დავით ჭიჭინაძე – “კვირიკაშვილმა ხაზარაძეს 25 მილიონი ჩამოაწერა”

დავით ჭიჭინაძე - "კვირიკაშვილმა ხაზარაძეს 25 მილიონი ჩამოაწერა"“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო დავით, მამუკა ხაზარაძის საქმესთან დაკავშირებით “ევროპული საქართველოს” ინიციატივის წინააღმდეგ გამოდიხართ, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას. რატომ?
– იმიტომ, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში არაფრის მომტანი არ იქნება. ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ, “ევროპულმა საქართველომ” როგორ დაიწერა პოლიტიკური ქულები, როდესაც სარალიძის საქმესთან დაკავშირებით შეიქმნა საგამოძიებო კომისია, მაგრამ შედეგად რა მივიღეთ?! ეს იყო მხოლოდ პიარაქცია და მეტი არაფერი.
– ისინი არ დაგეთანხმებიან ამაში.
– ნუ დამეთანხმებიან, მე ვამბობ იმას, რაც იყო. რა შედეგი დადო ამ საგამოძიებო კომისიამ, დავინახეთ, როგორ კარგად შეხმატკბილებულად ისხდნენ ხელისუფლებასთან ერთად იმ კომისიაში.
საერთოდ თუ რამე საქმე უნდა გაფუჭდეს, ასეთი საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას.
– საერთოდ არ ეთანხმებით ასეთი კომისისი შექმნას თუ “ევროპული საქრათველოს” ინიციატივა რადგან არის, იმიტომ არ ეთანხმებით?
– არ არის არანაირი საგამოძიებო კომისია საჭირო. თუ რამის გამოძიება უნდათ, არსებობს კანონი და არც ერთი ბანკი ამ კანონს არ ასრულებს, ეროვნული ბანკიდან დაწყებული კომერციული ბანკებით დასრულებული. საგამოძიებო კომისია კარგი იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ ყველა ბანკის საქმიანობას შევისწავლით და არა მხოლოდ თიბისი ბანკის საქმეს, რომელიც ახლა ვიღაცისთვის პოლიტიკურად მომგებიანი თემა გახდა.
თურმე როგორ გაბედეს და როგორ ხდება ეს ამბავი?! გაიხსენონ ერთი თიბისის ისტორია და მისი ხალხთან დამოკიდებულება. ამაზე რატომ არავინ არ საუბრობს?!
– თქვენ ამბობთ, რომ სამართლიანია ეს ყველაფერი?
– ცოტა უსამართლობა საკუთარ თავზე თიბისიმაც გამოსცადოს. მე მომწონს, როდესაც ახლა თავად აღმოჩნდა უსამართლობის წინაშე და ნახავს, რას ნიშნავს, როდესაც უსამართლოდ გეგცევიან.
– თქვენ ამ საქმეში პოლიტიკას გამორიცხავთ?
– არა, რა თქმა უნდა. პოლიტიკური ნაწილი არის ამ საქმეში, მაგრამ ანაკლიის პორტის აშენება ბანკისთვის არაპროფილური საქმიანობაა, ამიტომ ბანკების საქმიანობას კანონი არეგულირებს, მაგრამ არც მთავრობა და არც ბანკი ამას არაფრად დაგიდევთ. ორივე არღვევს კანონს, მაგრამ ამაზე ხმას არავინ იღებს, ვითომც არაფერი. თიბისი არის ბანკი და ის ცდილობს, დაეუფლოს პორტს. პორტის მშენებლობა კი არ არის საბანკო საქმიანობა.
2008 წელს მამუკა ხაზარაძემ ეს ფული მიშა სააკაშვილს გადაუხადა და ამის აღიარება არ უნდა. გიორგი კვირიკაშვილმა 25 მილიონი ჩამოაწერა პირადად ხაზარაძეს, მე ვკითხე, რატომ ვაკეთებთ ამას-თქო, მიპასუხა, გვაქვს პრაქტიკა, საინვესტიციო ვალდებულებების არშესრულების შემთხვევაში ჩამოვაწეროთო.
ამაზე რატომ არავინ საუბრობს, როდესაც მილიონობით შეღავათს უკეთებდნენ თიბისის?! ეს ყველაფერი გამოსაძიებელია და თუ გამოძიება უნდათ, კომპლექსურად გამოვიძიოთ მაშინ.
– თქვენი რიტორიკა ხელისუფლების პოზიციებთან თანხვედრაშია, ამას როგორ ახსნით?
– მადლობა ღმერთს, თუ რამეში დაემთხვა ჩემს პოზიციას ხელისუფლების პოზიცია. მე ეს პოზიცია მქონდა არჩევნების წინაც, არჩევნების მერეც, 2008 წელსაც და დღესაც. კარგია თუ დღეს მაინც ამაზე ვიღაცა ალაპარაკდა.
წინა პრემიერ-მინისტრი და მთელი ეკონომიკური გუნდი მთლიანად საბანკო სექტორის დამცველები იყვნენ. ის კოლოსალური მოგება, რაც ბანკებმა “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ნახეს, მიხეილ სააკაშვილის დროს არც კი დასიზმრებიათ.
– ხაზარაძე ამბობს, ანაკლიიდან ისე მარტივად არ წავალ, როგორც ბანკიდან წავედიო. როგორ ფიქრობთ მოუწევს წასვლა?
– ხაზარძეს არჩევანის გაკეთება მოუწევს. ბანკირებს კი არა, მათთან ასოცირებულ პირებსაც კი უნდა აკრძალვოდათ საბანკო საქმიანობის გარდა სხვა ბიზნესით დაკავება. ეს შეთანხმება არსებობდა მაშინდელ ეკონომიკის მინისტრ ქუმსიშვილთან, თუ ჩემი არ გჯერათ, დაურეკეთ და ჰკითხეთ. რადგან ის ეკონომიკური გუნდი აღარ არის ხელისუფლებაში, არ უნდა მოვიკითხოთ ეს შეთანხმება თუ რა ხდება?!
მამუკა ხაზარაძე ერთ-ერთს უნდა დაემშვიდობოს – ან ბანკს, ან პორტს. ეს მისი არჩევანია. ის განცხადება, რომ ანაკლიის პროექტში სახელმწიფოს ერთი თეთრი არ გაუღია, არის ტყუილი და მეტი არაფერი. 2017 წლის ბიუჯეტი ამოიღეთ და ნახავთ.
– მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს ანაკლიის პროექტში 60 მილიონი აქვს ინვესტირებულიო.
– დიახ. სახელმწიფო ამ პროექტში თანამონაწილეა.
– ბატონო დავით, თქვენ არც ერთ პარტიაში, არც ფრაქციაში არ შეხვედით რადგან განაცხადეთ, რომ ახალი მოძრაობა უნდა შექმნათ. რთული არ იქნება, თუ ხელისუფლება არ დაგეხმარებათ?
– მე მთელი ცხოვრება მარტო ბრძოლას ვარ მიჩვეული. ეს ჩემთვის უცხო არ არის. მთელი ცხოვრება ოპოზიციაში ვარ. პირველად მოვხვდი ხელისუფლებაში და იქაც დიდხანს ვერ გავჩერდი. სულ წელიწადნახევარი ვიყავი “ქართილ ოცნებაში”.
ზოგადად უსამართლობას ვერ ვეგუები. მე ხალხის თანდგომის იმედი მაქვს. ეს ხელისუფლება უკვე ისეთი დამთავრებულია, რომ მისი თანადგომა თუ დაგაზიანებს ადამიანს, თორემ რა უნდა მომიტანოს ამ ხელისუფლების თანადგომამ?! როგორ წარმოგიდგენიათ, კოლექტიური კობახიძეებისა და ზარდიაშვილების თანადგომამ რა უნდა მოუტანოს ადამიანს ან პარტიას?!
– თუ ხაზარაძე გადაწყვეტს და პოლიტიკაში წავა, მესამე ძალის ფორმირებას შეძლებს?
– არ მგონია, ამ ქვეყანას ბანკირებმა რამე სიკეთეს მოუტანონ. პოლიტიკაში ადამიანი იდეალებისთვის უნდა მიდიოდეს და არა – თავისი კაპიტალის დასაცავად. მამუკა ხაზარაძე თუ გადაწყვეტს პოლიტიკაში წასვლას, მაშინ ეს იქნება მისი კაპიტალის დასაცავად გადადგმული ნაბიჯი და მეტი არაფერი.
ჩვენი ხალხი დაბრძენდა და ფულის გულისთვის მხარს აღარავის დაუჭერს.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა