პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო სოსო, რამდენად რეალური შეიძლება იყოს, რომ ბიძინა ივანიშვილი 2020 წლის არჩევნებზე სხვა სახეებით აპირებს გასვლას?
– თუ არჩევნების მოგება უნდა, მაშინ ასეც უნდა მოიქცეს. ძალიან ბევრი სამუშაო აქვს წინ ბიძინა ივანიშვილს. ახლა ვიღაცეები გამოდიან და ამბობენ: “გუნდი ეშლება”, “სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს”. ამაზე მეცინება. სიმართლე გითხრათ.
ის პროცესი, რომელიც ახლა “ქართულ ოცნებაში” მიდის. ბევრად უფრო ადრე უნდა მომხდარიყო. მე მიკვირს. აქამდე როგორ შეინარჩუნეს ერთობა. შეუძლებელი იყო, რომ ამ ადამიანებს რაიმე ღირებულებითი კავშირი ჰქონოდათ ერთმანეთთან.
ძალიან ლოგიკური იქნებოდა, რომ თავის დროზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნულიყო და ის პროცესი, რაც ახლა გუნდში მიდის, ბევრად უფრო ადრე დაწყებულიყო.
– და ამით რას მოიგებდა ივანიშვილი?
– დროს. ახლა 2020 წლამდე ბევრი დრო არ არის დარჩენილი. ახლა უკვე ის ეტაპია, როდესაც ივანიშვილს ძალიან ბევრი რამის დამტკიცება მოუწევს. თუ ადრე მის სიტყვას დიდი ძალა ჰქონდა, დღეს ასე არ არის, უკვე მას დამტკიცება მოუწევს.
დღეს ჩვენ მოწმენი ვართ გარდამავალი პერიოდის. რა მიმართულებით განვითარდება და რა სახეს მიიღებს ეს პროცესი. ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს.
რაც მოხდა. ბუნებრივია. ასეთი აურზაური საპარლამენტო უმრავლესობაში ჯერ კიდევ 2013-2014, ყველაზე გვიან 2015 წელს უნდა მომხდარიყო.
– და შედეგი რა იქნებოდა?
– მიზნის მიღწევის შემდეგ, რომელიც იყო სააკაშვილისგან განთავისუფლება და არჩევნების მოგება, ივანიშვილი თანამებრძოლებისგან უნდა განთავისუფლებულიყო და ისინი თანამოაზრეებით ჩაენაცვლებინა. თანამებრძოლებში ძალიან ჭრელი ხალხი იყო. პოლიტიკაში ეკლექტიკა მიუღებელია, არ ამართლებს.
– ასეც ხომ მოხდა, წავიდნენ თუ გაუშვეს რესპუბლიკელები, თავისუფალი დემოკრატები, ფორუმი და ა.შ.
– ეს არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო. როგორ განთავისუფლდა. დღესაც კი იქ არიან კონსერვატორები, “სოციალ-დემოკრატები”. პოლიტიკაში რომანტიზმის ხანა თუ დიდხანს გაგრძელდა და ფაქტია, გაგრძელდა, მაშინ ფინალი ის არის, რასაც დღეს ვხედავთ.
– თითქმის ყველა დასავლური საპარლამენტო სახელმწიფო კოალიციებით იმართება.
– სწორი შენიშვნაა, მაგრამ რეალური კოალიციებით და არა იმ კოალიციით, რომელიც ჩვენთან იყო. ეს არ იყო წმინდა წყლის კოალიცია, რომელზეც თქვენ საუბრობთ. დასავლეთში სახელმწიფოები იმ კოალიციებით იმართება, რომლებიც არჩევნების შემდეგ დგება და სადაც გაცხოველებული პოლიტიკური ვაჭრობაა. დიახ, ვაჭრობა იდეებზე, პრინციპებზე, თანამდებობაზე.
– ივანიშვილი აცნობიერებს, რომ თუ ის 10-კაციანი მოსამართლეების სია გავა ან მათ მიერ შედგენილი, მაშინ ეს სერიოზულ პროცესებს გამოიწვევს?
– ძალიან დიდი ალბათობით ეს ხალხი მოსამართლეები გახდებიან. ჩვენი ცხოვრება იმდენად დინამიურია, იმდენად პრობლემებითაა სავსე, რომ შეიძლება ადამიანებმა ცოტა ხმაურის შემდეგ თუ დიდი ხმაურის შემდეგ, მაინც დაივიწყონ.
ივანიშვილმა უკვე ჩააბარა გამოცდა, როგორ უნდა გაიყვანოს თავისი კაცი. ეს გამოცდა მას უკვე აქვს ჩაბარებული ზურაბიშვილის გაყვანით. ამიტომ, მე მაინც მგონია, რომ ეს მოსამართლეები გავლენ.
– მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძვირი დაუჯდეს?
– დიახ, ყველაფრის ფასად. თან როგორც გითხარით შეიძლება ადამიანებმა ცოტა ხნით გააპროტესტონ, იხმაურონ და შემდეგ დაივიწყონ.
ასევე, უნდა გავითვალისწინოთ ერთი რეალობაც – პოლიტიკურ სცენაზე ჯერ ივანიშვილს მისი სერიოზული შემცვლელი, კონკურენტი არ ეგულება და ამიტომაც შეიძლება წავიდეს ამაზე. თუმცა, ერთიც კია, რაც არც ერთმა ჭკვიანმა პოლიტიკოსმა არასდროს არ უნდა დაივიწყოს – დუღილის პროცესი გარკვეულ ტემპერატურას როდესაც მიაღწევს, შემდეგ უკვე ყველამ ვიცით, რაც ხდება. ამიტომ, თუ ხალხმა თავის თავზე აიღო სადავეები, უკვე არც მესამე ძალა არ სჭირდება და არც ლიდერი. მერე უკვე არც მოსყიდვა ჭრის და არც არაფერი. ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან სერიოზული მუშაობა მოუწევს ბიძინა ივანიშვილს, უკვე ასე მარტივად არ არის საქმე.
კიდევ ერთი – ხელისუფლებისთვის შეუსრულებელი დაპირება ისეთი ნაღმია, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად აფეთქდება და თან ჩაიტანს.
ახლა ივანიშვილს და არა “ქართულ ოცნებას”, პარტია საერთოდ არ არის ამ შემთხვევაში მთავარი, ძალიან რთული ეტაპი აქვს. ვნახოთ, როგორ გაივლის ის ამ ეტაპს, რა მანევრს განახორციელებს. იქნება თუ არა მისი ნაბიჯები სწორი.
სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული 2020 წლის შედეგებიც მისთვის.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა