უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს გაიმართება, ბიულეტენში კი სახელმწიფოს მეთაურობის მსურველი 39 კანდიდატი იქნება წარმოდგენილი. თუმცა, უკვე ახალი გამოკითხვების შედეგად გამოიკვეთა პრეზიდენტობის კანდიდატთა ის ვიწრო წრე, რომლებსაც სხვებთან შედარებით გაცილებით მაღალი შანსი აქვთ.
დღეის მონაცემებით, ლიდერობს ვლადიმერ ზელენსკი, რომლის რეიტინგი 23-25%-ის ფარგლებშია.
ვლადიმერ ზელენსკი 41 წლის კომიკოსი მსახიობია, რომელმაც კომედიური ჟანრის ფილმებში ნაპოლეონისა და უკრაინის პრეზიდენტის როლები შეასრულა. ახლა კი შესაძლოა, ის უკრაინის ნამდვილი პრეზიდენტი გახდეს და ეს
ხუმრობა სულაც არ არის, რადგან წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა გამოკითხვების შედეგად, ის პირველ ადგილს იკავებს.
კანდიდატს იურიდიული განათლება აქვს, თუმცა ამ პროფესიით არც ერთი დღე არ უმუშავია. მონაწილეობდა იუმორისტულ კონკურს КВН-ში.
მოგვიანებით კი საკუთარი სტუდია შექმნა, რომელიც იუმორისტულ შოუებს უშვებდა. ამბობს, რომ პრეზიდენტად კენჭს მხოლოდ ერთი ვადით იყრის. მიიჩნევს, რომ უკრაინის საზოგადოებამ ხელისუფლებას დავალებები რეფერენდუმის გზით უნდა მისცეს. მიზნად ისახავს, რომ უკრაინა გახდეს მსოფლიო ეკოლოგიური სასურსათო სუპერმარკეტი.
ამ არჩევნებში მას ახალი, პოლიტიკურად შეულახავი იმიჯი ეხმარება. თუმცა ხელს არასაკმარისი პოლიტიკური გამოცდილება და რუსეთში არსებულ ბიზნესზე მოსიარულე ჭორები უშლის.
ამბები

