ამომრჩეველთა ხმების 94%-ის დათვლის შედეგებით, ისრაელის პარლამენტში პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ და ცენტრისტული ბლოკი „კახოლ-ლავანი“ 35-35 მანდატს იღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის სახელმწიფო რადიო Kan ავრცელებს.
მემარჯვენე ბლოკში, რომელსაც ბენიამინ ნეთანიაჰუ გაუძღვება, შევლენ რელიგიური პარტიები „შასი“ და „ტორას ებრაელობა“, რომლებმაც პარლამენტში 8-8 მანდატი მიიღეს, ავიგდორ ლიბერმანის პარტია (5 მანდატი), ასევე მემარჯვენე ცენტრისტული პარტია „კულანუ“ (4 მანდატი). საერთო ჯამში მემარჯვენე ბლოკი 65 მანდატს მიიღებს, რაც ბენიამინ ნეთანიაჰუს საშუალებას აძლევს კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბოს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები მემარჯვენე ბლოკის პარტიებთან მთავრობის ფორმირების შესახებ.
არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ ისრაელის პრეზიდენტი რეუვენ რივლინი პარლამენტში არჩეულ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ ერთ-ერთ დეპუტატს ახალი მთავრობის ფორმირებას დაავალებს.
პრემიერ-მინისტრობის პრეტენდენტს 42 დღე ეძლევა მთავრობის ფორმირებისთვის.
იპნ

