“ივანიშვილს გახარია პრემიერად არ სჭირდება”

"ივანიშვილს გახარია პრემიერად არ სჭირდება"“ახალი თაობის” კითხვებს “ძალა ერთობაშია”-ს ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე პასუხობს.
– ბატონო მამუკა, მამუკა ხაზარაძესთან ერთად ტვ პირველსაც უტევენ. ეს ყველაფერი რამდენად კავშირშია ერთმანეთთან? გახარია კვლავ ხუმრობის ხასიათზეა, რა ხდება, რა ჩაიფიქრა ივანიშვილმა?
– დღეს მაგიდაზე დადებულია ფსონი 2020 წლის არჩევნებისა. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ 2020 წელს ივანიშვილმა შეინარჩუნოს ძალაუფლება. აქ ლაპარაკი არ არის “ქართულ ოცნებაზე”. აქ საუბარია ივანიშვილის მიერ ხელისუფლების შენარჩუნებაზე. რა კონფიგურაციით მიაღწევს ამას? როგორც ჩანს, ახლა ცდილობს, მოსინჯოს სხვადასხვა ვარიანტი. მე არ მჯერა არც ბესელიასი და არც ძველების, რომლებიც გადიან, ვითომ ნაწყენები და ასე შემდეგ.
– რატომ არ გჯერათ?
– თან გადიან და თან იძახიან, დიდება ივანიშვილსო. ეს იმდენად სამარცხვინო საყურებელია, რომ რა გითხრათ. ძველების და ახლების გუნდებად ყოფს “ქართულ ოცნებას”. გარდა ამისა, ის შეეცდება ზემოქმედებას სხვა ოპოზიციურ პარტიებზეც ფინანსური ბერკეტების საშუალებით. იქნება შანტაჟიც, მათზე, ვიზეც ხელი მიუწვდება. ამაში ჩართული იქნებიან ძალოვანი სტრუქტურები და პირველ რიგში ეს იქნება გახარია, ის არის ივანიშვილის მთავარი საყრდენი.
ყველა ვხედავთ ამ პროცესს. იქ საბანკო სისტემას დაესხნენ თავს, იქ ტელევიზიას ემუქრებიან. მედიას მაქსიმალურად შეავიწროვებენ, ამაში ეჭვი არ მეპარება.
– საშიშია თავისუფალი მედია?
– რა თქმა უნდა. რუსთავი 2 თამაშობს გარკვეულ როლს და საინტერესო როლს თამაშობს ტვ პირველი, იმიტომ რომ ის ხალხი, რომლებიც ერთგვარი “შუაშისტები” არიან, რომლებსაც არც იმედი აინტერესებს და არც რუსთავი 2, უყურებს ტვ პირველს. ტვ პირველი სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება. ძალიან დაბალანსებული ტელევიზიაა კავკასიაც, მაგრამ მას შედარებით ცოტა მაყურებელი ჰყავს და ტვ პირველს ბევრი ჰყავს, სხვადასხვა გარემოებების გამო. რა თქმა უნდა, შეეცდებიან, ტვ პირველი ბოლომდე გაპარსონ.
– რა კავშირშია თიბისი და ტვ პირველი ერთმანეთთან? საუბარია, რომ ამ ტელევიზიის უკან მამუკა ხაზარაძე დგას. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
– ვერ გეტყვით, არ ვიცი. ასევე იძახიან, რომ პალიტრა ჰოლდინგის უკან დგას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. მე არც ეს ვიცი დაზუსტებით. ბევრი რაღაცა შეიძლება თქვან. ეს არ არის ამ სიტუაციაში მთავარი, მთავარია, რას ასხივებს ეს ტელევიზია და რას ვიღებთ ამ ტელევიზიისგან.
ცხადია, რაღაც ნაწილში ის კრიტიკული იქნება ხელისუფლების მიმართ და ამას შეეწინააღმდეგებიან. არჩევნების წინ კაცმა არ იცის, ასეთი დაბალანსებული ტელევიზია როგორ როლს შეასრულებს. შეიძლება ისეთი როლი შეასრულოს, რომ დაანგრიოს არჩევნებში ყველა. ამიტომ წინასწარ თადარიგს იჭერენ.
– რას იტყვით ირაკლი ღარიბაშვილის შემობრუნებაზე?
– მე მივესალმები. ძალიან კარგია, თუ ღარიბაშვილსაც დააბრუნებს და დანარჩენებსაც, ვინც გაუშვა, რომ კიდევ უკეთ დაგვანახოს თავისი სახე. ღარიბაშვილი ერთი პერიოდი მოაშორა გამწვავებული სიტუაციის და დაპირისპირებების გამო.
ღარიბაშვილს კარგი რეიტინგი ჰქონდა მოსახლეობაში. მსმენია, რომ არ არის ცუდი ადამიანი, უბრალოდ მანერა აქვს ღიმილის მომგვრელი. მას გაუფუჭა სახელი მისმა გარემოცვამ და მისმა კლანმა.
როგორც ჩანს, მოაცილა ივანიშვილმა ამ სიტუაციას და ასეთი სიტუაციისთვის შემოინახა, რადგან ასე თუ ისე გაუსვრელია. ივანიშვილი ღარიბაშვილს გამოიყენებს გუნდში სიტუაციის დასალაგებლად, სადაც ივანიშვილს უკვე პრობლემები აქვს. როგორც მე ვიცი, მას პრობლემები არა ძველებთან, არამედ სწორედ ახლებთან აქვს.
– ძალიან გაძლიერდა კალაძე და მისი ფრთა პარლამენტში, ანუ კობახიძის გუნდი და მათ დასაბალანსებლად შემოიყვანა?
– მე არ გამოვრიცხავ, რომ ღარიბაშვილი დააყენონ მთაწმინდაზე მაჟორიტარად. იმიტომ რომ თუ ის შევა პარლამენტში, ის ძალიან ძლიერი ფიგურა გახდება პარლამენტში და ივანიშვილს პრობლემები სწორედ პარლამენტში აქვს. პარტიაში რაღაცნაირად დაალაგებს, ბოლო ბოლო თვითონ არის თავმჯდომარე.
– ანუ კობახიძეს უკვე წყალი აქვს შეყენებული?
– კობახიძეზე ამბობენ, რომ გადაყვანას უპირებენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ. ფაქტია, რომ პარლამენტში “ოცნებას” პრობლემები აქვს. იქ უფრო სჭირდება ღარიბაშვილი, თან გინდა თუ არ გინდა, ყოფილი პრემიერი მაინც სერიოზული ფიგურაა. ძალიან ბევრი რაღაც იცის, თანაც ბევრზე. შესაბამისად, მიიღებს უფრო დაბალანსებულ სიტუაციას.
ყველაფერი ეს კეთდება არა იმიტომ, რომ დაბალანსება მოხდეს “ქართულ ოცნებაში”. არამედ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა რომელიღაც კონფიგურაციით შეინარჩუნოს ხელისუფლება 2020-ში.
იქნება ძალიან ჭრელი კონფიგურაცია. მას ფინანსური ბერკეტებით ექნება ზეგავლენა ბევრ სხვადასხვა გაერთიანებაზე. ეს ყველაფერი კი ხდება ოპოზიციის ძალიან პასიურობის ფონზე.
– ოპოზიცია პასიურიაო, აცხადებთ და გამოუვა ივანიშვილს ხელისუფლების შენარჩუნება? ან ახალი ძალის გამოჩენას ხომ არ ელით? ხაზარაძე ხომ არ წავა ოპოზიციაში?
– მე გამოვრიცხავ ხაზარაძის წასვლას ოპოზიციაში. არ არის ის ასეთი ღია მებრძოლი და პოლიტიკაში საერთოდ არ უნდა შესვლა. ოპოზიციას მართებს მეტი აქტიურობა. ჯერ არ ჩანს ამის სტრუქტურა. ან ეს ხელმოწერების შეგროვება რამდენად გამოუვათ.
ყველა ოპოზიციურ პარტიას უნდა, რომ მაჟორიტარული სისტემა პროპორციულით შეიცვალოს, რადგან ეს სისტემა მორგებულია ხელისუფლებაზე და ყველა სათავისოდ გამოიყენებს, ვინც უნდა მოვიდეს.
– ხელისუფლებაში დაგეგმილ საკადრო ცვლილებეზეც მიდის საუბარი. გაუშვებენ პრემიერ-მინისტრს?
– ივანიშვილის ადგილზე არ გავუშვებდი, იმიტომ, რომ მას არ სჭირდება ზედმეტად გამოხატული ფიგურა ამ პოსტზე. თვითონ რომ წავიდა ამ თანამდებობიდან, მერე ჰყავდა ღარიბაშვილი, მერე კვირიკაშვილი და ახლა ბახტაძეა. არც ერთი არ არის ისეთი ფიგურა, რომ რამით დაემახსოვრებინათ თავი. ეს კაცი ფსონს დებს ისეთ ფიგურებზე, რომლებიც არაფერს წარმოადგენენ.
– გახარია არ აწყობს პრემიერ-მინისტრად?
– გახარია არ სჭირდება, გახარია რომ კიდევ გააძლიეროს, ახალი პოლიტიკური ფიგურა გაჩნდება, რომელიც დღეს იქნება ხვალ თუ ზეგ, აუცილებლად შეუქმნის პრობლემებს ისევ ივანიშვილს და უნდა ახლა ეს ივანიშვილს?!
ბახტაძე არ შეეწინააღმდეგება არაფერში, გახარია კი ასე ადვილი სამართავი არ იქნება. ჯერჯერობით იდეალურად აქვს დალაგებული სიტუაცია.
– ელოდებით მისგან ახალ სვლებს?
– რაღაცეებს შეცვლის, რა თქმა უნდა. ის ამით აჩვენებს მოსახლეობას, რომ მისი გუნდი ცოცხალია, რომ მას ჰყავს კადრები. ამას აუცილებლად გააკეთებს.
– ახლების გაწირვა ხომ არ მოუწევს?
– ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი პოზიცირება მოხდება. ბოლომდე იქნებიან მონები თუ არ იქნებიან. ან დაჭირდება ეს ბატონ ბიძინას წინასაარჩევნოდ თუ არ დაჭირდება. დაჭირვებაში იმას ვგულისხმობ, შეუტევს თუ არა მას ოპოზიცია.
თუ ოპოზიცია პასიური იქნება, არაფრის შეცვლაც არ დაჭირდება. თუ ოპოზიცია გაერთიანდება, მაშინ სხვა მოცემულობა შეიქმნება.
მე უფრო ველოდები გადაჯგუფებას პარლამენტში. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ უმრავლესობას დაშლიან. გამოვლენ ე.წ. ძველი დეპუტატები უმრავლესობიდან და აღმოჩნდება ისე, რომ ისინი უმცირესობაზე მეტნი არიან. ხოლო თუ ამას ღარიბაშვილი დაემატება და ის შექმნის უმცირესობის ფრაქციას, ევროპული საქართველო საერთოდ აღარ იქნება უმცირესობა. ამ შემთხვევაში კი უმცირესობაც და უმრავლესობაც გვეყოლება ბიძინა ივანიშვილისგან მთლიანად მართული.
– ანუ პარლამენტში ელოდებით სიახლეებს?
– აქ უფრო ველოდები პოზიციების გაძლიერებას, ვიდრე მთავრობაში ან პარტიაში. მერე იქ როგორ დაეჯახება მას მოძლიერებული კახა კალაძე, დავინახავთ.
ფაქტია, რომ კალაძე ძალიან გაძლიერდა ფინანსურად მას მერე, რაც ქალაქის მერი გახდა. ის თავს გაცილებით თავისუფლად გრძნობს, ვიდრე სხვები. პარლამენტშიც თავისი დასაყრდენი ჰყავს. ამიტომ ცვლილებებს უფრო პარლამენტში ველოდები.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა