“ღარიბაშვილის დაბრუნება არაფერს შეცვლის – “ოცნების” რეიტინგი მხოლოდ ეცემა”

"ღარიბაშვილის დაბრუნება არაფერს შეცვლის - "ოცნების" რეიტინგი მხოლოდ ეცემა"რა შედეგს მოიტანს პარტია “ქართულ ოცნებაში” ძველი ახალი სახეების შემოყვანა? რას შეცვლის ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება “ოცნებაში? რა ფაქტორი დაუბრუნებს “ოცნებას” რეიტინგს? სასამართლოს პრობლემამ “ოცნება” რამდენად დააზარალა? – “ახალი თაობას” ამ კითხვებს პარლამენტის ყოფილი წევრი პეტრე მამრაძე პასუხობს.
– ბატონო პეტრე, როგორ აფასებთ ღარიბაშვილის დაბრუნებას პოლიტიკურ ასპარეზზე? რას შეცვლის ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება “ოცნებაში?
– ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება არაფერს შეცვლის. მე მესმის ივანიშვილის მოტივაცია, რომელმაც ღარიბაშვილი პოლიტიკაში დააბრუნა. ივანიშვილი ეძებს ადამიანებს კარგი განზრახვებით, რომ ჯერ ერთი, ზუსტად შეასრულებენ დავალებებს, შეუთანხმებელი მოქმედება მათგან მოსალოდნელი არ იქნება. მეორე – ხალხში უარყოფითი რეიტინგი არ ექნებათ.
ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ ღარიბაშვილი ასეთია. მით უმეტეს ასეთ თანამდებობაზე არ არის მოსალოდნელი, რომ ისევ ცოლის ნათესავები, თამაზაშვილების, ჯანყარაშვილების და ზედელაშვილების კლანი წინა პლანზე წამოიწევენ.
– ახლა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყველა ნათესავს, ვინც პრობლემას უქმნიდა, განერიდა.
– ვინც გასაწევი იყო, გავწიეო. ამის თქმა ყოველთვის შეუძლია ადამიანს, მაგრამ ისიც ნათქვამი აქვს, ცოლის ნათესავი ნათესავი არ არის. რა უნდა გააკეთოს ამ ადამიანმა? ჩვენ გვახსოვს, როგორი პრემიერი იყო, გვახსოვს “ჰაკიმ ფაშასთან” დაკავშირებული სკანდალი. სწორედ “ჰაკიმ ფაშა” შეარქვეს მაშინ ღარიბაშვილს.
ჩვენ გვახსოვს ფანტასტიკური კოლორიტული ტანდემი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი ღარიბაშვილი და კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა შს მინისტრი ლექსო ჭიკაიძე – რეებს ლაპარაკობდა ის და მასზე ღარიბაშვილი რომ იტყოდა, ლექსო ძალიან სწრაფად იზრდება, დიდი პოტენციალი აქვსო და ამით მთელ საზოგადოებას აცინებდა. შესაბამისად, მე არ ველი რაიმე ისეთს.
– წარსულის გამოცდილება არაფერს ასწავლის ამ პიროვნებას და პარტიისთვის სასიკეთო არ იქნება მისი ახლანდელი საქმიანობა? ღარიბაშვილი საჭირო პარტიულ სამუშაოს ვერ შეასრულებს?
– ასეთ რამეს ნაკლებად ველი. ამას სულ სხვა კომუნიკაციის უნარი სჭირდება, ვიდრე ისეთი დამოკიდებულება, როცა სრულიად გამოუცდელი ადამიანი პრემიერის თანამდებობაზე დაინიშნება და შემდეგ ისე იქცევა, როგორც იქცეოდა. ამიტომ ნაკლებად ველი, რომ ღარიბაშვილის გამოცდილება რაღაც დადებით შედეგს მოგვცემს. მნიშვნელობასაც არ ვანიჭებ.
– რატომ?
– შეკითხვას, რას შეცვლის, რას მოიტანს, ვპასუხობ, რომ არც არაფერს არ მოიტანს.
– აცხადებენ, რომ “ქართულ ოცნებაში” ახალი სახეების, ახალგაზრდების შემოყვანა, ძველი მომხრეების გულის კვლავ მონადირება იგეგმება. მიზანი 2020 წლის არჩევნებისთვის მომზადებაა?
– დიახ. იმის გათვალისწინებით, ბოლო დროს რა პროცესებიც წარიმართა უმრავლესობაში, “ოცნების” რეიტინგი დაბალია. ეს განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა ცხადყო. მას შემდეგ არავინ შემხვედრია ისეთი, რომ ეთქვას, “ოცნებას” უკეთესი თვალით ვუყურებო. ამიტომ მისი რეიტინგი არ გაზრდილა და შეიძლება მხოლოდ ეცემოდეს.
ბუნებრივია, ივანიშვილი და სხვები, ვინც ფიქრობენ, ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, რომ რაიმე შავი და დესტრუქციული ძალა არ მოვიდეს ქვეყნის სათავეში, ცდილობენ, მომავალ არჩევნებს მომზადებული შეხვდნენ, რაც სავსებით ბუნებრივი და კონსტრუქციული მიდგომაა.
– რა ფაქტორი დაუბრუნებს “ოცნებას” რეიტინგს?
– აქ შეილება თურმეობითში ლაპარაკი, რა ფაქტორი დაუბრუნებდა რეიტინგს.
– ანუ აღარაფერი ეშველებათ?
– ნაკლებად ველი, რაღაც ისეთი, თვისობრივად ახალი გაკეთდეს, რომ “ოცნების” რეიტინგი მართლა მაღლა ავიდეს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც სხვა ჯგუფზე ნაკლები რეიტინგი ექნებათ. “ოცნებას” რჩება ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი. მხოლოდ “ოცნებას” შეუძლია, 600 ათასზე მეტ, ვალებში ჩავარდნილ ადამიანს, ვალებს გადაუხდის, რაც განახორციელეს კიდეც. ამიტომ ვამბობ თურმეობითში, მართლა რა გაუწევდა “ოცნებას” ამ მხრივ დახმარებას რეიტინგის ასამაღლებლად.
– რა გაუწევდა დახმარებას?
– ეს იქნებოდა მართვის სისტემის შეცვლა. მაგალითად, მთელ საქართველოს მიაჩნია, რომ პროკურატურას კვლავინდებურად ოთარ ფარცხალაძე კურირებს, თადუმაძე კი მხოლოდ ნომინალური პირია, რეალურად, გადაწყვეტილებას სხვა ღებულობს, კერძოდ, ფარცხალაძე. შესაბამისად, გროვდება საკითხები, რომლებიც ბოლომდე მიყვანილი არ არის. ამას უწოდებენ ხოლმე კარადაში დაგროვებულ ჩონჩხებს. მაგალითად, როგორ ქუხდა ოქუაშვილი და მისი ბრალდებები, 4 მილიონი ლარი გაიტანეს თიბისიდანო. როგორ დამთავრდა, ხომ ვერ მეტყვით?
– ბოლოს ყველა გაჩუმდა.
– აი… რაღაც მომენტში ეს ყვირილი და სკანდალები იქამდე მიდის, რომ შიგნით კულუარებში გარიგდებიან. გარიგება, ცხადია, ყოველთვის ფინანსებს უკავშირდება. ამიტომ შემდეგ ჩუმდებიან.
მაგალითად, როგორ გაიყვანეს ქვეყნიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი. ოფიციალური ვერსიის ვინმეს სჯერა? არავის. აი, ასეთი მაგალითები გროვდება. ამიტომ, წესით, უნდა შეიცვალოს პატრონ-ყმური, პატრონ-კლიენტური მართვის სისტემა, რომელსაც ხალხი გრძნობს და ცხადია, პატივს არ სცემს. ეს კი რთული არ არის.
– სასამართლოს პრობლემამ “ოცნება” რამდენად დააზარალა?
– რა თქმა უნდა, დააზარალა, ვინაიდან გამოჩნდა, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობას კონკრეტული ინტერესები ჰქონდა. დააზარალა იმ მხრივ, რომ უკან იხევენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ხედავენ, თავისი მაქინაციები არ გაუვათ, საზოგადოება ფეხზე დგება და ხმაურია. ნახეთ, ახლა საზოგადოება როგორ უყურებს ხელისუფლებას…
– როგორ უყურებს?
– ისინი კი არ არიან, ვისაც კარგი საქმის და სიკეთის კეთება უნდათ, არამედ ეს ის ადამიანებია, ვისაც ამოძრავებთ საკუთარი ინტერესები, მატერიალური კეთილდღეობა და კარიერა, რომ თავისი პოლიტიკური ამბიციები დაიკმაყოფილონ. თუ მათი განზრახვა გამომზეურდა, უკან დაიხევენ, თუ არადა, თავისას გააკეთებენ.
ეს დადებითი დამოკიდებულება არ არის. სააკაშვილის დროს სასამართლოსთან დაკავშირებით, საერთოდ, რა დებატები იქნებოდა, ხმის ამოღებას ვინ გაბედავდა.
– მოსამართლეები სააკაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით ინიშნებოდნენ.
– დიახ, მერე იტყოდნენ, შევარჩიეთ, კენჭისყრა ჩავატარეთ, ავირჩიეთო და მორჩა. თუმცა, ყველას ეცოდინებოდა, რომ არავითარი კენჭისყრა შიგნით არ იქნებოდა. ახლა ზოგი ვერც კი იჯერებს, რომ დასავლეთში ჩატარებული სხვადასხვა გამოკვლევით, საქართველოს სასამართლოები თავისი დამოუკიდებლობითა და ეფექტიანობით მე-9 ადგილზეა მთელს ევროპაში, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველო პირველ ადგილზეა. ანუ საქართველოს სასამართლოები თავისი დამოუკიდებლობითა და ეფექტიანობით უსწრებენ პოლონეთს, უნგრეთს, ჩეხეთს, მათ შორის, ნატოს წევრი ქვეყნებიც არიან და ევროგაერთიანებისაც.
– ეს რით არის გამოწვეული?
– ეს გამოწვეულია იმით, რომ რაც “ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა, თვითონ ივანიშვილი არასოდეს აწუხებს სასამართლოებს, არავითარი ინტერესები არ აქვს არც მას და არც მათ, ვინც მისი გუნდის წევრად ითვლება. დანარჩენები, ვისაც დიდი მადა შეიძლება ჰქონოდა სასამართლო ზეწოლისა (თავისი ბიზნესინტერესები გააჩნდა), ვერ ბედავენ ზეწოლას, ცალკეული შემთხვევების გარდა. გავიხსენოთ, “ბადაგონზე” როგორი ზეწოლა იყო. ჩვენს სასამართლოებში ცუდად ჰქონდა საქმე, მაგრამ შეძლო იმ კაცმა ივანიშვილთან დაკავშირება და საქმე მოგვარდა – დღეს მსოფლიოში საუკეთესო ღვინოებით “ბადაგონი” უკვე ათეულშია შესული.
სასამართლოზე მოიხსნა პრესი და ციფრებს რომ გადახედოთ – გამამართლებელ განაჩენებს, გირაოს შეფარდებას, პატიმრობის შეფარდებას თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ გამარჯვებებს – შედარება არ შეიძლება. ზოგიერთი მაჩვენებელი 200-300-ჯერ გაიზარდა.
ბიზნესმენები ამბობენ, რომ ახლა სამოთხეა იმასთან შედარებით, რაც იყო, მაგრამ მთლიანობაში ხალხში დადებითი დამოკიდებულება არ არის. მთელ მსოფლიოში ასეა – ხელისუფლება სულ უნდა აკონტროლო, თორემ თავის სასარგებლოდ რაღაცას მოიმოქმედებს.
სასამართლოებთან დაკავშირებით უკან დაიხიეს, მათ ეს პატივისცემას არ მატებს. ეს იგივეა, ადამიანი ქრთამის აღებას აპირებდაო, რომ დაიჭირო და ქრთამი აღარ აიღოს. ამის შემდეგ იმ ადამიანს პატივს სცემენ? არა. ქრთამი აღარ აიღო, მაგრამ ხომ აპირებდა აღებას? ეს მომენტია.
ავიღოთ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის საქმე. სააკაშვილის დროს ადამიანი ვერც იოცნებებდა, რომ პროკურატურას რაიმე შეეცვალა.
ჩვენ გვახსოვს, ხათუნა პაიჭაძემ თბილისში ვითომ მოკლული ადამიანი რომ ჩამოიყვანა, რომლის მკვლელობისთვის კონკრეტულ პიროვნებას მისჯილი ჰქონდა სამუდამო პატიმრობა თუ დიდი ვადით პატიმრობა. 100%-იანად დამტკიცდა, რომ აგერ ის “მოკლული” კაცი ცოცხალია და სოფელში თავისთვის ცხოვრობს. გადახედეს და არ გვაინტერესებსო. აი, როგორ ვითარებაში ვცხოვრობდით.
– ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ბევრი აგდებულად შეხვდა. თინა ხიდაშელმა მასზე განაცხადა, პოლიტიკაში უნდა იყო, რომ დაბრუნდეო, ანუ ძალიან დაამცირა ღარიბაშვილის პერსონა. რა შეგიძლიათ თქვათ მათზე, ვინც ასეთნაირად შეხვდა ღარიბაშვილის დაბრუნებას?
– ამ ადამიანებს ძალიან მცდარი შეხედულება აქვთ იმაზე, რა არის რეალური პოლიტიკა. მათ ჰგონიათ, მეტ-ნაკლები უნარი დემაგოგიისა და პოპულიზმისა, რომლის წყალობით გახდნენ ე.წ. ცნობადი სახეები, არის პოლიტიკა. ეს არ არის პოლიტიკა.
მე გვარების დასახელება არ მინდა, მაგრამ არაერთი სიტუაციის მომსწრე ვარ, როცა მე ვხვდებოდი დელეგაციებს და საქართველოს მხრიდან იყვნენ ისინი, თავი რომ მოაქვთ პოლიტიკოსებად და მათი სრულიად თავისმომჭრელი ქცევა და ლაპარაკი მახსოვს, რაზეც გაკვირვებულ უცხოელებს შემდეგ უკითხავთ, ესენი ვინ არიან, საიდან მოდიანო.
– ვინ იქცეოდა თავისმომჭრელად უცხოელებთან შეხვედრის დროს?
– არა, არა. ასეთ დროს მე ყოველთვის ვახსენებ არაჩვეულებრივ გამოფენას რუსთაველის გამზირზე, როცა 2009 წელს საკნების გაშალეს. მაშინ ვინ იდგნენ რუსთაველზე. მათი გვარები გახსოვთ?
– როგორ არ მახსოვს. ბევრნი იყვნენ, გაჩეჩილაძეებით რომ დავიწყოთ.
– გაჩეჩილაძეებით დავიწყოთ, უსუფაშვილით და თინა ხიდაშელით, რესპუბლიკელები, ნინო ბურჯანაძე და სალომე ზურაბიშვილი, ალასანია, ბესელია. ბევრნი იყვნენ.
იმ დროიდან ორი რამ მახსოვს. ერთი – მოძრაობა გადაკეტილი იყო. მაშინ პარლამენტის წევრი ვიყავი და პარლამენტში ფეხით მივდიოდი. გზაში ხალხი მელაპარაკებოდა, რისთვის შეიკრიბნენ? უნდათ დაგვარწმუნონ, რომ ამათ ისევ მიხეილ სააკაშვილი და მისი ხალხი სჯობს? ამისთვის შეიკრიბნენ?
სხვათა შორის, სალომე ზურაბიშვილი იყო ერთადერთი, ვინც შემდეგ საჯაროდ აღიარა, ჩვენი მაშინდელი მოქმედება იყო კონტრპროდუქტიული, ამით ჩვენ სააკაშვილს პოლიტიკური არსებობისთვის კიდევ რამდენიმე წელი ვაჩუქეთო.
ამის მოყოლა იმიტომ დავიწყე, მაშინ “თბილისი მერიოტში” ერთგვარი შტაბბინა შეიქმნა. თითქმის ყოველდღე დიპლომატებს ხვდებოდნენ. შემდეგ ამ დიპლომატებს მე ვხვდებოდი, რომლებიც გაოგნებულები მეუბნებოდნენ, ჩვენ გვქონდა იმედი, რაღაც კონსტრუქციული დამოკიდებულება იქნებოდა, ვინაიდან ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს უკეთეს ხელისუფლებას, ვიდრე დღევანდელიაო. როგორც ვხედავთ, ესენი დაკავებული არიან ურთიერთლანძღვა-გინებით, ურთიერთდაპირისპირებით, ე.ი. იბრძვიან პრეზიდენტობისთვის, სააკაშვილი ვის ახსოვსო.
მაშინ დიპლომატები მეუბნებოდნენ, ესენი არიან გამოქვაბულის ქალები და გამოქვაბულის კაცები. ვაი, თქვენი ბრალი, ესენი თუ მოვიდნენ ხელისუფლებაშიო. ხელისუფლებაში მოხვედრისთვის ყველაფერზე მიდიან.
ძირითადი ეს არის. ამ პრინციპით მოქმედებენ ჩვენი ე.წ. პოლიტიკოსები.
გულიკო ბალაძე, ახალი თაობა