“ახალი თაობის” კითხვებს ალეკო ელისაშვილი პასუხობს.
– ალეკო, საზოგადოება შეშფოთებას ვერ მალავს ქვეყანაში გაზრდილი კრიმინალის გამო. რატომ იმატა ქვეყანაში კრიმინალმა, სოციალური ფონია ძალიან მძიმე თუ დაუსჯელობის სინდრომი?
– დიახ, სოციალური ფონია ძალიან მძიმე და ამის გამოა ეს ყველაფერი. 90-იანებში ბოლომდე არ ვართ, ქუჩებში საძმოები არ დარბიან და ავტომატებს არ აკაკანებენ, როგორც მაშინ, მაგრამ ვუახლოვდებით ამ ყველაფერს. ხან ბანკებში შერბიან და აყაჩაღებენ და ხან რა და ხან რა.
ასეთ გაჭირვებულ ქვეყანაში რომ ყველაზე წარმატებულ ბიზნესად კაზინო და ტოტალიზატორი იქნება, ეს ნორმალურია?! აქაც გაჭირვების ამბავია, ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ 10 ლარად გახდებიან მილიონერები და მერე იქ ვალებს იკიდებენ, ზოგი თავს იკლავს და ზოგიც სხვას კლავს.
ძალიან მძიმე დღეშია ეს ქვეყანა, ძალიან მძიმეში! და, რაც მთავარია, პატრონი არ ჩანს.
– რამდენად ადექვატური რეაგირება აქვს ხელისუფლებას ამ ყველაფერზე, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში?
– ადექვატური კი არა, ზოგიერთი აბსოლუტური იდიოტია! პირდაპირ ვიტყვი, რომ ეკონომიკის მინისტრი ერთმნიშვნელოვნად იდიოტია! კაცს სახლი გაუქურდეს, გამოდის და ამბობს, ეს ჩემი პირადი ცხოვრებააო. რას ქვია პირადი ცხოვრება? რაც მოხდა, ამას ქვია კრიმინალი! ეს კაცი ვერც იმას ხვდება, პირადი ცხოვრება რას ნიშნავს და კრიმინალი რას ნიშნავს. ასეთ კაცს საერთოდ თანამდებობაზე რა უნდა, თანაც ეკონომიკის მინისტრად?!
სადაც მინისტრებს და დეპუტატებს ასე უძარცვავენ სახლებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ყველა ზღვარს გადასცდა კრიმინალის ზრდა და ეს ელემენტარული რომ არ იცის, ასეთ კაცს რა უნდა თანამდებობაზე?!
– კრიმინალი ხდება, მაგრამ მალე იხსნებაო, აცხადებენ სამართალდამცავები.
– იცით, ძალიან მაინტერესებს, გახსნა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მაგალითად, მეორე ტურში რომ ყრიდნენ საარჩევნო უბნებზე ვიღაც დედაკაცები ბიულეტენებს. სახეები რომ ჩანდა, საარჩევნო უბნები რომ იყო მითითებული, მერე რომ იდგნენ და თავს იწონებდნენ, რეკორდული მაჩვენებელი ჩავყარეო ბიულეტინებისო, რეკორდულად გავაყალბეო. ეს ადამიანები თუ დასაჯეს და ეს საქმე თუ გამოიძიეს, ძალიან მაინტერესებს.
ან რუსთაველის 12 ნომერში რომ ჰაკერების ჯგუფი ყოფილა მოკალათებული, რომელიც ქვეყნის ყველაზე გამართულ ბანკს უტევს და ამის გამოძიებას რომ თვეების განმავლობაში აჭიანურებ, ამას რა ქვია საერთოდ?! ეს ბანკი მარტო ხაზარაძე ხომ არ არის, არა? შეტევა რომ ხორციელდებოდა თიბისი ბანკზე, ამით პრობლემა ჰქონდა ძალიან ბევრ ადამიანს. ეს რატომ არ გამოიძიეს?! რას იძიებენ ერთი, თალაკვაძის სახლი ვინც გაქურდა, მარტო ამას იძიებენ?!
– შერჩევითი სამართალია?
– შერჩევითია, აბა რა არის. როგორც სააკაშვილს ჰქონდა თავის თავზე და თავის ინტერესებზე სამართალი მორგებული, ისე აქვთ ზუსტად ამათ. რა, ფარცხალაძე რაიმესთვის დასაჯეს? სარდაფში რომ ხალხს მიათრევდა, უტყაპუნებდა და ან ამხელა აუდიტორ კაცს რომ თავს დაესხა და ურტყა, ეს საქმე გამოიძიეს და დასაჯეს ფარცხალაძე?!
– რა გამოსავალია ამ სიტუაციიდან?
– უნდა მოვინდომოთ ყველამ, ვისთვისაც ეს ქვეყანა სულ ერთი არ არის და “ქართული ოცნება” ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ.
ახლა სერიოზული გამოწვევა იქნება შუალედური არჩევნები. აქ უნდა ვივარგოთ ყველამ და “ქართულ ოცნებას” დავანახოთ ჩვენი ძალა. აქაც მეორე ტურივით მარტო მიშა და ბიძინა ხომ არ არის, ბევრმა შიშის გამო რომ მისცა “ოცნებას” ხმა. ჩვენც წარვადგინეთ ჩვენი კანდიდატი, ლევან იოსელიანი და ბოლომდე ვიბრძოლებთ, არავის არაფერს დავუთმობთ. არ შეიძლება, რომ “ქართულმა ოცნება” გაიმარჯვოს.
– შუალედური არჩევნები გენერალური რეპეტიცია იქნება 2020-ისთვის?
– ნამდვილად ასე იქნება. 2020 წელი უნდა იყოს წითელი ბარათი ამ ხელისუფლებისთვის.
– დასავლეთიდან მოდის სიგნალები, რომ ივანიშვილმა უნდა გადააბაროს ხელისუფლება, რომ მის შემცვლელს ეძებენ და ასე შემდეგ. ხედავთ ამ პროცესს, რომ “ოცნება” ხელისუფლების გადაბარებისთვის ემზადებოდეს?
– არც ერთი ხელისუფლება წასასვლელად არ ემზადება, ჩვენ უნდა მივეშველოთ. იმედი მაქვს, რომ ეს არჩევნების ნორმალურად ჩატარების გზით მოხდება და თუ არ მოხდება, მაშინ სხვა რამისთვისაც მზად ვართ. ცხადია, ესენი ასე იოლად არ წავლენ.
– რამდენად გამწვავდება ვითარება?
– ეს მთლიანად მათზეა დამოკიდებული. ჭკუა თუ ეყოფათ, უნდა დათმონ ხელისუფლება, არ ეყოფათ ჭკუა და ხალხი ისეა გაღიზიანებული, ქუჩის აქციებით ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას.
– ოპოზიციაც საკმაოდ ჭრელია, შეძლებს მობილიზებას 2020-თვის?
– სხვების მაგივრად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე შეჯერება ალბათ მოხდება. ბევრ პარტიას ერთმანეთი გულზე არ გვეხატება, მაგრამ მაინც ვაგროვებთ ხელმოწერებს მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით.
ყველა მიხვდა და შეთანხმდა, რომ თუ ეს არ გაკეთდა, ისე არაფერი გამოვა. ეს არის ქვეყნის პრობლემა, არ შეიძლება, რომ წურბელა, მაფიოზი მაჟორიტარები ესხდნენ ამ რაიონებს თავზე და თან იყვნენ კოჭის გამგორებლები ხელისუფლებისთვის. ასეთ საკითხებზე კოორდინაცია, მე ვფიქრობ, იქნება.
– არც იმას გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებამ ვადამდელი არჩევნები შემოაგდოს, ამისთვის თუ ხართ მზად?
– ვადამდელი არჩევნები ყველაზე მეტად სწორედ რომ ხელისუფლებას აწყობს. თუმცა ოპოზიციაშიც ვინც წელგამართულია, ისინიც გადაწყობას მოახერხებენ.
ზოგადად ვადამდელი არჩევნები ქვეყნისთვის კარგი იქნებოდა. თავისუფალ ვარდნაშია ეს ქვეყანა, ხალხის მოთმინება ჩადის, ჩადის და ბოლოს გაწყდება და იფეთქებს. როდესაც ასეთი სიტუაციაა, ყოველთვის ინიშნება ხოლმე ვადამდელი არჩევნები სიტუაციის განმუხტვის მიზნით, თუმცა არ ვიცი, ვნახოთ.
ჩვენ ყველანაირ სცენარზე ვფიქრობთ. ივანიშვილს ტაქტიკური გამარჯვებების მიღწევა შეუძლია მხოლოდ მოკლევადიანად. გრძელვადიანად ისიც ხვდება ალბათ, რომ მისმა მატარებელმა ჩაიარა და მას მოუწევს წასვლა. დღეს იქნება, ხვალ თუ ერთი წლის მერე, ის აუცილებლად წავა.
წავიდა ბიძინა შენი მატარებელი, უკვე ჩაიარა! მას ჰქონდა არანორმალური შანსი, რომ ეს ქვეყანა ფეხზე დაეყენებინა, არ ვიცი, ასეთი შანსი კიდევ ვის მიეცემა, მაგრამ ამ კაცმა ყველაფერი ჩააფლავა და ყველაფერი ჩარეცხა უნიტაზში! ის განწირულია წასვლისთვის!
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა