ლადო სადღობელაშვილი – “კობახიძე და კალაძე “ქართული ოცნებიდან” მიდიან”

ლადო სადღობელაშვილი - "კობახიძე და კალაძე "ქართული ოცნებიდან" მიდიან"რა არჩევანის წინაშე დგას “ოცნების” ლიდერი, ვინ შემოვა ქართულ პოლიტიკაში არჩევნების წინ, რატომ აქვს ირაკლი კობახიძეს 90-იანი წლების მიმართ ნოსტალგია, – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.
– პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ დღევანდელივით აქტიური პარლამენტი საქართველოს არ ჰყოლია. რაში გამოიხატება აქტიურობა, დეპუტატების დიდ ნაწილს ამომრჩეველი არც კი იცნობს. გასულ კვირას ყველამ ვნახეთ, რომ კანონმდებლებმა ხმის მისაცემი ღილაკების გამოყენებაც კი არ იციან.
– ირაკლი კობახიძის აზრების წაკითხვა ძალიან ძნელია. ამ ახალგაზრდას ძალიან უცნაური შეფასებები აქვს. მართლა არ ვიცი, რას გულისხმობს, როცა ამბობს, რომ საქართველოს ასეთი აქტიური პარლამენტი 90-იანები წლების მერე აღარ ჰყოლია. მისი ოჯახის პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე, კარგად ვხვდები, თუ რატომ არის მისაბაძი მისთვის ის საშინელი პერიოდი.
იმ პერიოდში დედამისი მინისტრის მოადგილე იყო, მამა – პარლამენტის ვიცე-სპიკერი. რა გასაკვირია, რომ ბავშვს მხედრიონი და 90-იანები ენატრება.
– კრიმინალის მატების თვალსაზრისით, ფაქტიურად დაბრუნებულია 90-იანი წლები. არც მხედრიონელების დეფიციტია პოლიტიკაში. “ოცნების” საპარლამენტო გუნდში სულ მცირე სამი მხედრიონელი მაინც არის.
– ასეა, ბევრი მხედრიონელია პარლამენტში და კობახიძეს შეუძლია, წარსულის ნოსტალგია გაიქარწყლოს. ჩემი აზრით, ამ ახალგაზრდას განცხადებებს საერთოდ აღარ უნდა მივაქციოთ ყურადღება. ახლა საქართველოს მაგისთვის არ სცხელა. ქვეყანა ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.
მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველოც დარწმუნდა იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან უჭირს ხელისუფლების დათმობა. ერთია, რა უნდა მას და მეორეა, რას მოითხოვს ხალხს.
დღეს “ოცნების” ლიდერი ორი არჩევანის წინაშე დგას – ის ან უნდა წავიდეს, ან ერდოღანის გზას დაადგეს.
– ერდოღანის გზაში რას გულისხმობთ?
– რას ვგულისხმობ და რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას. ერდოღანმა ძალაუფლება სწორედ მოსკოვის დახმარებით შეინარჩუნა. არ არის გამორიცხული, ივანიშვილმაც ეს გზა აირჩიოს ხელისუფლებაში დასარჩენად. ასეთ შემთხვევაში საქართველო ნატოს და ევროკაშირს უნდა დაემშვიდობოს.
– თქვენი აზრით, ივანიშვილი რომელ გზას აირჩევს – მშვიდობიანად წავა თუ ერდოღანის გზას დაადგება?
– აშკარაა, რომ მას წასვლა უჭირს. სწორედ ამიტომ დააბრუნა უკან ირაკლი ღარიბაშვილი. “ოცნების” ლიდერს იმედი აქვს, რომ არსებულ სიტუაციას ეს ახალგაზრდა კაცი გამოასწორებს.
– ღარიბაშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით სხვა ვერსიაც არსებობს, ამბობენ, რომ ის ბოლოდროინდელი სკანდალების გადასაფარად გამოიყვანეს ასპარეზზე. მოსამართლეების და ხაზარაძის სკანდალმა მმართველი პარტიის იმიჯი სერიოზულად შელახა.
– მოსამართლეების თემამ მმართველი პარტიის რეიტინგი მართლა გაანადგურა, თუ აქამდე მათ მთლიანი ამომრჩევლის 20% უჭერდა მხარს, დღეს ეს მხარდაჭერა განახევრებულია.
ამ განახევრებული რეიტინგის შედეგია, რომ მთაწმინდის შუალედურ არჩევნებზე ლადო კახაძის კანდიდატურა წარადგინეს. “ოცნება” შეეცადა, რომ ყველასთვის მისაღები პიროვნება დაესახელებინა.
– თქვენი აზრით, ის ყველასთვის მისაღები ფიგურაა?
– ეს ადამიანი გინეკოლოგია და, პროფესიიდან გამომდინარე, ახალი სიცოცხლის დაბადებასთან ასოცირდება. კახაძე კი არის დადებითი პერსონა, მაგრამ მისი დასახელება იმაზე მიუთითებს რომ “ქართულ ოცნებაში” კადრების მწვავე დეფიციტია.
ლადო კახაძე ცოტა ხნის წინ პაატა ბურჭულაძის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეს პარტია ამბობდა, რომ ივანიშვილი უნდა შეიცვალოს. ახლა კი ადამიანი, რომელიც ივანიშვილის წასვლას ითხოვდა, ივანიშვილის პარტიამ წარადგინა მაჟორიტარად მთაწმინდაზე.
მმართველი პარტია თავის რიგებს სხვადასხვა პარტიებიდან წამოსულებიდან ავსებს. თავისუფალი დემოკრატები მოქმედმა და ძველმა ხელისუფლებამ შუაზე გაიყვეს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ალასანიას ყოფილი თანაპარტიელები არა ნაციონალებს, არამედ “ევროპულ საქართველოს” შეუერთდნენ.
– ეს რითია საინტერესო?
– “ევროპული საქართველო” ჩვენში ბევრს გულზე არ ეხატება, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ამ პარტიაში არის ხალხი, რომლებსაც ამერიკაში დემოკრატების ერთ-ერთ ფლანგთან დალაგებული აქვთ. ამერიკასთან აქვთ რაღაც კავშირები თავისუფალ დემოკრატებსაც. ამიტომ მოხდა მათი გაერთიანება.
– ამერიკასთან კავშირები მიხეილ სააკაშვილსაც აქვს, თან სერიოზული კავშირები.
– კავშირები როგორ არა აქვს, მაგრამ თავად მიხეილ სააკაშვილია აჭრილი. ხან იძახის, უკრაინაში უნდა წავიდეო. მერე ქართველ ემიგრანტებთან დაიწყო შეხვედრები, მათთან ერთად უნდა დავბრუნდე სახლშიო. მერე უცბად გამოხტა, პარტიის თავმჯდომარეობა აღარ მინდა და ადგილი გრიგოლ ვაშაძისთვის დამითმიაო.
ხელისუფლებაში და ოპოზიციაში მიმდინარე პროცესები აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში არის სრული აჯაფსანდალი.
აქ ისეთი სიტუაციაა, რომ კარტის აჩეხვა საქმეს აღარ უშველის. ძველი, 36 კარტით თამაშიც გამორიცხულია. ახალი “კალოდა” უნდა შემოვიდეს და დარიგდეს. საბოლოოდ ასეც მოხდება.
– ასპარეზზე ახალი “კალოდის” შემომტანი რომ არ ჩანს?
– რაკი მარტის თვეა, მოდით, გავიხსენოთ 2011 წლის მარტი. მაშინ საქართველოში პოლიტიკური პროცესები ჩამკვდარი იყო. ნინო ბურჯანაძე “სახალხო კრებასთან” ერთად ემზადებოდა მაისის აქციებისთვის. ამის პარალელურად აქტიურობდა ირმა ინაშვილის “წინააღმდეგობის მოძრაობა”.
იყო კიდევ საპარლამენტო ცხოვრება. საპარლამენტო ცხოვრებაში ნაციონალებს და გიორგი თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატებს ვგულისხმობ. 2011 წელს პოლიტიკურ ასპარეზზე მეტი არავინ იყო.
იმ დროისთვის აჯაფსანდალიც კი არ იყო. ყველა ელოდა, რას იზამდა ბურჯანაძე მაისში. მან ვერაფერიც ვერ ქნა, მაგრამ სააკაშვილს დააშვებინა სერიოზული შეცდომა, რამაც ხალხის საყოველთაო რისხვა გამოიწვია.
– 2011 წლის 26 მაისის დარბევა გაქვთ მხედველობაში?
– მაგ საშინელებაზე მოგახსენებთ. ამ დარბევიდან რამდენიმე თვეში პოლიტიკაში მოულოდნელად შემოვიდა ბიძინა ივანიშვილი. რამდენიმე თვეში მან კოალიცია “ქართული ოცნება” შექმნა და 2012 წლის არჩევნებზე დაამარცხა ნაციონალური მოძრაობა.
წარსულთან და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მუშაობის სტილთან თუ გავავლებთ პარალელს, აქ აუცილებლად უნდა მოხდეს ისეთი რაღაც, რასაც ხალხი “ოცნებას” აღარ აპატიებს. ამის შემდეგ რუსეთი ან ამერიკა პოლიტიკურ ასპარეზზე შეამოაგდებს ვინმე ფულიან ტიპს. ფულიანს თუ ვერ ნახავენ, ვინმე “დასტოინი” ტიპს მონახავენ და დააფინანსებენ. ის თავის მხრივ გარშემო შემოიკრებს ხალხს და ახალი “კალოდაც” დაიდება პოლიტიკურ თამაშში. ასე გაგრძელება უბრალოდ შეუძლებელია.
– ახალი “კალოდის” შემოსვლის შემთხვევაში ძველი პარტიები თუ შემორჩებიან პოლიტიკურ ველს?
– ნაციონალებმა დაამტკიცეს, რომ საკმაოდ გამძლეები არიან, “ქართული ოცნება” კი მოქალაქეთა კავშირივით გაქრება პოლიტიკური ასპარეზიდან. მე ის მიკვირს, აქამდე როგორ არიან პოლიტიკაში. “ოცნებიდან” ერთი კაცი მაინც დამისახელეთ, რომელიც პოლიტიკოსია.
როგორ შეიძლება მმართველი პარტია გერქვას და ერთი კაციც კი არ გყავდეს ისეთი, რომელსაც მსოფლიოში იცნობენ. “ქართულ ოცნებას” ასეთი პოლიტიკოსი არ ჰყავს. საქართველოში პოლიტიკის გარეშე ისედაც ყველა ყველას იცნობს.
ყოფილი ხელისუფლების მხარდაჭერას ვერავინ დამწამებს, მაგრამ მათ რიგებში იყო ისეთი ხალხი, ვისაც მთელი მსოფლიო იცნობდა. სააკაშვილი და ბოკერია მსოფლიოში წარმოადგენდნენ რაღაცას. იგივე შემიძლია ვთქვა ნინო ბურჯანაძეზე და ცხონებულ ზურაბ ჟვანიაზე.
ესენი ვინ არიან საერთოდ? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 2 წელზე მეტი ხნით პრემიერი არ უჩერდებათ.
– უფრო სწორია თუ ვიტყვით, რომ ივანიშვილი არ აჩერებს 2 წელზე მეტი ხნით.
– არც ეს არის ნორმალური. ის ხომ საერთოდ სიგიჟეა, ეკონომიკის მინისტრი უცბად საგარეო საქმეთა მინისტრი რომ ხდება და მერე მოდის პრემიერად. ასე იყო გიორგი კვირიკაშვილის შემთხვევაში.
– ეკონომიკის მინისტრებს დიდი გასავალი აქვთ – შს მინისტრი რომ გახდე, ეკონომიკის მინისტრადაც უნდა იყო ნამუშევარი.
– მანამდე ბიზნესომბუდსმენობაც უნდა გქონდეს გამოვლილი. რასაც ბოლო 7 წელი ვუყურებთ, ეს არანაირ პოლიტიკურ ჭრილში არ ჯდება და ამიტომაც არის ხალხი გაგიჟებული.
ასეთი ამბები რომ ხდება, მაგიტომაც ვერ ლაგდება ვერც პოლიტიკა და ვერც ბიზნესი. მხოლოდ ის ბიზნესები დალაგდა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის და კახა კალაძის ხელშია.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ვითარებაში ივანიშვილს აქვს ორი გზა, ან ერდოღანიზაციას უნდა დაადგეს, ან სახლში უნდა წავიდეს. რა გზას აირჩევს ეს ადამიანი, ეს ბევრად იქნება დამოკიდებული ირაკლი ღარიბაშვილზე.
ეს უკანასკნელი თუ იაქტიურებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი დარჩენას აპირებს. ჯერჯერობით ღარიბაშვილის აქტიურობა არის ნული.
– ნული რატომ არის, ხომ ხვდება ვიღაცებს?
– კი ბატონო, ხვდება, მაგრამ მისგან უფრო ბევრს ველოდებით. ის ჯერ მხოლოდ ძველ გვარდიას ხვდება, ეს არის და ეს.
– რა უნდა ექნა ღარიბაშვილს ამ მოკლე ხანში?
– თუნდაც შემოეკრიბა “ოცნებაზე” განაწყენებული ხალხი. ის ტყუილად არ ითვლებოდა ოქროს სათადარიგო მოთამაშედ. მისგან ბევრს ელოდა ხალხი.
– გასაგებია, რომ ოქროს სათადარიგო მოთამაშედ ითვლებოდა, მაგრამ მესი ხომ არ არის, რომ ასე უცბად რამე ექნა. ზოგჯერ მესიც ვერაფერს აკეთებს, მაგალითად არგენტინის ნაკრებში.
– “ოცნება” ისეთ დღეშია, რომ მათ ამ ჭაობიდან მესი და რონალდუც ვერ უშველიან. ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენა გარდაუვალია.
– კალაძე ხომ არ იქნება ახალი პოლიტიკური ძალა? რაღაც უცნაურად გაემიჯნა “ოცნებას”.
– კალაძეს დიდი ხანია, რაც “ოცნებიდან” თავი შორს უჭირავს. მას ივანიშვილმა მისცა დრო. ამ პერიოდში გააკეთებს ფულს და მერე წავა პოლიტიკიდან. არა მგონია, მას მესამე ძალა გააკეთებინოს ვინმემ.
კალაძეს ისედაც შერყეული ჰქონდა პოზიციები, მაგრამ ირაკლი თარიბაშვილის დაბრუნების შემდეგ, კიდევ უფრო ჩაიჩოჩა თბილისის მერმა. ყველამ იცის, რომ ღარიბაშვილის შემოსვლით, კალაძე და ირაკლი კობახიძე ჩამოშორდებიან პარტიას.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა