საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკასა და პარტია „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდა, სადაც მან პოლიტიკური მდივნის თანამდებობა დაიკავა. თუ განცხადებებით ვიმსჯელებთ, საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა პოლიტიკაში მისი დაბრუნება. გაჩნდა შთაბეჭდილება, რომ „ოცნება“ რადიკალიზაციისკენ მიდის.
რა გზავნილები დაინახა ღარიბაშვილის დაბრუნებაში, ჰქონდა თუ არა ექსპრემიერს კახა კალაძესთან დაპირისპირება, რა პასუხი აქვს იმ განცხადებებზე, რომ მიხეილ სააკაშვილს შეეკრა და განიხილავს თუ არა რევოლუციურ სცენარს? _ ამ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე საუბრობს:
_ შეაფასეთ ირაკლი ღარიბაშვილის „ოცნებაში“ დაბრუნება. „რეაქციაში“ გაკეთებული განცხადებებით საკმაოდ ხმაურიანი დაბრუნება გამოუვიდა. რა მოლოდინი გაქვთ? „ოცნება“ კიდევ უფრო რადიკალიზაციისკენ ხომ არ წავა?
_ „ოცნება“ დაბრუნდა 2012 წელს. ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ ეს წარუმატებელი 7 წელიწადი დაგვესიზმრა, შეგვაღვიძებს ახლა ღარიბაშვილის მეშვეობით და აღმოვჩნდებით 2012 წელში. ივანიშვილი ჰგავს ტყეში დაკარგულ ადამიანს, რომელსაც ჰგონია, რომ წინ მიდის, მაგრამ სინამდვილეში დიდ წრეებს არტყამს და ერთი და იგივე ადგილებზე დადის. ღარიბაშვილის ინტერვიუ საერთოდ კატასტროფა იყო. ბევრს არაფერს მოველოდი, მაგრამ ამას ნამდვილად არ მოველოდი. ადამიანი ჰომოფობიური ენით საუბრობდა. რაღაცას აანონსებდა, რეპრესიებს და ა.შ. რეპრესიები აქ თემურ ლენგს არ გამოუვიდა და ღარიბაშვილს როგორ უნდა გამოუვიდეს?! ამიტომ, ეს არის კატასტროფა.
ღარიბაშვილს თავი დავანებოთ. ის არაფერს წარმოადგენს. უბრალოდ იმიტაციას ქმნიან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ღრმა პარანოიაშია. სამედიცინო პარანოიას ვგულისხმობ, პოლიტიკურს კი არა. პარანოიკია ჩვეულებრივი, პლუს სოციოპატი, სძულს საზოგადოება. აბსოლუტური უძალობაა მისი მხრიდან. არანაირი ეფექტური აზროვნება არ აქვს. ეს არის დამთავრებული სიმღერა. ახლა ეს დროისა და ტექნიკის საკითხია, როგორ გავუშვებთ ამ პარანოიკს სახლში, საავადმყოფოში, ან ციხეში. არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სამედიცინო კომისია.
არავითარი არც გადაჭარბებაა, არც უტრირება და არც არაფერი. კაცი პარანოიკად არის ჩამოყალიბებული. ჰგონია, რომ ჩვენ ღარიბაშვილის შეგვეშინდება და ბუჩქებში დავიმალებით. რა უნდა ელაპარაკო, კაცი ჭკუაზე აღარ არის. ღარიბაშვილიც იმ გზას ადგას. რა ილაპარაკა, გაიგეთ?
_ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რადიკალიზაციისკენ აიღებს გეზს ხელისუფლება.
_ გააკეთონ. უფრო მალე მოიტეხავენ კისერს და უფრო მალე დამთავრდებიან. საქართველოში რა რადიკალიზმი უნდა გამოავლინოს ხელისუფლებამ. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები არ იცნობენ ქვეყანას.
_ გადაცემის წამყვანს კი უთხრა, რომ მისი ინტერპრეტაცია იყო, მაგრამ თქვენ არ დაგრჩათ შთაბეჭდილება, რომ როცა ის ბესელია-ფოფხაძე-გოგიჩაიშვილზე საუბრობდა, მათ ნაცმოძრაობასთან აიგივებდა?
_ ძველი ზღაპარი იყო ურფინ ჯუსი და მისი ხის ჯარისკაცები. ბიძინა ამ შემთხვევაში არის ურფინ ჯუსი, ღარიბაშვილი კი მისი ხის ჯარისკაცი. კაცი აბსოლუტურად არაადეკვატურია. ჩვენ შევესწარით ახალი რელიგიური სექტის შექმნას, რომელსაც თავისი ცოცხალი ქრისტე ჰყავთ, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ღარიბაშვილი ამ ჭკუაზეა, ბატონი ბიძინა და ბატონი ბიძინა. კაცი 4 წელია წავიდა პრემიერობიდან, სახლში რომ იჯდა, წიგნი მაინც წაეკითხა რაღაცა.
_ პრემიერობიდან წასვლის პერიოდზე თქვა, რომ კალაძესთან კონფლიქტი არ ჰქონია. თქვენ მაშინ კოალიციაში იყავით. რა ინფორმაცია გაქვთ?
_ რას ლაპარაკობს? როგორ არ ჰქონდათ? ერთმანეთს დასანახავად ვერ იტანდნენ. ეს იცით, როგორ გაგრძელდება? გარეთ ვინმეს კი არ გააგებინებენ, ერთმანეთს ნაჯახებს დაუშვებენ შიგნით. ყოველდღე გვექნება ინფორმაცია, ის გაიქცა, ის კალაძის მხარეს გადმოვიდა. ნიუსები სულ გვექნება, „ოცნებაში“ ბლაგვი ნაჯახებით როგორ დასდევენ ერთმანეთს.
_ ხომ არ გგონიათ, რომ პარტიაში კალაძის გავლენების შესასუსტებლად დააბრუნა ივანიშვილმა ღარიბაშვილი?
_ არ ვიცი. მე უფრო ვჯავრობ, რა ხდება აფხაზეთში, ცხინვალში და რა ხდება ჩვენს სამეზობლოში. კალაძის გავლენებზე მსჯელობისთვის 5 წუთს არ შევიწუხებ თავს. რა გავლენებზეა საუბარი?! არ იქნება ივანიშვილი და არც ეგენი იქნებიან. ფოკუზნიკებივით გაქრებიან.
ჩვენ ზედმეტ ყურადღებას ვაქცევთ ამ თემას. გავლენები ჰქონდათ იოსებ ჯუღაშვილს, უინსტონ ჩერჩილს და ამნაირ ადამიანებს. პარტიაში კალაძის რომელ გავლენაზეა საუბარი?! მომწონს კიდევ სიტყვა „გუნდი“. რა გუნდი, ჩვეულებრივი ნახირი და ბანდაა. მთავარი ბანდიტი არის ბიძინა ივანიშვილი.
_ თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, ივანიშვილს ციხეში ჩასვამდით?
_ მე რატომ უნდა ჩავსვა? ციხეში ქართულმა კანონმდებლობამ უნდა ჩასვას. ისე მიდის საქმე და ისეთი რაღაცები იკვეთება, განსაკუთრებით ხაზარაძის გამოსვლის შემდეგ, რომ ბიძინა ივანიშვილი ტუსაღობის რეალური კანდიდატია.
_ თქვენი განცხადებების გამო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისგან თუ ვინც იყვნენ, მწვავედ კრიტიკა დაიმსახურეთ, როცა თქვით, რომ სააკაშვილი სწორ გზავნილებს აჟღერებს და ა. შ. რა პასუხი გაქვთ?
_ ცივი წყალი დალიონ. სააკაშვილის მომხრეების გაზრდა ჩემი ბრალი კი არ არის, ეს არის მათი გენიალური ბელადის ბიძინა ივანიშვილის ბრალი. არჩევნებს არ ითვლის ეს ხალხი? არითმეტიკა არ უსწავლიათ, თვლა არ იციან?!
250.000-დან 1 მილიონამდე რომ არის უკვე ასული სააკაშვილის მომხრეთა რიცხვი, მე რა შუაში ვარ?! მე რომ გავჩერდე, ეს ასე არ იქნება?! ამიტომ თავიანთ ბელად ბიძინას მიხედონ. პრეტენზიები იქეთ. მოვუწოდებ ივანიშვილის მცირერიცხოვან მომხრეებს.
სოციალურ ქსელებში ჩემს კრიტიკას რაც შეეხება, ამას მოქალაქეები არ აკეთებენ. ამას აკეთებს, ბანდა რომ ჰყავს დაყენებული _ 4 კაცი.
ოთხივეს გადასარევად ვიცნობ მოხარშულს. ისინი რომ ავრცელებენ ჩემზე, რომ აი სააკაშვილს შეეკრა, მიშისტი გახდა და ა. შ. ვინც ბიძინას ჭკუაზე არ ვართ, ყველანი მიშისტები ვართ. ხომ მიიღეს ცეკას დადგენილება, რომ ვინც ივანიშვილს გაამტყუნებს ან გააკრიტიკებს, ის ჩაითვლება მიშისტად. პარტიაში მიღებული აქვთ, რომ ბიძინა არის უბიწო ქალწული.
_ მოჰყვა რაღაც ინსინუაციები, რომ „დემოკრატიული მოძრაობა“ და ნინო ბურჯანაძე თანამშრომლობს მიშასთან, ერთიანდებიან და ა. შ. ამაზე რას იტყვით?
_ თანამშრომლობა იქნება საარჩევნო კანონთან დაკავშირებით. ამ თემაზე, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებთ.
_ პოლიტიკურ ერთობაზე საუბარი არ არის?
_ არა. ზეთი და წყალია, როგორ გამოვა ეს ამბავი. აქ არის საუბარი საერთო თამაშის წესების შეთანხმებაზე, მადლობა ღმერთს, ოპოზიციის უდიდესი ნაწილი ერთიანდება ამ ერთი საკითხის გარშემო. ვინმეს გარშემო კი არა, არამედ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების გარშემო. რამდენიც არ უნდა ისისინონ ივანიშვილის ტროლებმა და ბოტებმა, გამორიცხულია. მათ მოსაზრებას ანგარიში აღარ გაეწევა. მორჩა და გათავდა.
ბიძინა ივანიშვილი რჩება მარტო. ვისაც თავში ტვინი აქვს, დროზე იფიქროს, რომ გადმოხტეს გახვრეტილი ნავიდან.
_ ივანიშვილში ხედავთ სახიფათო პოლიტიკურ ლიდერს, სააკაშვილში აღარ ხედავთ, რომელსაც მრავალი წელი ებრძოდით?
_ დღეს ნომერ პირველი ხიფათი ბიძინა ივანიშვილია. სააკაშვილი არის შორს. სირცხვილი ხომ არაა, როცა გაქცეული, უპასპორტო კაცის ეშინიათ ლომგულ ბიძინას მომხრეებს. შეკითხვა ისმის, რატომ ხდება სააკაშვილის მომხრეების რიცხობრივი ზრდა. რაშია საქმე?! გუბაზ სანიკიძის განცხადებების ბრალია?! ასე ჩამორჩენილები და პრიმიტივები არიან?!
ჩემთვის სასიამოვნოა, ასე ყურადღების ცენტრში რომ ვარ „ოცნების“ აპოლოგეტების და ძალიან მომწონს, ჩემს ბიოგრაფიულ ცნობებს რომ ეცნობიან და გუბაზოლოგიის სპეციალისტები გახდნენ. ჯერ სად არიან. სიურპრიზები წინ აქვთ. იმიტომ, რომ ქვეყანას აქცევს მათი ბელადი. არის სერგო ორჯონიკიძის რეალური ღირსეული კანდიდატურა.
_ ისაუბრეთ საარჩევნო კანონმდებლობის ირგვლივ ოპოზიციის ერთობაზე. როცა ხელისუფლება დათმობაზე წასვლას არ აპირებს, რა რესურსს ხედავთ? ხომ არ გამოიყენებთ ქუჩის აქციებსაც?
_ რევოლუცია ჰქვია ამ რესურსს. ფინალში იქნება რევოლუცია. არ დათმობს ბიძინა? აბსოლუტურად ყველაფერს დათმობს! ეს ისტორიის დაუნდობელი ლოგიკაა. ვინც არ თმობს არაფერს, მას მოუწევს ყველაფრის დათმობა.
_ ანუ თუ დათმობაზე არ წამოვა, ქუჩის აქციებს გეგმავთ?
_ რა თქმა უნდა, თუ ის არ შეცვლის საარჩევნო გარემოს და ჩაატარებს არჩევნებს, სადაც ის გააყალბებს, რა თქმა უნდა, დაპანღურებული იქნება ქართველი ხალხის მიერ. არა მარტო დაპანღურებული, არ არის გამორიცხული, ციხეშიც აღმოჩნდეს.
ძალიან მარტივად არის საქმე, ეს არც უტრირებაა და არც არაფერი. აგერ მე და აგერ თქვენ და აგერ ქართველი ხალხი. ნახავთ, როგორ დაამთავრებს ბიძინა ივანიშვილი. ყველაზე ცუდად დაამთავრებს.
საქართველოში მმართველები საერთოდ ცუდად ამთავრებენ მათთვისაც და ქვეყნისთვისაც, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ყველაზე სავალალოდ დაამთავრებს და აუცილებლად მოუწევს ციხეში წასვლა. ხაზარაძის ამბის შემდეგ „ოცნების“ ლიდერშიპი უკვე ორცხობილებს უნდა აცხობდეს.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა