ლევან ხაბეიშვილი – “კალაძეს ერთი სელფის ჯოხი აღარ ყოფნის და ორი ჯოხით უნდა ირბინოს?”

ლევან ხაბეიშვილი - "კალაძეს ერთი სელფის ჯოხი აღარ ყოფნის და ორი ჯოხით უნდა ირბინოს?"იხარეთ თბილისელებო – დედაქალაქის ბიუჯეტო 62 მილიონი ლარით იზრდება. იმისთვის რომ ჩვენზე იზრუნონ, დედაქალაქის მერიამ რამდენიმე ათეული მილიონი კომერციული ბანკებისგან ისესხა, ვალს კალაძის უწყება ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფარავს.
ოპოზიცია მერიის გადაწყვეტილებაზე პროტესტი გამოხატა, მეოცნებეები კი ამტკიცებენ, რომ ამის გაკეთება აუცილებელი იყო.
62 მილიონიანი სესხის აღების აუცილებლობას უმრავლესობა იმით ხსნის, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხის გადმოსარიცხად საჭიროა გარკვეული დრო, რის გამოც, შესაძლოა, ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულება დაგვიანდეს.
როგორც ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა აღნიშნა, 62 მილიონიდან 30 მუნიციპალური განვითარების ფონდში იქნება მიმართული, რომელიც ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტებზე დაიხარჯება.
– ჩვენ წლის დასაწყისშივე დავაანონსეთ, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერი ცოტა მოგვიანებით წამოვიდოდა, შესაბამისად, იმის გამო, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეფერხდეს და ამ წელს მოესწროს, საკრედიტო ხაზი გავხსენით. შესაბამისად, ბიუჯეტი 62 მილიონი ლარით, მილიარდ ლარამდე გავზარდეთ და საკრედიტო ხაზის ხარჯზე დავიწყებთ ტენდერების გამოცხადებას. გზაში დაგვეწევა ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერი, რომლითაც მთლიანად გავსწორდებით. აღებული სესხიდან თანხები მოხმარდება სასწრაფოებს, გზის საფარის რეაბილიტაციასა და კეთილმოწყობის სამუშაოებს, – განაცხადა დავითულიანმა.
ბიუჯეტის ზრდას მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ. მათი თქმით, სესხის ძირითადი ნაწილი ბიუროკრატიასა და მერიის პიარზე დაიხარჯება.
როგორც ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, მაშინ როდესაც დედაქალაქში უამრავი სოციალური პრობლემაა, მთავრობის პრიორიტეტი ამ პრობლემების მოგვარება უნდა იყოს.
– ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობამ იცოდეს, როდესაც დედაქალაქის მერია იღებს ვალს, შემდეგ ამ სესხს რაში ანაწილებს. სესხად აღებული 60 მილიონიდან 3,7 მილიონი ლარი მაგალითად, გადანაწილებულია დანა-ჩანგლის ხმარებას რომ ასწავლიან, იმ სამსახურში. მნიშვნელოვანია, რომ თანხა გამოყოფილია კახა კალაძის პიარისთვის. ალბათ, ერთი “სელფის” ჯოხი არ ყოფნის და ამის შემდეგ ორი “სელფის” ჯოხით უნდა ირბინოს? ამისთვის ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარს გადავიხდით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ბიუჯეტის ცვლილებებით, 1.6 მილიონი ლარი აკლდება ავარიულ კორპუსებს. ახლა ვეკითხები თბილისელებს, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა ოპოზიციამ, როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი ბიუჯეტის ამ ვარიანტს? – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა