რამაზ საყვარელიძე – “ივანიშვილი ჩაიძირება, ამ გუნდის კაპიტნად თუ დარჩა”

რამაზ საყვარელიძე - "ივანიშვილი ჩაიძირება, ამ გუნდის კაპიტნად თუ დარჩა"პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო რამაზ, “ქართულ ოცნებაში” ბოლო დროს მიმდინარე პროცესებს თქვენ რას დაარქმევდით?
– ეს ყველაზე რთული კითხვაა, რაც კი ბოლოს ჩემთვის დაუსვამთ. ვერ გეტყვით, რა პროცესს ვადევნებთ თვალყურს. ერთი კი ფაქტია, ეს პროცესები არ არის კარგი თავად “ქართული ოცნებისთვის”.
ასევე შეუძლებელია, გემის კაპიტანი არ გრძნობდეს, რომ გემი იძირება.
– და თუ გრძნობს, რატომ არ მოქმედებს?
– იქნებ მოქმედებს კიდეც. ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით. კიდევ არის გარკვეული დრო საჭირო, რომ გავიგოთ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე.
მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს არის ერთგვარი სტრატეგია. სტრატეგია, რომელმაც გარკვეულ შედეგზე უნდა გაიყვანოს ბიძინა ივანიშვილი. წინააღმდეგ შემთხვევაში გეტყოდით, რომ საკუთარი ხელით აკეთებს იმას, რასაც მტერი ისურვებდა. ასე პროცესის გაგრძელება არ შეიძლება, რადგან წამგებიანია, სხვა არაფერი. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
– ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტზე საუბრობს ბესელია. ეს რამდენად რეალურია?
– ირაკლი კობახიძემ ვერ მოახერხა ურთიერთგატანის, ერთიანობის, შინაურობის, გუნდურობის პრინციპის დაცვა, რაც არ არის მეორეხარისხოვანი თუნდაც პოლიტიკაში. ის მხოლოდ გარკვეული ჯგუფისთვის აღმოჩნდა მისაღები.
– არის ასეთი ვერსიაც, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ გუნდისგან თავის დახსნას ცდილობს და 2020 წლისთვის უკვე ახალი სახეებით გავა არჩევნებზე. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
– გარკვეული კორექტირებით კი. მე არ გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილი მართლაც თავისუფლდებოდეს გარკვეული ადამიანებისგან, თუნდაც გარკვეული ჯგუფისგან, ის აკვირდებოდეს მოვლენებს და შემდეგ მართლაც მოიყვანოს სრულიად ახალი სახეები, მაგრამ ასევე იმ ახალ სახეებთან ე.წ. ძველი გვარდიაც დაიყენოს გვერდით და ასე გავიდეს 2020 წლის არჩევნებზე.
– ეკა ბესელიამ ერთგვარი ნიშნისმოგებით თქვა, ვნახოთ, სად იქნება 2020 წლის არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილიო.
– ძველებთან თუ ახლებთან?! დიახ, სწორედ ეს მოგახსენეთ. ცხადია, ის ასევე დააკვირდება ე.წ. ძველებს, თუ რას იზამენ ისინი 2020 წლამდე, როგორ გაივლიან ამ პერიოდს, მოიპოვებენ თუ არა ხალხში ნდობას, პოპულარობას და ა.შ. მათ მოუწევთ რაღაცეების დამტკიცება, ჟურნალისტების კითხვებზე პასუხების გაცემა, თან დამაჯერებელი პასუხების გაცემა – რას აკეთებდნენ მაშინ, როდესაც, მაგალითად, მურუსიძე უვადოდ ინიშნებოდა და ა.შ.
ცხადია, ამ ყველაფერს თვალ-ყურს მიადევნებს ივანიშვილიც. შემდეგ თუ დასჭირდა, არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ მათ დაუძახოს.
– და არა კობახიძის გუნდს?
– კობახიძის გუნდმა საპრეზიდენტო არჩევნები წააგებინა. პირველი ტური სწორედ მათ კისერზეა. მეორე ტურში ჩაერთო ბიძინა ივანიშვილი მთელი თავისი რესურსით და უკვე რაც მოხდა და რის ფასად მოიპოვეს გამარჯვება, ეს კარგად არის ცნობილი საზოგადოებისთვის.
შეუძლებელია, ივანიშვილი ვერ გრძნობდეს, რომ თუ ამ გემის კაპიტნად დარჩება, მაშინ ამ გემთან ერთად ჩაიძირება. ამიტომ, მე არ გამოვრიცახვ, რომ ახალი “ქართული ოცნება” გაჩნდეს, სადაც ძველი სახეებიც გამოერევიან. როდესაც მას გაუჭირდა, გახსოვთ, როგორ დაუძახა ე.წ. ძველ გვარდიას.
2020 წლისთვის ივანიშვილი ასე დააყენებს საკითხს: ვინ არის წამგებიანი და ვინ არის მომგებიანი. გაუგებარია, რატომ უნდა გაწიროს თავი ივანიშვილმა ე.წ. ახლებისთვის, თუ ისინი არც ერთ ეტაპზე მომგებიანი არ იქნებიან ივანიშვილისთვის.
მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ გაზაფხულზე ბევრი რამ ნათელი გახდება, ახლა დუღილის პროცესია, გაზაფხული ამ პროცესს უფრო დააღვინებს.
– ისეთი არაფერი ხდება, რაც არ მომხდარა მოქალაქეთა კავშირში, ნაციონალურ მოძრაობაში. პარალელები არის?
– დიახ, გეთანხმებით. პროცესი, რომელიც ახლა მმართველ პარტიაში ვითარდება, მართლაც არ არის ახალი, მას თავისი პრეისტორია აქვს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ზვიად გამსახურდიას პერიოდიდან მოყოლებელი ყველა მმართველი პარტია, რბილად რომ ვთქვა, იყოფოდა. უფრო მკვეთრად თუ ვიტყვი, სამკვდრო-სასიცოცხლოდ უპირისპირდებოდა ერთმანეთს
მაგალითად, მრგვალი მაგიდა სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდა ერთმანეთს. შემდეგ არანაკლები დაპირისპირება იყო მოქალაქეთა კავშირში, რომელიც ორად კი არ გაიყო, მარტივ მამრავლებად დაიშალა და შემდეგ საერთოდ გაქრა.
ნაციონალური მოძრაობა არ გამქრალა, მაგრამ ისიც ორად გაიყო. არადა თავის დროზე ვერავინ იფიქრებდა, იმ მონოლითს თუ რამე დაშლიდა.
იგივე ხდება დღეს “ქართულ ოცნებაში”, მეტი არაფერი. აქ მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რა მოსდით მმართველ პარტიებს, აქ მთავარია, რა ასახვას ჰპოვებს ეს ქვეყანაზე, როგორ იმოქმედებს მის ბედსა და განვითარებაზე.
ყველა გაყოფამ თავისი კვალი დაამჩნია ქვეყანას და ამას ვერ გავექცევით, ეს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიაა. მე ვერ გეტყვით, ამჯერად რა ასახვას ჰპოვებს “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პროცესები ქვეყნის მომავალზე, მაგრამ პარალელები ნამდვილად არსებობს და ამას ვერ წავუვალთ.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა