ორთაჭალაში მშენებარე კორპუსიდან სამი ადამიანი გადავარდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი მათგანი კლინიკაში გარდაიცვალა. მესამე დაშავებული ამ დროისთვის ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება.
აღნიშნული ფაქტი დღეს დილით მოხდა.
მუშები ორთაჭალაში, ბეჟან კალანდაძის 12 ნომერში მდებარე მშენებარე კორპუსის მაღალ სართულზე გარე ფასადის ღებვით სამუშაოებს აწარმოებდნენ. სამივე მათგანი ხარაჩოზე იმყოფებოდა.
კურიერის ინფორმაციით, გაწყდა ტროსი, რომელზეც ხარაჩო იყო დამაგრებული. ადგილზე 28 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო 53 წლის მამაკაცი კლინიკა ამტელში ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.
კლინიკის დირექტორმა ლაშა მაჭარაშვილმა ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ მამაკაცი კლინიკაში შეყვანიდან 2 საათში გარდაიცვალა. იგი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მდგომარეობა ჰქონდა.
მშენებლობიდან ჩამოვარდნილ კიდევ ერთ მამაკაცს ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის თეონა ხუჭუას თქმით, პაციენტი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„დაზიანებულია თირკმელი, ღვიძლი, სერიოზული ტრავმულ-ჰომორაგიული შოკია. ახლახანს დასრულდა ოპერაცია და პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება“, – განაცხადა ხუჭუამ და დასძინა, რომ პაციენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ.
კომპანია მონოლითი ჯგუფის წარმომადგენლები, რომელიც კორპუსში სამუშაოებს ასრულებდა, ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ, რამდენად იყო დაცული მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

