აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი მოსკოვიდან იმართება, თუმცა განუხრელად არ ასრულებს კრემლიდან წამოსულ ყველა ბრძანებას. გარდა ამისა, ხაჯიმბა და მისი გარემოცვა შემჩნეული არიან უუნარობასა და მომხვეჭელობაში.
ამის გამო ოკუპანტი სახელმწიფო დროდადრო ამხელს სოხუმელ ქვეშევდრომებს. მამხილებლების როლში გამოდიან ნაკლებად წონიანი და უცნობი პირები – რუსი ჩინოსნებით დაწყებული, ექსპერტებით დამთავრებული. გამოითქმის ისეთი მოსაზრებაც, რომ რუსეთმა არ უნდა დააფინანსოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ეს ძალიან ძვირი ჯდება, ამის სანაცვლოდ მიღებული დივიდენდები კი უმნიშვნელოა. არსებობენ ისეთი ექსპერტებიც, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთისთვის ფაქტობრივად დაკარგულად თვლიან.
აფხაზეთის შესახებ გავრცელებული მასალები მრავალფეროვანია. იქ არსებულ მძიმე კრიმინოგენულ ვითარებას და ინფრასტრუქტურის არარსებობას ბევრი აღიარებს. გამოქვეყნებულ სტატიებზე სოხუმში, როგორც წესი, ნაკლებად რეაგირებენ.
ამჟამად სხვა სიტუაციაა. მოქმედი დეფაქტო პრეზიდენტი მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაც ემზადება. ამიტომ, ხაჯიმბასთან კრიტიკა მტკივნეულია. მით უმეტეს მაშინ, თუ საეჭვო ხდება აფხაზურ-რუსული ურთიერთობები.
აფხაზეთის შესახებ ინტერნეტ პუბლიკაციებით შეწუხებულმა საოკუპაციო ხელისუფლებამ თავის მართლება წერილობით დაიწყო.
პასუხის გასაცემად ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო შეირჩა.
ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო საგარეო უწყება ირწმუნება, რომ ხშირად საინფორმაციო სივრცეში აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობა გამუქებულია. ხანდახან ინფორმაციის წყარო ქართული, ან მასთან დაახლოებულია. ზოგჯერ ვითარებას ნეიტრალური გამოცემებიც ამახინჯებენ.
სტატიებში ნათქვამია, რომ აფხაზეთის სახელმწიფო მმართველობაში კოლაფსია, აფხაზეთის რეპუტაცია რუსეთში – დანგრეული.
წერილის ავტორები თავს იმართლებენ და აღნიშნავენ, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება. არსებობს გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დიდი პოტენციალი. განუხრელად სრულდება 2014 წლის “ხელშეკრულება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ”. რუსეთთან ფორმდება შეთანხმებები განათლების, ჯანდაცვისა და სხვა მიმართულებით. რუსეთისა და აფხაზეთის პრეზიდენტები რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს.
რაულ ხაჯიმბა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთთან თანამშრომლობას, რომელიც მის საგარეო პოლიტიკაში პრიორიტეტულია. იგი ყველა ღონეს ხმარობს, რათა აფხაზეთი უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი რუსეთსა და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში.
აშკარაა, რომ ხაჯიმბას და მისი უწყებას დასჭირდათ თავის მართლება მოსკოვის წინაშე. მას მარჩენალი სახელმწიფოდან უკმაყოფილების შემცველი გზავნილები მიაწოდეს.
როგორც ჩანს, კრემლი ხაჯიმბას არჩევნებამდე სამი თვით ადრე ან ახალ მოთხოვნას წამოუყენებს, ან შემცვლელს მოუძებნის.
ოკუპირებულ რეგიონში სხვა კანდიდატების დასახელებას არ ჩქარობენ. საზოგადოების ნაწილს არქიმანდრიტ დოროთეს იმედი ჰქონდა. მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას კანონი არ უკრძალავს. დოროთე დბარმა ამ დღეებში პოლიტიკაში ჩართვაზე უარი თქვა და აღნიშნა, რომ სანამ არ გამოჩნდებიან ახალი ფორმაციის ლიდერები, ყველას გადახაზავს.
ხაჯიმბას დასაყრდენი – დეფაქტო საგარეო უწყება – მოსკოვს ერთგულებას ლავროვის სამინისტროს განცხადებების გადამღერებით უმტკიცებს.
ნატოს გენმდივნის თბილისში ვიზიტსა და ნატო-საქართველოს სწავლებებზე ოკუპირებული რეგიონის დიპლომატიურმა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ეს არის გამოწვევა მათი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, თბილისი კი ეჭვის ქვეშ აყენებს მის მიერ დეკლარირებულ მშვიდობისმოყვარეობას.
მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა