დავით ჭიჭინაძე – “ოცნებამ” ყველა რესურსი ამოწურა, მალე ხალხი მინისტრების მოპარვაზე გადავა”

დავით ჭიჭინაძე - "ოცნებამ" ყველა რესურსი ამოწურა, მალე ხალხი მინისტრების მოპარვაზე გადავა"“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო დავით, “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პროცესებზე დღეს თქვენი პოზიცია როგორია? პარლამენტში ყოფილ თანაგუნდელებს შორის დაპირისპირებას ბოლო არ უჩანს.
– ეს პარლამენტი 2020 წლამდე რატომ უნდა იყოს?! რისი გულისთვის, რა დამსახურებისთვის?! კოლექტიურ ზარდიაშვილებს უნდა უსმინოს ხალხმა კიდევ წელიწადნახევარი?! რომელი მათგანი არის პოლიტიკოსი?! ხალხი ამათ რომ უყურებს, გული უსკდებათ. მე ვიცი დეპუტატები, რომელთაც დეპუტატის სავარძელში ყოფნის დისკომფორტი აქვს.
– თქვენ, სანამ “ოცნებიდან” გაგრიცხავდნენ, სწორედ ვადამდელ არჩევნებს ითხოვდით. დღესაც იგივე მოთხოვნა გაქვთ?
– რა თქმა უნდა! მაშინ რომ ჩატარებულიყო ვადამდელი არჩევნები, მერწმუნეთ, ეს ვითარება არ გვექნებოდა. ამ ვითარებიდან გამოსავალი სწორედ ვადამდელი არჩევნები იყო და დღესაც ეს არის.
გიორგი კვირიკაშვილი როდესაც პრემიერის პოსტიდან გაუშვეს, რომელმაც მოიგო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, მაშინ ის პარლამენტიც უნდა დაშლილიყო და ახალი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ეს იქნებოდა სამართლიანი და სწორი გადაწყვტილება. თან ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკაზე ვსაუბრობთ. ძირითადი მმართველი რგოლი სწორედ პარლამენტი უნდა იყოს.
დეპუტატები, რომელთაც მწვანე და წითელი ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისგან, კობახიძემ ჯერ ფერებში უნდა ავარჯიშოს და შემდეგ უნდა მართონ ქვეყანა?! რა ვიცი, აბა! ამიტომ ვამბობ, რომ ვადამდელი არჩევნები აუცილებელია. ქვეყანას მართვა სჭირდება.
– ბესელიამ ივანიშვილს მოუწოდა თქვას, ზარდიაშვილის და მდინარაძის რეკომენდატორი ვინ იყო 2016 წლის საპარლამენტო სიაში. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, ვინ იყო?
– მე როგორც ვიცი, მდინარაძეს კახა კალაძემ გაუწია რეკომენდაცია. სხვათა შორის, კობახიძის რეკომენდატორიც კალაძე იყო. ეს რომ ჰკითხოთ “ოცნების” ძველ წევრებს, ყველა დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას.
– ზარდიაშვილს?
– ვერ გეტყვით, არ ვიცი. ისე, ზარდიაშვილი ერთი არ არის, ბევრნი არიან, შემოსევაა. ეს “ქართული ოცნების” განგრენაა. როდესაც პოლიტიკური ლპობა იწყება, იმის გადარჩენა შეუძლებელია, ამის სახე კოლექტიური ზარდიაშვილია. გენერალური ხაზი ვერ ამართლებს.
– კალაძეს გულისხმობთ? ამ დაპირისპირებაზე კალაძეს პოლიტიკური განცხადება არ გაუკეთებია. რატომ?
– იმიტომ, რომ ამ ხალხმა არ გაამართლა. კალაძე ხვდება, რომ ეს ხალხი მას მომავალში არაფერში გამოადგება. ნახა, რომ წამგებიანები არიან. კალაძემ იცის იმდენი, რომ კობახიძეს არ უნდა გადაყვეს. ამიტომ არის ჩუმად. მაქსიმალურად ცდილობს, რომ კობახიძე ივანიშვილს შეტენოს, ივანიშვილი დაზიანდეს და თვითონ სუფთად გამოვიდეს, მაგრამ არ გამოუვა, ყველამ ყველაფერი იცის. პირველ რიგში ივანიშვილმა. დარწმუნებული ვარ, ამის გამო პასუხს მოსთხოვს.
– ივანიშვილი?
– დიახ, ივანიშვილი. ღარიბაშვილი ტყუილად არ დაუბრუნებია.
– ღარიბაშვილი რატომ დააბრუნა, ამ ხალხის საპირწონედ?
– რა თქმა უნდა, ამაში ეჭვი არ მეპარება. და ძველ ოცნებელებთან სალაპარაკოდ, რომლებიც ამ ხალხის გამო “ქართულ ოცნებას” გაემიჯნა. თუმცა, რამდენად გაამართლებს ეს პროექტი, მეორე საკითხია.
– “ოცნებიდან” წასული დეპუტატები, მათ შორის თქვენც, ივანიშვილს არ აკრიტიკებთ. რატომ?
– როგორ არ ვაკრიტიკებ. ვამბობ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ თქვა, რადიკალური ცვლილებები იქნებაო, ეს დაპირება მისცა ხალხს, მეც ველოდები ამ დაპირების შესრულებას. ამით ყველაფერი ნათქვამია ჩემი მხრიდან. თუ ბიძინა ივანიშვილი ამ დაპირებების შესრულებას არ დაიწყებს, ამაზე პასუხი იქნება შუალედური არჩევნები, რომელიც მაისშია.
– რატომ, “ოცნებას” მოგება გაუჭირდება?
– რა თქმა უნდა, გაუჭირდება. თუ შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება, მერწმუნეთ, შემოდგომაზე ძალიან რთული ვითარება იქნება. “ქართულმა ოცნებამ” რესურსი ამოწურა. ივანიშვილის ხედვა არ შეესაბამება იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს ქვეყანაშია.
ახლა მოდური გახდა შედარება, მინისტრსა და რიგით მოქალაქეს შორის – რა განსხვავება, თუ რიგით მოქალაქეს ქურდავენ, ქურდავენ მინისტრსაცო! ჩვენ პრივილეგირებულები არ ვართო, ასეთია ჩვენი ხელისუფლების ლოგიკა! მე ვეტყვი მათ, თუ რა განსხვავებაა: თუ არ არის მინისტრი დაცული, მით უფრო არ არის რიგითი მოქალაქე დაცული. ეს განსხვავებაა! ეს განცდა უჩნდება მოქალაქეს. თუ ასეთი უპასუხისმგებლოები იქნებიან, ცოტა ხანში მინისტრებს მოიპარავს ხალხი.
– ინფორმაცია ვრცელდება სამთავრობო ცვლილებებზე. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
– რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება ხვალ მინისტრის სავარძელში. მთავარია, პოლიტიკა შეიცვალოს, საქმისადმი მიდგომა შეიცვალოს. მინისტრი არის პოლიტიკოსი, აბა მითხარით, დღეს მოქმედი მინისტრებიდან რომელია პოლიტიკოსი?! ქვეყანაში პოლიტიკოსების დეფიციტია.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა