რა გეგმები აქვს თბილისის მერთან დაკავშირებით “ოცნების” ლიდერს, როგორ გადალაგდება ძალები პარლამენტში, რომელ ოპოზიციურ პარტიებთან აპირებს თანამშრომლობას ივანიშვილი? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.
ლადო სადღობელაშვილი:
– ძალიან სარწმუნო წყარომ მომაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კახა კალაძე თბილისის მერის პოსტის დატოვებას აპირებს. ეს ამბავი ივანიშვილს უკვე გადაწყვეტილი აქვს.
– კალაძე საკუთარი სურვილით მიდის თუ ივანიშვილის მოთხოვნით?
– ეს გადაწყვეტილება ივანიშვილმა მიიღო. კალაძე მას დაემორჩილა. ამ მორჩილებისთვის მას “ოცნების” ლიდერმა რამდენიმეთვიანი ვადა მისცა. დარჩენილ თვეებში ის თავის საქმეებს მოაგვარებს და წავა.
– რომ არ წავიდეს? მერე რა, რომ ივანიშვილმა უთხრა, თბილისის მერი არჩევითი თანამდებობაა და ასე იოლი არ უნდა იყოს მისი გაშვება.
– ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, ეს სერიოზული პრობლემა იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში. იმ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი ერთი ადამიანის ნება-სურვილით ხდება. “ოცნების” ლიდერის ნება ასეთია – კალაძე უნდა წავიდეს და ისიც თანახმაა.
– წასვლა რომ გადაიფიქროს?
– გამორიცხულია. ამ შემთხვევაში თბილისის საკრებულო მას იმპიჩმენტს მოუწყობს. თბილისის მერი ერთადერთ შემთხვევაში შეძლებს თანამდებობაზე დარჩენას – თუ ამას მისი ლიდერი მოისურვებს.
მის ლიდერს კი თბილისის მოქმედ მერთან დაკავშირებით სხვა გეგმები აქვს. მას ერთ-ერთ სამინისტროს ჩააბარებენ.
– რომელ სამინისტროს? კალაძეს ყოველთვის უნდოდა შინაგან საქმეთა მინისტროს პოსტის დაკავება. ამაზე ორჯერ გამოთქვა მან პრეტენზია, მაგრამ ერთხელ ივანიშვილმა ამ თანამდებობაზე ღარიბაშვილი დანიშნა, მეორედ გახარია. თუ მართლა დათანხმდა მერობიდან წასვლას, შესაძლოა, ეს თანამდებობა მოითხოვოს.
– ის ივანიშვილს ვერაფერს ვერ მოსთხოვს, კალაძე წავა იქ, სადაც მას ბიძინა ივანიშვილი ეტყვის. ჩემი წყაროს ინფორმაციით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე აპირებს, რომ თბილისის მერს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩააბაროს.
– ხუმრობთ?
– სრული სერიოზულობით გეუბნებით. ამ მომენტისთვის ივანიშვილი ასე ფიქრობს. რამდენიმე თვეში შეიძლება გადაწყვეტილება შეცვალოს. მას გადაწყვეტილებების შეცვლა ახასიათებს. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება ალბათ არ შეიცვლება. კალაძის ქმედებებიდან ეს ნათლად ჩანს.
– რა ქმედებებზე საუბრობთ?
– მე გითხარით თავში, რომ თბილისის მერს წასასვლელად რამდენიმეთვიანი ვადა მისცეს. კალაძემაც დაიწყო მოსამზადებელი სამუშაო და სამშენებლო კოეფიციენტების გაზრდაზე ნებართვების გაცემა სწორედ ამ მიზეზით შეწყდა.
– რა კავშირშია კალაძის წასვლის სამზადისთან სამშენებლო კოეფიციენტების გაზრდა?
– კავშირშია და თან როგორ კავშირში. კახა კალაძემ სამშენებლო ბიზნესის მონოპოლიზირება მოახდინა. დღეს თბილისს რაც აცხოვრებს, ეს არის სამშენებლო ბიზნესი.
კალაძის “პაძელნიკი” არის დეპუტატი ილია წულაია, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელია. ამ კომპანიას ჰყავს პატარ-პატარა შვილობილი კომპანიები. ამათ ხელშია თბილისში მთელი სამშენებლო ბიზნესი.
მთელი სპექტაკლი რომ დადგა მერმა, სამშენებლო კოეფიციენტებს აღარ გავზრდიო, ეს პროცესი უკვე კარგა ხანია შეჩერებულია, უბრალოდ, ახლა ივანიშვილისგან მიიღო ნებართვა და გააოფიციალურა.
ეს გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ მერს და მის “პაძელნიკებს” ჭარბსახლიანობის პრობლემა შეექმნათ.
– რას ნიშნავს ჭარბსახლიანობა აწუხებს?
– იმას, რომ თბილისში ძალიან ბევრი მშენებლობაა და იმაზე მეტი კორპუსია აშენებული, ვიდრე მოთხოვნაა. კალაძე და მისი ხალხი ბინებს ვეღარ ყიდიან. ამიტომაც შეაჩერეს სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდა. ხალხს იძულებულს ხდიან, კალაძის და მისი “პაძელნიკების” აშენებული ბინები იყიდონ.
თბილისის მერის მიერ მონოპოლიზირებული სამშენებლო ბიზნესი გადასულია ამოყიდვის რეჟიმზე.
არც ბინადრობის მიღებასთან დაკავშირებული კანონპროექტია შემთხვევითი. მოგეხსენებათ, რომ უცხოელი საქართველოში ბინადრობის უფლებას მიიღებს, თუ 100.000 ლარის ღირებულების ქონებას შეიძენს.
კალაძის კონტროლირებად სამშენებლო კომპანიას ირანსა და დუბაიში გახსნილი აქვთ წარმომადგენლობები და მათზე ყიდიან ბინებს.
ამოყიდის ამ ბინებს კალაძე და წავა მერობიდან. თუ არ წავა, მერე ბიძინამ იცის, რასაც გააკეთებს. ჩემი აზრით, კალაძე სოფლის მეურნეობის მინისტრობას არ უნდა დათანხმდეს.
– აბა რა უნდა ქნას, ატამანს უნდა აუხირდეს?
– მან შეიძლება პარტია შექმნას. ამაზე დიდი ხანია, მიდის საუბრები. კალაძის პარტიას ოპოზიცია კი ერქმევა, მაგრამ ივანიშვილს არ დაუპირისპირდება
“ოცნებიდან” ბევრი წამოვიდა, მაგრამ ივანიშვილს არავინ უპირისპირდება. ბესელიას შეხედეთ, ყველაფერში პარლამენტის თავმჯდომარეს ადანაშაულებს. სხვებიც მისკენ იშვერენ ხელს.
– ეს მართლა აშკარაა. თქვენი აზრით, კობახიძის დემონიზაცია მიდის?
– ასე გამოდის. კობახიძეს და მის ფლანგს მისცეს მაქსიმალური ძალაუფლება. ეს იმის ნიშანია რომ ამ ადამიანებს ძალიან მალე მოისვრიან. მე ადრეც გითხარით, რომ ეს ასე იქნება და რესპუბლიკური პარტია მოგიყვანეთ მაგალითად, რომელსაც ყველაფრის უფლება მისცეს და მერე ერთიანად მოიშორეს.
ახლა კობახიძეს ასუქებენ, რათა მერე მოიშორონ. 2020 წლის პარლამენტში მას ვეღარ იხილავთ. ის ან საკონსტიტუცოო სასამართლოს მოსამართლე გახდება ან ელჩად გაუშვებენ სადმე, მაგალითად, გერმანიაში.
მომავალ პარლამენტში ვერც სოფო კილაძე და ვანო ზარდიაშვილი მოხვდებიან. ისინი ძალიან გამარგინალდნენ და მათ ბიძინა ახლოს აღარ გაიკარებს.
მამუკა მდინარაძეს და არჩილ თალაკვაძეს უფრო მეტი შანსები აქვთ მომავალ პარლამენტში მოსახვედრად და ალბათ მოხვდებიან კიდევაც.
ახლა ძალიან საინტერესო რამე მოხდა ქართულ პოლიტიკაში – მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური პროექტი ჩავარდა. ხაზარაძის პროექტი იყო კვირიკაშვილი და მისი ფრაქცია პარლამენტში. ამათი საერთო პროექტი იყო ბოკერიას გუნდის გამოყოფა ნაციონალებიდან.
ახლა ხაზარაძე ჩახსნილია იმიტომ, რომ ბიძინამ მისგან იგრძნო სერიოზული საფრთხე. მის გამო ჩაიხსნა კვირიკაშვილი და მისი ფრაქცია. მალე ჩაიხსნება ბოკერიას ფლანგიც.
– რას ნიშნავს ბოკერიას ფლანგი ჩაიხსნება?
– “ევროპული საქართველო” წარმოადგენდა იმავე დროს საპარლამენტო უმცირესობასაც. ეს უმცირესობა ივანიშვილის კურთხევით შეიქმნა. ახლა ეს უმცირესობა საჭირო აღარ არის. “ოცნების” ლიდერს ალტერნატიული უმცირესობა სჭირდება.
ეს ალტერნატიული უმცირესობა იმ ხალხისგან შეიქმნება, რომლებიც “ქართულ ოცნებას” დატოვებენ.
იმისთვის, რომ საპარლამენტო უმცირესობა შეიქმნას, საჭიროა 27 კაცი. “ოცნების” კულუარებში მითხრეს, რომ “ოცნებიდან” შეიძლება ბევრი ადამიანის გამოყვანა ვერ მოხერხდეს. ამიტომ მოხდება ბოკერიების დაშლა. საუბარია მელიაზეც.
– მელიაზე რა საუბარი მიდის?
– შეიძლება მან ნაციონალური მოძრაობა დატოვოს.
– ძალიან მამალი ნაციონალი ჩანს და დატოვებს ვითომ?
– შეიძლება მელია დარჩეს და სხვა ვინმე წავიდეს. ალბათ დაშლის უმცირესობას ივანიშვილი. შარშან ტყუილ;ად კი არ თქვა, ერთი წელი მაცადეთ და ყველაფერს თავის სახელს დავარქმევო. მგონი, ახლა სწორედ ეს პროცესი დაიწყო.
ის “ოცნებიდან” წასულებს თავის ნებაზე მიუშვებს, პარტიებს გააკეთებინებს და 2020 წელს მათთან ერთად შექმნის კოალიციას. ამ კაცს ძალიან უნდა ხელისუფლებაში დარჩენა. სხვანაირად უკვე ხელისუფლებას ვეღარ შეინარჩუნებს.
– ხელისუფლებაში დარჩენა რაში სჭირდება?
– დავალება აქვს შესასრულებელი.
– რა დავალება?
– პუტინს გადაწყვეტილი აქვს საბჭოთა კავშირის აღდგენა და ცდილობს, საქართველო იქ შეათრიოს. იმისთვის, რომ საქართველო ამ ორბიტას დაუბრუნდეს, აქ ანაკლიის პორტი არ უნდა აშენდეს.
ანაკლიის პორტის აშენება საქართველოს ნატოში შესვლის ტოლფასი იქნება. მოსკოვი ამას არ დაუშვებს. ივანიშვილის ხელისუფლებამ ეს პროექტი კრემლის მოთხოვნით გააჩერა.
სხვა ხელისუფლება თუ მოვა, ეს პროექტი გაგრძელდება. ამიტომ ივანიშვილმა რამდენიმე წელი კიდევ უნდა გაქაჩოს ქვეყნის სათავეში ყოფნა, რათა რუსეთმა საბჭოთა კავშირის ფორმირება მოასწროს.
დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას მისცემენ ისეთ ანგარიშგასაწევ ხალხს, როგორებიც არიან ბურჯანაძე და უსუფაშვილი. ისინი აქტიურ პოლიტიკაში ყოფნას იმსახურებენ.
ივანიშვილი მათთანაც ითანამშრომლებს. მისთვის ახლა მთავარია ხელისუფლებაში დარჩენა, მაგრამ ეს ძალადობით არ უნდა გააკეთოს. მას დასავლეთი არჩევნების გაყალბებას აღარ აპატიებს.
– თუ მაინც გააყალბა?
– მაშინ ხალხი “ოცნებას” ნაციონალებთან ერთად პოლიტიკურ სანაგვეზე გაუშვებს. მოსახლეობას ისედაც ყელში ჰყავს ამოსული ეს ორი ძალა და ქუჩაში შეიძლება ნებისმიერი საბაბით გამოვიდეს.
სულ ახლახანს მოხდა სომხეთში პაშინიანის ხავერდოვანი გადატრიალება. ჩვენთანაც იგივე მოხდება.
– ქართველი პაშინიანი რომ არ ჩანს?
– თავიდან არც სომხეთში ჩანდა, მაგრამ გამოჩნდა. აქაც ასე იქნება.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა