ოზურგეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის ბაიკერის, მამუკა ნაცვალაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოტოციკლისა და ავტომობილის შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი მიყვანამდე გარდაიცვალა.
როგორც კლინიკა “მედალფას” დირექტორმა დავით მდინარაძემ Ambebi.ge-ს განუცხადა, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 – ე მუხლით მიმდინარეობს.
გარდაცვლილი 25 წლის მამუკა ნაცვალაძეა. იგი კომპანია “სოკარის”, ოზურგეთის ფილიალში მუშაობდა. ნაცვალაძე რამდენიმე თვის წინ დაოჯახდა. ის და მისი მეუღლე პირველ შვილს ელოდებოდნენ.
“შუადღით შესვენებაზე გავიდა და ქუჩაში მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. სავარაუდოდ, ავტომობილის საჭესთან ქალბატონი იჯდა. მამუკას ახალგაზრდა, ფეხმძიმე მეუღლე დარჩა. როდესაც საავადმყოფოში მიიყვანეს მისი ფეხმძიმე მეუღლე ექიმთან კონსულტაციაზე იმყოფებოდა და მისი ქმარი გარდაცვლილი იქ ნახა, მანამდე მომხდარის შესახებ არ იცოდა. ეს არის შოკისმომგვრელი ფაქტი. მისი მდგომარეობა საავადმყოფოში მიყვანამდე უკვე ძალიან მძიმედ იყო. სავარაუდოდ, ავარიის შედეგად მძიმე ტრავმა თავის არეში მიიღო”, – განაცხადეს Ambebi.ge-სთან საუბრისას გარდაცვლილის მეგობრებმა.
ამბები

