საქართველოს ხელისუფლების გაუაზრებელმა ქმედებებმა რუსი ოკუპანტების საყმოს ცხინვალში სალაპარაკო გაუჩინა. პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ოსური დიპლომატიის მამამ – დიმიტრი მედოევმა ისტერიკები მოაწყო.
მან საქართველოს ხელისუფლება ლამის ქისტების გენოციდში დაადანაშაულა და 21 აპრილს განვითარებული მოვლენები გასული საუკუნის 90-იან წლებში განვითარებულ მოვლენებს შეადარა.
მისი თქმით, საქართველოს ყველა ხელისუფლება ნაციონალისტური განწყობისაა და ისინი ასეთი ლოზუნგით მოქმედებენ – საქართველო მხოლოდ ქართველებისთვის.
არადა ჩვენს ხელისუფლებებს ყველაფერი შეიძლება დააბრალო, გარდა ამისა. ამ მხრივ განსაკუთრებით კომუნისტები იყვნენ უცოდველნი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სტალინმა ოსებს შუაგულ ქართლში ავტონომიური ოლქი შეუქმნა, რომელიც შემდეგ რუსეთმა წაგვართვა და ახლა მას სამხრეთ ოსეთი ჰქვია.
მედოევს ამის გახსენება არ სურს, სამაგიეროდ ისხნებს იმ წლებს, როცა საქართველოდან მიდიოდნენ ეთნიკური ოსები.
– საქართველოს ყველა ხელისუფლება განმსჭვალული იყო ასე, რომ საქართველო მხოლოდ ქართველებისთვის უნდა ყოფილიყო. ქართველი ნეონაცისტების გააქტიურების შედეგი იყო ის, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოდან ათასობით ეთნიკური ოსი გაიქცა, – ამბობს ოსური დიპლომატიის მამა.
ის არაფერს ამბობს იმაზე, რომ ოსები კი არ გარბოდნენ, არამედ ვლადიკავკაზში მცხოვრებ ქართველებს ბინებს უცვლიდნენ.
აი, ქართველები კი მართლა გამოყარეს თავიანთი სახლებიდან. ქართველთა ნასახლარებზე ახლა ნაგავსაყრელის მოწყობას აპირებენ, სადაც ცხინვალში დაყრილ ნაგავს დაყრიან.
პანკისზე საუბრისას მედოევს აღმოსავლეთ ოსეთის თემაზე კიდევ ერთხელ მოუარა მუცლის გვრემამ. აღმოსავლეთ ოსეთს ოსები ყაზბეგის და დუშეთის ნაწილს უწოდებენ.
ეს ტერმინი ოსებმა ცოტა ხნის წინ შემოიღეს. ოსური დიპლომატიის მამის თქმით, ადრე თუ გვიან, ცხინვალი აღმოსავლეთ ოსეთს დაიბრუნებს.
რაც შეეხება პანკისში განვითარებულ მოვლენებს, მედოევი ამბობს, რომ რაც მოხდა, ეს ქართველების ნაცისტობის მორიგი გამოვლინებაა.
ნომერ პირველი დიპლომატის თქმით, პანკისის მკვიდრი მოსახლეობა – ქისტები ქართველებისგან როგორც ბუნებას, ასევე საკუთარ თავს იცავდნენ.
ოსური დიპლომატიის მამას წესით კარგად უნდა ესმოდეს, რომ ქისტები პანკისის მკვიდრი მოსახლეობა არ არიან. ისინი აქ რამდენიმე საუკუნის წინ ჩამოსახლდნენ. ამას თავადაც აღიარებენ და არასდროს უფიქრიათ ქართული მიწაზე ეთქვათ, რომ ეს მათი მიწაა.
ის, რაც პანკისში მოხდა ძალიან ცუდია, მაგრამ ოსებს ამაზე ხმის ამოღების უფლება არა აქვთ. საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ 21 აპრილს მომხდარი ინციდენტი ქართველებსა და ჩეჩნებ-ინგუშებს შორის დაპირისპირების მიზეზი არ გახდეს.
ისე ვის-ვის და ოსებს ქისტების ბედზე ხმის ამოღების უფლება არა აქვთ. კარგი იქნება თუ ჩვენი უსაქმური ხელისუფლება ცხინვალს 1992 წლის ნოემბერში ვლადიკავკაზში განვითარებულ მოვლენებს გაახსენებს. მაშინ ოსებმა ინგუშებს ნამდვილი გენოციდი მოუწყვეს და მათი კუთვნილი მიწებიდან გაყარეს.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა