პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე საუბრობს.
– ბატონო ვახტანგ, გასაგებია, რომ ახლა “ქართულ ოცნებაში” პრობლემებია, ბიძინა ივანიშვილი ძიების პროცესშია, მაგრამ თქვენ რა ახსნა გაქვთ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე?
– “ქართულ ოცნებაში” რეორგანიზაციის პროცესია, ახალი ჯგუფის გამოკვეთა-ჩამოყალიბება მიმდინარეობს. თუმცა, ივანიშვილს კადრების დეფიციტი, ადამინური დეფიციტი აქვს. მას აქვს ისეთი თანამოაზრეების დეფიციტი, რომლებიც პრობლემატური არ იქნებიან არც მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იქნებიან და არც მაშინ, როდესაც მათი გაშვება მოუწევს. ღარიბაშვილი ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
თავის დროზე, როდესაც ღარიბაშვილს პრემიერის პოსტიდან მოუწია გადადგომა, გახსოვთ, როგორ წავიდა ის თანამდებობიდან, ყოველგვარი ხმაურის გარეშე, მშვიდად. საქმიანობის უმაღლესი კატეგორიის შეფასების მიუხედავად. არც საზოგადოება იყო მასთან დაპირისპირებული, მაგრამ მაინც მოუწია გადადგომა.
როგორც ჩანს, მაშინ რაღაც ისე ვერ დალაგდა. რაღაც არ მოეწონა ივანიშვილს და უთხრა, უნდა გადადგეო და ისიც გადადგა.
ღარიბაშვილის გადადგომა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო. ახლა ივანიშვილს სჭირდება ღარიბაშვილი და უხმობს. ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ სწორედ ასეთი ადამიანი სჭირდება დღეს მას. ასეთი ადამიანები კი გვერდით ბევრი არ ჰყავს.
მეორე: ირაკლი ღარიბაშვილი არის ხისტი პოლიტიკოსი. ახლა, როდესაც ივანიშვილი გუნდის გადაწყობას იწყებს, მას სჭირდება ასეთი ხისტი პოლიტიკოსი არა იმდენად გუნდის შიგნით, არამედ ზოგადად.
კიდევ ერთი მიზეზი: რაღაც ეტაპზე “ქართულ ოცნებაში” რეორგანიზაციის პროცესი დასრულდება და ამას მოებმება სამთავრობო ცვლილებები ახალი სამოქმედო პროგრამით.
ეს სურათი რა შედეგს მოიტანს 2020 წლის არჩევნებისთვის უშუალოდ მმართველი პარტიისთვის, დღეს ამის თქმა რთულია, მაგრამ პოლიტიკური მოზაიკა მმართველ პარტიაში სწორედ ასე უნდა დალაგდეს. ეს ის ნაბაჯებია, რომლებიც უნდა გადაიდგას.
– მეორე ეტაპი მინისტრთა კაბინეტს შეეხება?
– დიახ. ამ პროცესს აუცილებლად უნდა მოებას სამთავრობო ცვლილებები, ისე რეორგანიზაციას რა აზრი აქვს. ამიტომ, მე არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი ეძებდეს ძალიან სანდო და ერთგულ ადამიანს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე, თუ რასაკვირველია, გახარიას გადაადგილებით მინისტრის პოსტი ვაკანტული გახდება.
– ამ ფონზე გახარია შეიძლება პრემიერი გახდეს?
– ჯერ კიდევ არ გამოვრიცხავ. თუმცა, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
– გამოდის, ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს შინაგან საქმეთა მინისტრად აბრუნებს?
– დიახ, სწორედ ასეა. მე მეჩვენება, რომ ეს უფრო ლოგიკური იქნებოდა. ირაკლი ღარიბაშვილი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. მან მიიღო ეს გამოცდილება და არცთუ ურიგო მინისტრი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ეს არ იყო მარტივი საქმე. შეიძლება ითქვას, სისტემა ეჭირა. მე ვთვლი, რომ ის უფრო კარგი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ვიდრე პრემიერი. ქვეყნის პრემიერობა უფრო სხვა მასშტაბს მოითხოვს.
თუ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ვაკანტური გახდა, ივანიშვილს დასჭირდება კონკრეტულად ამ პოსტზე ძალიან სანდო და ერთგული ადამიანი. ამას პლუს ის კრიტერიუმები, რომლებიც მე უკვე ჩამოვთვალე. ამდენად, დღეს ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილზე უკეთესი კადრი “ქართულ ოცნებაში” ივანიშვილს არ ჰყავს. ასევე, შემიძლია გავიხსენო, გახარიამდე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე რა ხდებოდა.
– საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ივანიშვილმა ძველებს მიმართა. ეს საკადრო პოლიტიკა რა გზაზე გაიყვანს ივანიშვილს?
– “ქართულ ოცნებას” ღარიბაშვილის მობრუნება ამომრჩეველს არ დაუბრუნებს, ეს არანაირ გავლენას არ იქონიებს ამომრჩეველზე და “ოცნების” რეიტინგზე, ეს გამორიცხულია. ღარიბაშვილს არც ისეთი გავლენა აქვს პარტიის შიგნით, რომ პარტიული სტრუქტურების დალაგებისთვის დააბრუნა და ეს ვიფიქროთ. თუმცა, არც ივანიშვილს აქვს დიდი არჩევანი.
ივანიშვილს დღეს ძალიან დიდი საკადრო დეფიციტი აქვს. იმ ვითარებაში რაც ამ ეტაპზე “ქართულ ოცნებაშია”, მას სჭირდება სანდო ადამიანები. ასეთები კი არათუ ბევრი არ არის, არამედ შეიძლება სულ ერთ ხელზე ჩამოსათვლელიც არ იყოს. ამიტომ, მე სულ არ მიკვირს, რომ ივანიშვილი ღარიბაშვილს აბრუნებს.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა