავშირის დროს აგროვებდნენ, მერე ახლა, გაგრძელდა თუ არა ხელისუფლებაში ეს, ვერ გეტყვით. რელიგიის საბჭო აღარ არსებობს, მასეთი უწყება ხილულად არ არის დღესდღეობით, – აღნიშნავს ბოდბელი ეპისკოპოსი.
სასულიერო პირებზე ერთ-ერთ სერიოზულ კომპრომატად განიხილება დეკანოზ გიორგი მამალაძის ციხიდან გამოგზავნილი წერილი. ეს წერილი დეკანოზმა 4 მღვდელმთავარს გაუგზავნა.
სინოდის წევრები ამტკიცებენ, რომ ამ წერილის თაობაზე არაფერი იციან, მეუფე იაკობი კი ამბობს, რომ ამ წერილის შინაარსი ყველა ეპისკოპოსმა იცის.
შაბათის კურიერთან საუბარში პატრიარქის ქორეპისკოპოსმა განაცხადა, რომ დეკანოზის წერილი საპატრიარქოში ხმამაღლა წაიკითხეს.
– ეს ახალი წერილი კი არ არის. თუ ვინმე ამბობს, რომ არ ვიცი, რა წერია წერილშიო, იტყუება. არაფერი ისეთი არ წერია. როდესაც ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა წაგვიკითხა, იქვე დაიბადა აზრი, რომ ასეთი ადამიანი არ შეიძლება, სასულიერო პირი იყოსო. ერთია, რომ წერ, მახარებელი ხომ არ არის, რომ რასაც წერს, ყველაფერი დაუჯერო, ხომ უნდა დამტკიცო, რასაც წერ – შანტაჟი არის ჩვეულებრივი. თუ არ გამომიშვებენ, რაღაცები მაქვს და გამოვაქვეყნებ.
გამოაქვეყნოს, რაც უნდა. უშუალოდ, კონკრეტული ფაქტები არ არის, ზოგადად ლაპარაკობს კორუფციაზე, ზოგადად ლაპარაკობს, ჭირვეულივით არის. თუ არ გამომიშვებთ, ამას ვიზამ, იმას ვიზამო. გააკეთოს, რაც უნდა, – აცხადებს ბოდბელი ეპისკოპოსი.
ის დეტალების გამხელაზე უარს ამბობს. მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ წერილში საუბარია კომპრომატებზე, რომელთაც დეკანოზი სასულიერო პირებზე ფლობს.
ეს სკანდალური განცხადებები პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ამერიკაში ყოფნისას გააკეთა. ბოლო დროს ის ხშირად დადის ამერიკაში და ამბობს, რომ ეს პატრიარქის დავალებაა.
ამერიკაში მყოფმა ეპისკოპოსმა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამერიკელი პარტნიორები დაინტერესდნენ, თუ რა პოზიცია უკავია საქართველოს უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით.
მეუფე იაკობის განცხადებით, სინოდის წევრების უმრავლესობა ცალსახად უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარეს დგას. თუმცა მიიჩნევს, რომ ამ საკითხში აჩქარება მიზანშეწონილი არ არის
პატრიარქის ქორეპისკოპოსი აღნიშნავს, რომ ქართული მხარის მხრიდან უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებას შესაძლოა რუსეთის მხრიდან მკვეთრი ნაბიჯები მოჰყვეს. მისი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ რუსეთი საპასუხოდ აფხაზეთისა და ცხინვალის ეკლესიებს აღიარებს.
ბოდბელი ეპისკოპოსი ამბობს, რომ ამერიკელებთან შეხვედრის დროს მან კონტრშეკითხვა დასვა, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას გულისხმობდა.
კერძოდ, ის დაინტერესდა, თუ რა მიზეზი აქვს ალიანსს იმისთვის, რომ ქვეყანას ნატოში არ იღებს.
– ჯერჯერობით, მათ ავტოკეფალია არ მიუღიათ, მაგრამ მოვა დრო და მიიღებენ უკრაინელები. მაგასაც დამსახურება უნდა. მე ამერიკელებთან მქონდა ამ თემაზე საუბარი და გაგებით ეკიდებიან ამას. მე დავუსვი კონტრშეკითხვა – რა მიზეზი გაქვთ, ნატოში რომ არ გვიღებთ? ხომ გაქვთ მიზეზები-მეთქი? დიახო, მითხრეს. მე ვუთხარი, მიგვიღებთ ნატოში, ცნობაც მოყვება-მეთქი. მიგვიღებთ ნატოში? ჰოდა, გაეცინათ, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა