პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ვახტანგ, ეკა ბესელიას კიდევ გამოუქვეყნეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. გამოძიებას ის ერთთვიან ვადას აძლევს. დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ როგორ ამაზრზენიც არის ამ კადრების გავრცელება, ისეთივე ამაზრზენია მისი გავრცელების სხვისთვის დაბრალება. ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდება?
– მე ვეთანხმები მათიკაშვილს. დიახ, ამაზრზენია ერთი მხრივ ამ კადრების გავრცელება და მეორე მხრივ მისი სხვისთვის დაბრალება, მაგრამ ბატონ მათიკაშვილს ავიწყდება ერთი რამ, სწორედ ის და მისი გუნდი არის პასუხისმგებელი დაადგინოს, ვინ ავრცელებს ამ კადრებს.
თავად ბესელია როდესაც იყო უმრავლესობაში, მაშინაც ვრცელდებოდა სხვადასხვა სახის უკანონო ფარული ჩანაწერები, ეს იქნებოდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები თუ ჰაკიმ ფაშას სახელით გავრცელებული ვიდეოები. მაშინაც და ახლაც ხელისუფლება პასუხისმგებლობას გაურბის. როდესაც ამ პასუხისმგებლობას გაურბის ხელისუფლება, მაშინ გონივრული ეჭვი ჩნდება, რომ ის არის მონაწილე. ან იმდენად უძლურია, რომ არ შეუძლია რაიმე გააკეთოს ამის წინააღმდეგ.
თუ უძლურია, ასეთი ხელისუფალი არავის უნდა, და თუ თავად ავრცელებს, კიდევ უარესი.
რაც შეეხება დაპირისპირებას, ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება და უფრო მწვავე სახეს მიიღებს. ასე მარტივად არ ჩაივლის და არც მხოლოდ ამ ჯგუფით შემოიფარგლება.
– რას გულისხმობთ?
– რაც უფრო მოახლოვდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და სიის დაკომპლექტება დაიწყება, პროცესი მაშინ კიდევ უფრო გამწვავდება. ვინ უნდა დაიხუროს ქუდი და სახლში წავიდეს და ვინ უნდა გააგრძელოს პოლიტიკური ცხოვრება, აი, ეს იქნება მთავარი დაპირისპირების მიზეზი. ის ჯგუფი, ვინც ვერ მოხვდება 2020 წლის სიაში, რა თქმა უნდა, გაემიჯნება “ქართულ ოცნებას”.
იქნება მეორე ნაწილი, რომელიც ახლავე ეცდება, 2020 წლისთვის ადგილი დაიბევოს და ურთიერთობები არც ერთი მიმართულებით არ გააფუჭოს.
– კობახიძის გუნდი იქნება 2020 წლის სიაში? დღეს თითქოს სადავეები მათ ხელშია.
– გამიჭირდება ამის თქმა. ბევრი მათგანი შემდეგი გაჩერებისთვის ბილეთს ალბათ ვერ მიიღებს. მათ უმრავლესობას სიაში ალბათ ვერ ვიხილავთ. თუ ვინმე მიიღებს დარტყმას და ვერ მოხვდება საპარლამენტო სიაში, ეს იქნება ე.წ. კობახიძის გუნდი, დაახლოებით ის ოთხეული, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ.
– მავრის საქმის გამკეთებლები, შემსრულებლები, რომლებიც შემდეგ უკვე ასპარეზზე აღარ ჩანან?
– დიახ, სწორედ ასეა. სწორედ ეს ვიგულისხმე, ისინი დღეს შავ სამუშაოს ასრულებენ, საკუთარ თავზე ღებულობენ დარტყმას, პერსონალურად კობახიძით დაწყებული, ოთხეულს ვგულისხმობ. თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, მერე ისინი უჩინარდებიან. თან, საზოგადოებაში მათდამი არ არის დიდი სიმპათია. ალბათ, უმუშევრები არ დარჩებიან, მაგრამ თუ ვინმე ვერ მოხვდება ახალ საპარლამენტო სიაში, სწორედ ეს გუნდია. დანარჩენი ახალგაზრდების ბირთვი კვლავ იქნება წარმოდგენილი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, სია მკვეთრად იქნება გადახალისებული.
– ეკა ბესელიას კრიტიკა ამ ოთხეულით შემოიფარგლება, ის კვლავ არ ახსენებს ბიძინა ივანიშვილს. ის ბოლომდე არ წვავს ხიდებს?
– ჯერ-ჯერობით ბესელია ივანიშვილის პირდაპირი კრიტიკისგან თავს იკავებს. ტაქტიკურად ეს სწორი სვლაა. იერიში მიაქვს კობახიძის გუნდზე, რომელიც თავად უმრავლესობის უმრავლესობაში არ იმსახურებს მოწონებას, ე.წ. ძველ გვარდიაში. ჯერ-ჯერობით ბესელიას საზოგადოებრივი მხარდაჭერა უფრო მეტი აქვს, ვიდრე კობახიძეს და მის გუნდს. თუ კვლავ გაგრძელდება ბესელიასადმი ასეთი დამოკიდებულება, პირადი კადრების გავრცელება და ა.შ. ბესელია კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს საზოგადოებისგან და ეს ჯგუფი კიდევ უფრო დაშორდება საზოგადოებას.
– როდესაც ბიძინა ივანიშვილი პარტიაში დაბრუნდა, მან ერთ-ერთ მიზეზად პარტიაში არსებული სიტუაცია დაასახელა. მას შემდეგ “ქართული ოცნება” ლამის ჩამოიშალა, მაგრამ ამაზე ივანიშვილს საჯაროდ არაფერი უთქვამს. რატომ?
– მე არ ველოდები, რომ ივანიშვილი ღიად ჩაერიოს. მეტიც, ამ პროცესს ბოლომდე მიუშვებს. გაზაფხულის ბოლომდე მაინც, მისგან პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე არაფერს ველოდები. ალბათ, უფრო ლოგიკური იქნება, ახლა ივანიშვილი ფიქრობდეს, მთავრობის რეორგანიზაცია როგორ მოახდინოს.
პარლამენტში პროცესი, ივანიშვილმა რაც უნდა თქვას, ამის მიუხედავად მაინც გაგრძელდება, როგორც გითხარით, უფრო გამწვავდება. ამას ვერავინ შეაჩერებს და ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა