ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ გაავრცელეს. პოლიციამ ერთ-ერთი ახალგაზრდა დააკავა. თუმცა, ისევ უპასუხოა კითხვა, ვინ არის მისი გავრცელების პირველი წყარო.
ჩნდება თუ არა ეჭვი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე და რამდენად დამაჯერებელია გამოძიების პასუხები? _ ამ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე საუბრობს.
_ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებამ უკვე პერმანენტული ხასიათი მიიღო. შეგიძლიათ თქვათ, რომ ამან უკვე პოლიტიკური ანგარიშსწორების სახე მიიღო?
_ ფაქტია, რომ ნებისმიერი მსგავსი ჩანაწერი აქტუალურია ისეთ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც პოლიტიკურ აქტივობაში არიან ჩართულები, ან საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სწორედ მათი დაშანტაჟების თუ შეშინების ან რეპუტაციის, პატივისა და ღირსების შელახვის გამო აქვეყნებენ.
_ საკმაოდ გაიწელა პროცესი გამოძიების მიმართულებით. ეს კიდევ დამატებით ეჭვებს ხომ არ გიჩენთ?
_ მესმის, რომ ასეთი ტიპის საქმეების გამოძიება ადვილი მარტივად არ არის, მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არ არის. აქედან გამომდინარე, ახლა ამაზე საუბარი რთულია. ვიცით, რომ რამდენიმე ადამიანი პასუხისგებაში მიცემულია. ზოგიერთი ადამიანი საეჭვო ბრალდებით, ამასაც პირდაპირ ვიტყვი. მაგრამ ყველაზე მთავარი კითხვაა, ვინ იყო პირველი წყარო, საიდანაც ინფორმაცია გავრცელდა და ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს და ამ შეკითხვას უნდა გაეცეს პასუხი.
_ ეკა ბესელიამ ერთთვიანი ვადა მისცა შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას. საკმარისია ეს იმისთვის, რომ გამოძიებამ ხელშესახები შედეგები დადოს?
_ არ ვიცი. რა არის საკმარისი, რა ეტაპზეა გამოძიება და სხვა დეტალებზე წვდომა ჩვენ არ გვაქვს, ამიტომ ჩემი მხრიდან შეფასებების გაკეთება გამართლებული არ იქნება.
_ როცა კონკრეტული პოლიტიკოსი ერთთვიან ვადას აძლევს, ეს რას ნიშნავს?
_ როცა პოლიტიკოსი აძლევს ვადას, ეს არ არის ჩემი შესაფასებელი საკითხი. პოლიტიკოსს აქვს კონკრეტული დღის წესრიგი. როგორც დაზარალებულს, მას მეტის უფლება აქვს. პოლიტიკოსი აძლევს ვადას, მაგრამ არის თუ არა საკმარისი გამოძიებისთვის, ეს საგამოძიებო პროცესის საზომი არ არის. ჩვენ უნდა შევაფასოთ, ეფექტურია თუ არა გამოძიება და არის თუ არა ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედება, ამისთვის საჭიროა ვიცოდეთ, რა საგამოძიებო ქმედებები ჩაატარა საგამოძიებო უწყებამ.
ჩვენ ამაზე ხელი არ მიგვიწვდება. აქედან გამომდინარე ჩვენ ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმ შედეგით, რომ გავიდა თუ არა გამოძიება პირველ წყაროზე, ეს ამ ეტაპზე დაუდგენელია. მეტი დეტალი ჩვენ ამის შესახებ არ გვაქვს.
_ ეკა ბესელია ივანიშვილს დაემუქრა, რომ თუ კობახიძის ჯგუფს არ გააჩუმებს, ალაპარაკდება. ხომ არ გგონიათ, რომ არა მხოლოდ ამ საქმეზე, არამედ ზოგადად თუ რამე სკანდალური ინფორმაცია აქვს, უნდა ისაუბროს?
_ ვერ გეტყვით. რა ფაქტიც თქვენ ნახეთ და მოისმინეთ, იგივე ვნახე და მოვისმინე მეც. დანარჩენი ვარაუდია. ვარაუდებზე არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან საუბარი. რა შეიძლება იყოს და როგორ შეიძლება იყოს. რა ინფორმაციაზეა საუბარი, ამას ქალბატონ ეკას თავად თუ ჰკითხავთ, ბევრად უკეთესად გიპასუხებთ.
_ ანუ თუ რამე დანაშაული ან მისი ნიშნების შესახებ ინფორმაცია აქვს, ხომ არ მოვიდა დრო, რომ ალაპარაკდეს?
_ თუ რამე არსებობს ახლა კი არა, გუშინ და გუშინწინაც უნდა ალაპარაკებულიყო. თუ რაიმე დანაშაულს ეხება. ეს არის ყველა ადამიანის ვალი, მით უმეტეს პოლიტიკოსის. მათ შორის საზოგადოებას უნდა მიაწოდო ინფორმაცია, თუ იცი, რომ სხვა პოლიტიკოსები გარკვეულწილად ამ საქმიანობაში არიან ჩართულები, მაგრამ დანარჩენი ვარაუდია.
არის ასეთი ინფორმაცია თუ არ არის. აქვს ასეთი ინფორმაცია ქალბატონ ეკა ბესელიას თუ არ აქვს, ამაზე საუბარი მე გამიჭირდება.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა