ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესებზე, გადაჯგუფებებზე და დაპირისპირებაზე “ახალ თაობას” “ძალა ერთობაშია”-ს ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე ესაუბრება.
– ბატონო მამუკა, მიშა და გრიშა ერთიაო, გითქვამთ და ნათქვამმა ძალიან აღაშფოთა მეგი გოცირიძე. 20 კაცის გამომყვანები არ არიან და თან მიშას გვილანძღავენო. რა ხდება?
– ჩემი აზრით, აქ ეჭვიანობის მომენტი უფროა ნაციონალური მოძრაობის ნაწილის მხრიდან. კიდევ კარგი, იმ ნაციონალურ მოძრაობაში ბევრი ჭკვიანი და საღად მოაზროვნე ადამიანია. მე საერთოდ არ ვაქცევ ამ ერთი პატარა ჯგუფის გამონათქვამებს ყურადღებას. ეს არის ეგზალტირებული ჯგუფი, რომლებიც ასე ცდილობენ ქულების დაწერას. მე ამისთვის არც მცალია და არც მაინტერესებს. ხოლო იმ გამონათქვამებს რაც შეეხება, ვინც მე მიცნობს, ყველამ იცის, რომ ასეთი გამონათქვამი მაქვს, რომ არ მაინტერესებს მიშა, გრიშა თუ პალიკო კინტრაია-მეთქი. ეს არის ჩვეულებრივი ფრაზა, რომელსაც ხშირად ვხმარობ. აქ არაფერი დასაკნინებელი არ არის. გავატაროთ ეს ამბავი და იმ ადამიანების სინდისზე იყოს, ვინც ამისგან აჟიოტაჟი შექმნა. აქ საქმე სხვა რაღაცაშია.
– კერძოდ, რაში?
– მოგახსენებთ. ხელისუფლების მიზანი არის ოპოზიციისა და მთავრობის ბრძოლის დაყვანა და დაკნინება ორი პერსონის დაპირისპირებამდე, მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის. 2012 წლიდან მოყოლებული ეს თემა მუდმივად ძალაშია და მუდმივად არჩევნების წინ ხდება გააქტივება ამ თემის და იქ რამდენჯერმე გაიმარჯვა ხელისუფლებამ.
– სწორედ ამიტომ ხომ არ ჩამოცილდა მიშა პარტიას?
– არა, არ ჩამოცილებულა. წინა არჩევნებმა აჩვენა, რომ მთლიანად ოპოზიციური სპექტრი უპირისპირდება ხელისუფლებას. ხალხში ამან გამოიწვია ძალიან დადებითი ემოციები და ჩვენ მივიღეთ ძალიან ბევრი ხმა იმასთან შედარებით, რასაც ადრე ვიღებდით. ხოლო ის, რომ მიშა და ბიძინა ერთმანეთს ეჭიდავებიან, ეს არის იცით როგორი სისულელე? თანაც ეს ამცირებს ოპოზიციის შესაძლებლობებს. არ შეიძლება აქამდე დავიდეთ.
– ხელისუფლებას უნდა, რომ ასე იყოს?
– დიახ, ამას სწორედ ხელისუფლება ცდილობს. მე ძალიან მახარებს ის, რომ განახლებულ ნაციონალურ მოძრაობაში ერთპიროვნულად აღარ მიიღება გადაწყვეტილებები. ძალიან მიხარია, რომ იქ არის სხვადასხვა ჯგუფები, სხვადასხვა ინტერესები და ხდება ამ ინტერესების შეჯერება.
შემდეგ ამ საკითხების განხილვა და შეჯერება ხდება გაერთიანებულ ოპოზიციაში. ხოლო ის ხალხი, ვინც ისევ იძახის მიშა, მიშა, იძახონ და იყვნენ, რა ვქნა. აქეთ ვიღაცა ბიძინა, ბიძინას იძახის.
სინამდვილეში დაპირისპირება ამ ორ პიროვნებას შორის კი არ არის, ესაა დაპირისპირება ცხოვრების ორ წესს შორის – ქურდული მენტალიტეტის ჯგუფს და მეორე ჯგუფს შორის, რომელსაც უნდა წინსვლა, პროგრესი და განვითარება. აი, ამაშია სხვაობა.
– გააქტიურდა დავით მაღრაძე, საუბარია ლევან ვასაძის გააქტიურებაზე, ასევე ირაკლი ოქრუაშვილზე. ითქვა ისიც, რომ დათო მაღრაძე და მისი გარემოცვაც ბიძინა ივანიშვილის ფრთის ქვეშ არიან. ასეა?
– ხდება სერიოზული გადაჯგუფება ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის. ის ადამიანები, ვინც რეტროგრადები არიან და ქვეყნის უკან დაბრუნება უნდათ, ცალ მხარეს აღმოჩნდებიან. მეორე ბანაკში აღმოჩნდებიან ის ადამიანები, ვისაც უნდა პროგრესი და რაღაცა ცვლილებები და წინსვლა.
ოპოზიცია სწორედ ამ პროგრესის იდეების მატარებელია. მე მივესალმები იმასაც, რომ “ევროპული საქართველო” ახლებურად წარმოჩინდა, იერთებს ახალ პარტიას და ძლიერ და სერიოზულ ბლოკს ქმნის.
ასევე გამიხარდება, თუ გაერთიანებულ ოპოზიციას ვინმე შემოუერთდება. მე რამდენადაც ვიცი, ირაკლი ოქრუაშვილიც სწორედ ამ ოპოზიციურ მიმართულებაზეა და ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ ჩემში მხოლოდ კმაყოფილებას იწვევს. ეს ადამიანები ცდილობენ, რომ წინ წაიყვანონ ეს ქვეყანა.
– დავით მაღრაძეზე რას იტყვით?
– დავით მაღრაძის დამოკიდებულება ბატონი ბიძინას მიმართ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და კიდევ ბევრი რამ ვიცით. მე არ მივიჩნევ, რომ ის რადიკალურად დაუპირისპირდა.
– არ გჯერათ, რომ განუდგა ივანიშვილს?
– არა, არანაირად არ მჯერა. ის ხალხიც, ვინც უმრავლესობაში დაეჯახა, ბიძინას კი არ დაეჯახნენ, ისინი ერთმანეთს დაეჯახნენ შიგნით. არიან ერთმანეთის ლანძღვა-გინებაში, დაცინვაში და ბოლოს მაინც აპელირებენ ბიძინაზე.
ლევან ვასაძე სრულიად სხვა სიტუაციაა, ის ცალკე მდგომი პერსონაა. როგორ მოიქცევა და რას გააკეთებს, ეს ჯერ არ ვიცი.
– დღეს მიდის ბრძოლა მესამე ძალის შესაქმნელად. იქნება მესამე ცენტრი?
– არ იქნება მესამე ძალა, სამწუხაროდ. ძალიან მინდა, რომ იყოს მესამეც და ოცდამესამეც, მაგრამ არ იქნება. არ გამოვიდა. ჩვენ 2013 წლიდან ვცდილობთ ამას, რომ რაღაცნაირად შევქმნათ მესამე ძალა, სინამდვილეში კი ყოველთვის ხდება ორ ბანაკად გაყოფა და ეს ორი ბანაკი ბიძინასი და მიშასი კი არ არის, არამედ ეს არის პროგრესსა და რეტროგრადებს შორის ბრძოლა. ეს არის დასავლური ღირებულებებისა და ქურდული მენტალიტეტის მატარებელი ხალხის ბრძოლა, მეტი არაფერი არ არის.
აქ მესამე ძალა როგორ წარმოიქნება? რა პოზიცია უნდა დაიჭიროს? გინდა თუ არ გინდა, ან ერთ მხარეს უნდა დადგე, ან – მეორე მხარეს.
– ანუ ვერც ვასაძე შეძლებს მესამე ძალის ჩამოყალიბებას?
– მე თავს შევიკავებ ამ ადამიანის შეფასებებისგან. პიროვნულად მე მას ვიცნობ, როგორც ძალიან სერიოზულ, ჭკვიან და საღად მოაზროვნე ადამიანს და რა განცხადებებსაც საჯაროდ აკეთებს, ჩემთვის იმდენად მიუღებელია, რომ ძალიან მიკვირს, ამ განცხადებებს რომ ის აკეთებს.
მე ვასაძეში მესამე ძალის ჩამოყალიბების შესაძლებლობას ვერ ვხედავ. შეიძლება რაღაც განცხადებები გააკეთოს, ჯგუფთან ერთადაც გამოჩნდეს, შესაძლოა, ეკლესიაც ჩაერთოს, მაგრამ სერიოზული არაფერი იქნება. გეტყვით იმასაც, რომ თუ ის გააქტიურდა, ეს ხმებს წაართმევს ბიძინა ივანიშვილის ბანაკს და არა – ოპოზიციას.
– ყურადღებას ამახვილებენ დავით მაღრაძის მიერ დაწყებულ ახალ კამპანიაზე. ძმები გაჩეჩილაძეები და, ასე ვთქვათ, ნაღები საზოგადოება სულ მის გარშემო შემოიკრიბებაო. ეს ისევ ბიძინას ხალხია და მისი ორბიტის გარშემო იტრიალებს?
– ეს არის ხალხი, რომელიც მუდმივად ოპოზიციაში იდგა წინა ხელისუფლების მიმართ. ისინი თვლიან, რომ 2012 წელს მათ გაათავისუფლეს საქართველო სისხლიანი რეჟიმისგან. მე არ ვაიდეალებ წინა ხელისულებას, მაგრამ იმის არაღიარება, რომ მიშას ხელისუფლებამ მიაღწია უზარმაზარ შედეგებს და წარმატებებს, არ შეიძლება.
აი, ეს ხალხი, ვინც მაღრაძის გარშემო იკრიბება, არავითარ შემთხვევაში აქეთ, ანუ ჩვენს მხარეს, არ გადმოვა, ეს გამორიცხული და შეუძლებელია. სადღაც ხომ უნდა დადგნენ?! დადგებიან ისევ ბიძინას მხარეს. აგერ ნახავთ, მათგან იქნება სულ ეს ერთი სლოგანი, მიშა მოდის, მიშა მოდის! აი, ყველაფრის ამ დონემდე დაყვანა უნდათ.
– არც ბიძინა მოგვწონსო, მასაც რომ აკრიტიკებენ?
– ხომ იცით, როგორც ხდება, ბიძინა არ მინდა, მაგრამ მიშა უფრო არ მინდა. ხაზს გაუსვამენ იმას, რომ ხდება ორ ადამიანს შორის პაექრობა.
სინამდვილეში კი ეს ასე არ არის. აქ არის იდეებს შორის ბრძოლა, იდეოლოგიებს შორის ბრძოლა! ვინც ისევ იმ ლოზუნგით გამოვა, რომ მიშა მოდის, მე ამ ხალხის არ მჯერა, ვერ დავიჯერებ, რომ ამ სიტუაციის შეცვლა უნდათ.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა