საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთომ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია ნეგატიურ კამპანიაზე, ხისტ რიტორიკაზე, ძალადობრივ ინციდენტებზე, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებასა და ცესკოს წევრების გაუმჭვირვალობაზე.
ანგარიშში მოხვდა მთავრობის გადაწყვეტილება საბანკო ვალების ჩამოწერის საკითხზეც, რაც დაკავშირებულია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახელთან. თუმცა, დოკუმენტი იწყება ტექსტით, რომ დარღვევბისა და ინციდენტების მიუხედავად, არჩევნებმა ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
რა გზავნილები იკითხება ეუთოს ანგარიშში, რა ტენდენციები იკვეთება და რა მოლოდინი არსებობს რომში საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ემიგრანტების შეხვედრასთან დაკავშირებით? _ ამ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საუბრობს.
_ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთომ გამოაქვეყნა საბოლოო დასკვნა, რომელშიც პრაქტიკულად ნათქვამია დიპლომატიურ ენაზე, რომ უკან გადადგმული ნაბიჯებია – საუბარია აგრესიულ რიტორიკაზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოქვეყნებაზე, ვალების ჩამოწერაზე. რას ნიშნავს ეს?
_ ეს არის ძალიან ცუდი. მთავარი ის კი არ არის, რა მივიღეთ არჩევნებზე, არამედ ის, თუ რა ტენდენციები იკვეთება. რბილად რომ ვთქვათ, შემაშფოთებელი ტენდენციებია. ეს მხოლოდ არჩევნებს არ ეხება.
ხელისუფლებას უარი არაფერზე არ უთქვამს, რაზეც წინა ხელისუფლებას 2012 წლამდე თავადვე აკრიტიკებდა, რაღაც მიმართულებით გააძლიერა კიდევაც, როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თვალსაზრისით, ასევე ბანკების ვალების ჩამოწერის მხრივაც.
ეს განსაკუთრებით ოდიოზური თემაა. იმიტომ, რომ ეს არათუ საქართველოს ისტორიაში არ მახსენდება, არამედ მსოფლიოს ისტორიაშიც არ გამიგია ასეთი პრეცედენტი. რა თქმა უნდა, მხედველობაში დემოკრატიული სამყარო მყავს.
სურათი შემაშფოთებელია და დეგრადაციის პროცესი გრძელდება. ძალიან ბევრი სახიფათო ტენდენციa დავინახეთ იგივე მართლმსაჯულების მიმართულებით, თუნდაც ბიზნესთან დამოკიდებულებაში. ძალიან ისეთი სურათი გვაქვს… არცთუ სახარბიელო.
_ როდესაც ამას ამბობს ეუთო, ეს რაზე მეტყველებს?
_ ეს იმაზე მეტყველებს, რომ ყვითელი ბარათი გვაჩვენეს. ჩვენი განვითარების ვექტორიდან გამომდინარე დასავლეთი მზად არის, ხელისუფლებას ბევრ რამეზე თვალი დაუხუჭოს, ან რბილი კრიტიკით შემოიფარგლოს. მაგრამ არსებობს წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთითაც იწყება სერიოზული პრობლემები. დღევანდელი ხელისუფლება ამ წითელ ხაზებს ძალიან მიუახლოვდა.
მე გავიხსენებდი სააკაშვილის პერიოდს, მასაც ბევრ რამეს უთმობდნენ და ბევრ რამეზე თვალს ხუჭავდნენ მის მიმართაც, მაგრამ როგორც კი გადაიკვეთა მისი მხრიდან წითელი ხაზი, ძალიან მკაცრად მოექცნენ. დღევანდელი ხელისუფლება იგივე გზას ადგას. სამწუხარო ის არის, რომ ამ ხელისუფლებას უფრო მაღალი ტემპი აქვს აკრეფილი და უფრო უხეში მეთოდებით მოქმედებს. ეს არაკვალიფიციურობის ბრალია.
_ უხეშ მეთოდებში რას გულისხმობთ?
_ არაკვალიფიციურობაა და მას თეთრი ძაფით კერავს. თუ სააკაშვილი ცდილობდა, რომ თავისი ავტოკრატული, ნომენკლატორული აგრესია შეეფუთა რაღაცნაირად და ეშმაკურად გაეკეთებინა, დღევანდელ ხელისუფლებას კვალიფიკაცია არ ჰყოფნის, რომ კარგად შეფუთოს და უხეშად, ძალიან მიამიტად აკეთებს იგივეს.
მას არცერთ მანკიერებაზე უარი არ უთქვამს. ბოლო ორი ელემენტი იყო, სადაც შეიძლებოდა შემობრუნება დაწყებულიყო _ მართლმსაჯულება და ეკონომიკური პროცესი. ამ მიმართულებითაც კატასტროფულად გააუარესა სიტუაცია ხელისუფლებამ პოსტსაარჩევნო ვითარებაში.
თუ ეს ტენდენციები გაგრძელდა, შემდეგი დასკვნა შეიძლება გაცილებით მძიმე იყოს და დიპლომატიურ შეფასებებსაც კი გასცდეს.
_ თვითონ ხელისუფლება ამ ყველაფერს ვერ ხვდება? სირაქლემას პოზიციაში ხომ არ არის?
_ ყველაფერი ერთად არის. ვიღაცა ვერ ხვდება, ვიღაცა ხვდება, მაგრამ სხვა გზა არ აქვს. იმიტომ, რომ სისტემას მძევლად ჰყავს აყვანილი. ვიღაცას თავისი პირადი ინტერესებს უყურებს და ქვა ქვაზე არ დარჩენილას პრინციპით მოქმედებს და საკუთარ ინტერესებს უქვემდებარებს სახელმწიფო ინტერესებს.
ყველას სხვადასხვა პოზიცია აქვს. აქ რაღაც კონსოლიდირებული აზრი არ ჩანს. ძირითადი მასა ვერ ხვდება, მოწყვეტილები არიან რეალობას.
_ დასკვნა იწყება ტექსტით, რომ მეტწილად მშვიდობიანად ჩატარდა. ამ ფრაზით დაიწყებს ალბათ ხელისუფლებაც და ამ აზრს გამოეკიდება.
_ რა თქმა უნდა იტყვის, რომ კარგი არჩევნები ჩავატარეთო. არსებობს ასეთი გამონათქვამი ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდესო. ეს არის ისეთი მშვიდობა, რომლისაც უნდა გეშინოდეს. ასეთი მშვიდობა ომით მთავრდება სამწუხაროდ. თუ სამართალი არ არის, იქ სამართალზე საუბარი უბრალოდ გადაგორების მცდელობაა, ეს ყველაფერი დროებითია.
_ მშვიდობა ახსენეთ, იქნება მშვიდობა იტალიაში? მხედველობაში მაქვს 3 მარტის შეხვედრა, როცა სააკაშვილი ემიგრანტებს უნდა შეხვდეს.
_ იტალიაში ომს არ ველოდები. მთავარია, ხელისუფლებამ იგივე სისულელეები არ აკეთოს, რაც წინა შეხვედრაზე გააკეთა თავისი ტრაგიკომიკური დესანტით. რაში სჭირდება და რას აძლევს ეს, აბსოლუტურად გაუგებარია.
თუმცა, ხელისუფლებას რახან სხვა არგუმენტი არ აქვს, ისევ შეეცდება, რომ მგელი მოდის დაიძახოს კიდევ ერთხელ, რაც არაერთხელ დაუძახიათ სააკაშვილის ნებისმიერ აქტიურობაზე. ხელისუფლებამ უნდა გაიგოს ერთი რამე _ მგელი მოდის, ეს ისტორია მისთვის უკვე დამთავრდა. არავის აღარ ეშინია იმ მგელის. ხელისუფლებაში უფრო ხედავს ამ ქვეყნის უმრავლესობა მგელს, ვიდრე ერთ გაუგებარ კაცში, რომელიც ქალაქიდან ქალაქში გადადის ევროპაში და რაღაც შარაშურს აწყობს.
_ ლიეჟში ცალსახად გამოჩნდა ხელისუფლების კვალი?
_ სავარაუდოდ კი. ახლა მე ფაქტებით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ის კადრები რაც ვნახეთ, სახეზე იფარებდნენ ვიღაცები და კამერებს გაურბოდნენ _ ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ ისინი?! გასაგებია. ორგანიზებული ჯგუფები რაღაცის ჩასაშლელად რომ მიდის, ეს არ ხდება ორგანიზების გარეშე. თუ ხელისუფლების არა, ხელისუფლებასთან დაახლოებული წრეების გაკეთებული მაინც არის.
_ ანუ ფიქრობთ, რომ ყოველ შემთხვევაში ხელისუფლებასთან კომუნიკაცია მაინც ექნებოდათ?
_ რა თქმა უნდა. ჩვენი ელჩები სამწუხაროდ უკვე ასეთი ტიპის დავალებებსაც იღებენ გარკვეულ ქვეყნებში და ხშირად ამით არიან დაკავებულები. ეს იმიტომ, რომ რაღაც საინფორმაციო სურათი შექმნან. რეალურად ამას ხომ არც პოლიტიკური შედეგი აქვს, არც სახელმწიფოებრივი. ქმნიან რაღაც სურათს. ზოგჯერ ამას იყენებენ ნეგატივის გადასაფარად საინფორმაციო ველში. ისევ ამ დიდი შიშის კულტივაციას ცდილობენ საზოგადოებაში.
მაგრამ ეს ისტორია დასრულდა. დროა გაიგონ, რომ მიშასი აღარავის ეშინია. ბევრად სახიფათო ტენდენციები ვითარდება თავად ხელისუფლებაში.
_ ამით უკუშედეგს მიიღებენ?
_ საბოლოოდ კი. რამდენი შეიძლება მიშა მოდის ძახილი?! გადაამლაშეს, ყველას ყელში ამოუვიდა.
_ იმას ვგულისმხობ, რომ ამით პირიქით მსხვერპლის როლში ხომ არ წარმოაჩენენ სააკაშვილს და უფრო მეტ დივიდენდებს ხომ არ მისცემენ მას?
_ არა მგონია. სააკაშვილისთვის ამ საზოგადოებაში დიაგნოზი დასმულია. მას აქვს სერიოზული საყრდენი, მაგრამ კრიტიკულ მასას ის ვერ კრებს. საკმაოდ ჩაკეტილი სისტემაა. ასე, რომ მისი დაზიანება, ან მისი გაქრობა შეუძლებელი ამოცანაა. ამოცანაა ჩვენს საზოგადოებაზე რაღაცნაირად ზემოქმედება და კიდევ ერთხელ მცდელობა „სისხლიან 9 წელზე“ საუბრის. ამას აკეთებს ხელისუფლება, რომელიც ფაქტობრივად გაფორმდა იმ 9 წლიანი მანკიერების სამართალმემკვიდრედ.
არცერთ მანკიერებაზე უარი არ უთქვამს. რაზე თქვა უარი?! _ მოსმენებზე, მაჟორიტარულ არჩევნებზე თუ რაზე?! პირიქით, მურუსიძე დააწინაურა, ანუ სისტემა კი არ დაშალა, არამედ უფრო გააძლიერა. აქედან გამომდინარე ისევ მიშათი ვიღაცის შეშინება უკვე არასერიოზულია.
_ მურუსიძესა და სასამართლოზე ვსაუბრობთ, მაგრამ ასეთივე სურათი ჩანს პროკურატურაშიც, სხვა საგამოძიებო უწყებებშიც.
_ მე კონკრეტულ მურუსიძეს არც ვგულისხმობ. მე ვგულისხმობ მურუსიძეს, როგორც ფენომენს, კრებსით მოვლენად განვიხილავ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მთავარი პრობლემა მურუსიძეა. მეტსაც გეტყვით _ არ ვფიქრობ, რომ სასამართლო სისტემის მთავარი პრობლემა ის არის. მასზე ბევრად უფრო ძლიერი, გავლენიანი და ბევრად უფრო უარესი ფენომენები არიან სასამართლო სისტემაში.
მურუსიძე სიმბოლოდ იქცა და მე მის გვარს ვიყენებ, როგორც კრებსითი მანკიერების სიმბოლოს. მე ამას ვეძახი კოლექტიურ მურუსიძეს. არა იმიტომ, რომ მურუსიძეა ამის მეთაური, არამედ იმიტომ, რომ თავისთავად მანკიერების სიმბოლოდ იქცა.
_ მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, ამიტომ დაგაზუსტებინეთ.
_ კი ბატონო.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა