რატომ ამარაგებს საქართველო აფხაზებს ელექტროენერგიით, რა კითხვის ნიშნები ჩნდება ამ საქმეში, რატომ ემუქრება მოსკოვი ბიძინა ივანიშვილს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია ესაუბრება.
პაატა დავითაია:
– ენგურჰესის მართვის პულტი არის აფხაზების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხოლო იმ ტერიტორიას, სადაც კაშხალია, აკონტროლებს საქართველო. ამიტომ თბილისსა და სოხუმს შორის მოხდა შეთანხმება, რომ აფხაზებს ელექტროენერგიას უფასოდ მივაწვდიდით.
ეს ჩვეულებრივი ამბავია და ამაში პირადად მე ტრაგიკულს არაფერს არ ვხედავ – ენგურჰესმა უნდა იფუნქციონიროს.
სამაგიეროდ, ჩემთვის ამოუხსნელია, თუ რატომ ვახდევინებთ აფხაზეთიდან დევნილებს ელექტროენერგიაში ფულს, როცა აფხაზებს დენს უფასოდ ვაწვდით. აფხაზები ჩვენი მოქალაქეები არიან და დენს ამიტომ ვაწვდით უფასოდ, ეს აბსურდული არგუმენტია. იმ ხალხს ვინც ამ არგუმენტს იშველიებს, მინდა ვკითხო, აფხაზეთიდან დევნილები ჩვენი მოქალაქეები არ არიან თუ რა.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ენგურჰესმა უნდა იფუნქციონიროს და ამიტომ გამართლებულია, აფხაზებს რომ დენს უფასოდ ვაწვდით, მაგრამ აქ სხვა და სერიოზული პრობლემაა.
პრობლემა ისაა, რომ ჩვენ აფხაზებს წელიწადში 500 მილიონ კილოვატსაათს ვაწვდით. ეს რაოდენობა 3 აფხაზეთის გასანათებლად არის საკმარისი.
– აბა რატომ ვაწვდით ამდენ კილოვატსაათს, თანაც უფასოდ?
– მეც ეგ კითხვა მაქვს და ამ კითხვას დიდი ხანია, რაც ვსვამ. ამაზე სააკაშვილის დროს პარლამენტში გამოსვლისასაც ვილაპარაკე. მე მაშინდელ ხელისუფლებას ვკითხე, აფხაზებს ამდენ დენს რომ ვაწვდით, რამე კორუფციას ხომ არ აქვს ადგილი და ისინი ამ დენს ხომ არ ყიდიან.
2012 წლის შემდეგ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება გაიზარდა ორჯერ. აფხაზებს წელიწადში ახლა უკვე 1 მილიარდ კილოვატსაათს ვაწვდით.
– რატომ გაორმაგდა ეს ციფრი?
– 2012 წლის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 28 რუსული სამხედრო ბაზა გაიხსნა.
– 28 რუსული სამხედრო ბაზა გაიხსნა?
– დიახ, 28 სამხედრო ობიექტი გაიხსნა. მხედველობაში მაქვს როგორც სამხედრო ნაწილები, ასევე მათთან არსებული სკოლა, ეკლესია და ა.შ. აი, ამ ობიექტებს მიეწოდება ელექტროენერგია ენგურჰესიდან უწყვეტ რეჟიმში უფასოდ.
აფხაზეთში მაცხოვრებლებს რაც შეეხება, ისინი საქართველოდან უფასოდ მიწოდებულ ელექტროენერგიაში საფასურს იხდიან.
აფხაზეთში ელექტროენერგიასთან დაკავშირებით სულ პრობლემებია. მოსახლეობას ელექტროენერგია არ ყოფნის.
– რატომ არ ყოფნის? ხომ ამბობთ, რომ მიწოდება იმაზე მეტია, ვიდრე ეს აფხაზეთს სჭირდება.
– მიზეზი რამდენიმეა. ეს ელექტროენერგია რუსულ სამხედრო ობიექტებს მიეწოდება და ამის გარდა აფხაზეთის მთავრობა ამ ელექტროენერგიას ყიდის. ამით ისინი აკეთებენ ფულს.
ახლა ენგურჰესზე წყალმა დაიკლო და შეიქმნა პრობლემა. იმისთვის, რომ აფხაზებს დენი მიაწოდონ, საქართველოს მთავრობამ ინტერ-რაოსთან გააფორმა ხელშეკრულება და 43 მილიონი კილოვატსაათი იყიდა, რაც ნახევარი თვის საკმარისი მარაგია და რასაც აფხაზეთს ჩვენ ისედაც ვაძლევთ.
– აბა რისთვის გაფორმდა ეს ხელშეკრულება ინტერ-რაოსთან?
– ეს ხელშეკრულება ეჭვებს ბადებს. ან კორუფციასთან გვაქვს საქმე, ან ფულის გათეთრებასთან. ჩვენ ელექტროენერგია რუსეთიდან იმ მიზეზით ვიყიდეთ, რომ აფხაზებს მივაწოდოთ. ამ დროს აფხაზური პრესა წერს, რომ ჩვენ დენს გვაწვდის რუსეთი და ქართველებს არაფერი მოუციათ. ბუნებრივად იბადება კითხვა, რატომ ამბობენ აფხაზები ასე.
და მეორე, თუ რუსეთს აფხაზებისთვის დენის მიწოდება უნდა, ამას კრასნოდარის მხრიდან მიაწვდის. ჩვენ რა გავაკეთეთ, ინტერ-რაოსგან კი ვიყიდეთ ეს ელექტროენერგია, მაგრამ ის აფხაზეთისთვის მისაწოდებლად ჩრდილოეთ ოსეთიდან შემოვიტანეთ. აქედანაც შემოდის საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები.
– სად ჩრდილოეთ ოსეთი და სად აფხაზეთი.
– საქმეც მაგაშია. აშკარაა, რომ საქმე გვაქვს ან ფულის გათეთრებასთან, ან კორუფციულ გარიგებასთან. შემომტანი კომპანია ფულს აკეთებს.
როგორც ყოფილი გამომძიებელი, გეუბნებით, რომ საქმე გვაქვს კორუფციასთან. ეს გარიგებები მომავალში აუცილებლად გახდება გამოძიების საგანი. ამ საქმეზე ხელის დაფარება არ მოხდება.
– ახლა რატომ არ ხდება ამაზე რეაგირება? ქართულმა სპეცსამსახურებმა არ იციან ამის შესახებ?
– მოდით, ასე ვთქვათ, სად ჰყავს საქართველოს სპეცსამსახურები? საქართველოში ბოლოს როდის ნახეთ სპეცსამსახურების მუშაობა? ის სამსახურები, რომლებსაც სპეცსამსახურები ჰქვიათ, ოპოზიციის დევნით არიან დაკავებული.
ამ თემებზე ხმაური როცა ავტეხე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ. ისინი ამ თემით დაინტერესდნენ და საქართველოს ხელისუფლებასაც მოსთხოვეს პასუხი.
დიპლომატიური კორპუსის კითხვებს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უპასუხეს, ჩვენ არ გვინდა, რომ აფხაზებმა რუსებთან პირდაპირი მოლაპარაკებები აწარმოონო. გესმით, რა სისულელეს ამბობენ? სეპარატისტებს რუსებთან 300 ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული, საბანკო, სამართალდამცავი, საგადასახადო და ჯანდაცვის სისტემა ერთიანი აქვთ და ჩვენი ხელისუფლება ამბობს, რომ არ უნდათ სოხუმმა მოსკოვთან პირდაპირი დიალოგი აწარმოოსო.
– რუსული სამხედრო ბაზების დენით უფასოდ მომარაგებას დავუბრუნდები და ცხინვალის რეგიონში მდებარე რუსულ ბაზებსაც ჩვენ ვამარაგებთ დენით?
– არა, მხოლოდ აფხაზეთში მდებარე ბაზებს ვაწვდით დენს უფასოდ. ესეც ენგურჰესის ფაქტორიდან გამომდინარე.
– მოდით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზეც გკითხავთ. “ოცნების” ლიდერი პარტიაში ძველ კადრებს აბრუნებს. ამას თქვენ როგორ უყურებთ?
– ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, ამ ყველაფერს მე ძალიან მშვიდად ვუყურებ. ღარიბაშვილს, როგორც ოპპონენტს, ისე ვუყურებ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ის ივანიშვილის მთავრობაში ყველაზე ეფექტური პრემიერი იყო.
– დაბრუნება მისი ეფექტურობის გამო მოხდა?
– მოდით, ვთქვათ სიმართლე – დააბრუნა იმიტომ, რომ “ოცნების” ლიდერს კადრები აღარ ჰყავს. მმართველი პარტიის საკადრო სათადარიგო სკამი აღარ არსებობს.
ისიც ვთქვათ, რომ ივანიშვილის სხვა პრემიერებისგან განსხვავებით, ღარიბაშვილი ცდილობდა, რომ მართლა ყოფილიყო მთავრობის მეთაური. დანარჩენები ყურმოჭრილი მონებივით იქცეოდნენ, ეს თავის პოზიციას მაინც აფიქსირებდა.
“ოცნების” ლიდერს ეტყობა უნდა, რომ ცოტა უფრო დამოუკიდებელი ადამიანი იყოს მის გვერდით, რომელსაც რაღაც გამოცდილება აქვს. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ღარიბაშვილმა, წესით, შეცდომები აღარ უნდა დაუშვას.
დაბრუნების შემდეგ მის პირველ ინტერვიუს ყურადღებით ვუსმინე და სიმართლე გითხრათ, არ მომეწონა. მან მხოლოდ პარტიაზე ისაუბრა. არადა ხალხს ძალიან უჭირს და ჯობდა, მას ხალხზე ესაუბრა.
პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბრის ნაცვლად ისევ 9 წელს და ნაციონალებს იხსენებდა.
– ისე ეს ნაციონალები და 9 წელი როდემდე უნდა ვისმინოთ?
– ამაზე საუბარი უნდა შეწყდეს. მოსახლეობაზე ეს აღარ ჭრის. ამიტომ რაღაც უნდა შეცვალონ. დიდი იმედი არ მაქვს, რომ რამეს შეცვლიან, მაგრამ რჩევის მიცემა შემიძლია. ივანიშვილს და ღარიბაშვილს გადარჩენა თუ უნდათ, დემოკრატიული პროცესები უნდა დაიწყონ.
– დემოკრატიული პროცესების დაწყებაში რას გულისხმობთ?
– პირველ რიგში საარჩევნო კოდექსის ცვლილებას. ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთომ კატასტროფული დასკვნა დადო.
სასამართლო სისტემის მშენებლობა თუ ასე გააგრძელეს, ეს სისტემა მათ დამარხავს. ეკონომიკურად ქვეყანა ჩამოშლილია.
ქვეყანაში აპათიაა გამეფებული და ამაზე ღიად უკვე “ოცნების” ფეისები ლაპარაკობენ. ეს თუ არ გამოსწორდა, იქ გინდა ღარიბაშვილი დააბრუნონ და გინდა ვლადიმერ ლენინი.
– ლენინი ახსენეთ და ღარიბაშვილმა თავის პირველ გამოსვლაში ლიდერის თუ ბელადის აუცილებლობაზე ისაუბრა. მართლა გვჭირდება ბელადი?
– ეს არ არის კარგი მესიჯი. უახლესმა ისტორიამ კარგად გვაჩვენა, თუ როგორ სრულდება ბელადომანია.
– ამ ბელადომანიისკენ რატომ გვაქვს მიდრეკილება?
– ბევრს ვიძახით, რომ ევროპელები ვართ, მაგრამ მოდით ვთქვათ სიმართლე და ვაღიაროთ, რომ ნახევრად ვართ მხოლოდ ევროპელები, ნახევრად კი აზიელებად დავრჩით. აზიური აზროვნების ადამიანებისთვის ბელადი საჭიროა.
– თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ ივანიშვილს რუსები ემუქრებიან და რაში გამოიხატება ეს მუქარა. ან რატომ ემუქრებიან?
– შოიგუს განცხადება ივანიშვილის მისამართით იყო პირდაპირი მუქარა და არა ბახტაძის და კობახიძის მისამართით. დარწმუნებული ვარ, შოიგუმ არც კი იცის, ვინ არიან ისინი.
ივანიშვილს ბევრი რამით შეიძლება დაემუქრონ, პირველ რიგში ფინანსების წართმევით.
– რატომ უნდა დაემუქროს რუსეთი მას? ის ხომ ყველა მის დავალებას ასრულებს?
– მე ასე არ ვიტყოდი. ის ცდილობს, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის ბალანსი დაიჭიროს. მან შევარდნაძის ტაქტიკა აირჩია და ამის გამო მას აუცილებლად აგებინებენ პასუხს.
როგორ უსრულებს ივანიშვილი მოსკოვს ყველა დავალებას? ნატოს წვრთნა წვრთნაზე ტარდება. ეს რუსეთის გაღიზიანებას იწვევს. ამიტომაც ემუქრებიან ისინი “ოცნების” ლიდერს.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა