პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მომავალზე საუბრობს.
– ბატონო გია, თქვენ რა მესიჯები წაიკითხეთ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუდან. რა თქვა მან ახალი, რომლის მოსმენაც უნდოდათ ჩვენს მოქალაქეებს?
– მისი აქცენტები განსაკუთრებული სიახლე არ იყო. სხვადასხვა ინტერპრეტაციებით ამაზე მას არაერთხელ უსაუბრია.
მე მჯერა, რომ არც ერთ თანამდებობას არ დაიკავებს, თუმცა, ის კონფიგურაცია თუ დალაგდა, რაზეც ის ოცნებობს, მას პროცესებზე უპირობო გავლენა ექნება. ეს სავსებით ცხადია. ამ გზავნილებით ცდილობს, რომ საზოგადოებას განცდა გაუჩინოს, რომ განსაკუთრებული ვენდეტა არ მოხდება და ადამიანებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ მისი დაბრუნების შემთხვევაში.
– მან იცის მისდამი ამომრჩევლის დამოკიდებულება და ამიტომაც აკეთებს ამ განცხადებას?
– რასაკვირველია. ზუსტად ამას ამბობს. მან იცის, ანტიმიშა რა კატეგორიის ხალხია. ეს არის ის ხალხი, ვისაც არც სააკაშვილი უნდა ხელისუფლებაში და არც ივანიშვილი. სააკაშვილი გვეუბნება – მე თანახმა ვარ, გავიდე პოლიტიკიდან, თუ ივანიშვილიც გავა. ჭადრაკის დაფაზე ეს ორი ფიგურა ნახეთ, როგორ თამაშობენ – ერთმანეთით იკვებებიან და ამით იხანგრძლივებენ პოლიტიკურ არსებობას, ძალაუფლებას. სააკაშვილი გვეუბნება, თანახმა ვარ, გავიდე, თუ ივანიშვილიც გავა. ამის საწინააღმდეგო, სიმართლე გითხრათ, არაფერი მაქვს.
– და რა მნიშვნელობა აქვს, არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი იქნება თუ მიხეილ სააკაშვილი?
– ამაშია საქმე. არ უნდა დავუშვათ, რომ ერთი ძალაუფლების მონოპოლისტი მეორემ ჩაანაცვლოს. ადეკვატური იყო სააკაშვილი, როდესაც საუბრობდა არა ერთ ცენტრზე, არამედ მულტიპარტიულ ერთობაზე, რაც ამ სიტუაციიდან რეალურად ერთადერთი გამოსავალია. ეს პოლიტიკურად სწორი გზავნილებია, სხვა საკითხია, ის ამას მხოლოდ ლაპარაკობს თუ მართლა ასე ფიქრობს.
თუ გვინდა გამოვიდეთ ამ რეალობიდან, მმართველ კოალიციაში უნდა იყოს ბევრი პარტია, რომლებიც შიგნიდან ერთმანეთს დააბალანსებენ და გააკონტროლებენ.
– ჩვენნაირ ქვეყნებში კოალიციური მთავრობები რამდენად ამართლებს?
– როდესაც სერიოზული ამოცანები გაქვს გადასაწყვეტი და ეფექტურობა გჭირდება, მაშინ უკეთესია ცენტრალიზებული ხელისუფლება. კოალიციური მთავრობები მოუქნელია და გადაწყვეტილების მიღება რთულია, მაგრამ ჩვენთან პროცესმა აჩვენა, რომ ძალაუფლების ცენტრალიზაცია კიდევ უფრო დიდი უბედურებაა. პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ჩვენ უბრალოდ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ამ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში.
– როგორ გაიგეთ, სააკაშვილი დაბრუნდება?
– მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე სააკაშვილი მის პოლიტიკურ კარიერას საქართველოს არ უკავშირებს. ის თავის თავს გლობალურ მოთამაშედ ხედავს. ამ გლობალური დაპირისპირების ეპიცენტრი დღეს უკრაინაა. უკრაინაში ბოლოს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ის ცდილობს, თავისი რენომე აღიდგინოს ამ გლობალურ თამაშებში. ეს არის მისი ამოცანა. ამიტომ, ახლა მისი მთელი ყურადღება უკრაინისკენ არის მიმართული. საქართველო მისთვის მეორადი ამოცანაა. თუკი ის უკრაინაში გადაწყვეტს იმას, რასაც ფიქრობს, მერე საქართველოში ვითარების დალაგება უფრო მარტივი იქნება.
ისე, დაბრუნება-არდაბრუნების თემა დღევანდელ სამყაროში არ არის მნიშვნელოვანი თემა. პირდაპირი ჩართვებით ის ისედაც არის პროცესში ჩართული.
– თუ დაბრუნდება და დააკავებენ, ოპოზიციონერი ლიდერისთვის უფრო ხელსაყრელი არ უნდა იყოს? ერთგვარი რეანიმირებაც კი შეიძლება მოხდეს.
– სხვადასხვა ტიპის პოლიტიკოსები არსებობენ. ნაწილისთვის ციხე ნამდვილად არის პოლიტიკური კარიერის ნაწილი. მეორე ნაწილისთვის არ არის. სააკაშვილი სწორედ მეორე ნაწილს მიეკუთვნება. ის უფრო პრაგმატიკოსია. მისი ძალა ქარიშხალისებურ გადაადგილებაშია და არა – სტაციონარულ პოზიციაში ციხიდან წერილების წერაში. ის დინამიკაში ხედავს თავის პოლიტიკურ აქტივობას. ამდენად, მე არ მიკვირს, რომ ის ფიქრობდეს – თუ ციხეში ჩაჯდება, პოლიტიკურად მოკვდება.
უკრაინაშიც შეეძლო, ჩამჯდარიყო ციხეში, მაგრამ ეს არ გააკეთა, რადგან თვლის, რომ მოძრაობებით შიგნით თუ გარეთ უფრო მეტი შეუძლია.
– გირგვლიანის და რობაქიძის საქმეებს მართლა ნანობს? ხაზს უსვამს, რომ იგივე დანაშაული ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.
– მართლა ხდება.
– მაგრამ იქ სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იგივე ხომ არ არის?
– ნამდვილად ვერ გამოვდგები სააკაშვილის ადვოკატად, მაგრამ ზუსტად ამას ამბობს, რომ მერაბიშვილის არგადაყენება იყო შეცდომა. სხვა საკითხია, ეს მისი მხრიდან ადამიანური სინანულია თუ პოლიტიკური შეცდომის აღიარება. მე ვფიქრობ, უფრო პოლიტიკური შეცდომის აღიარებაა.
გირგვლიანის საქმე გახდა ცენტრალური საქმე. სააკაშვილის დელეგიტიმაცია დაიწყო გირგვლიანის საქმიდან გამომდინარე. როდესაც სისტემა თავდაცვის რეჟიმზე გადავიდა, ამან სააკაშვილი კატასტროფამდე მიიყვანა.
მას რომ ადეკვატური რეაგირება ჰქონოდა, მერაბიშვილი თანამდებობიდან გადაეყენებინა, დამნაშავეები ადეკვატურად დაესაჯა და სისტემურ დანაშაულში არ გადაეყვანა მთელი ეს პროცესი, მაშინ ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი ნაბიჯი სისტემური მანკიერების წინააღმდეგ, მაგრამ ასე არ მოხდა, პირიქით მოხდა. ამიტომ წააგო პოლიტიკურად.
თუ ის შექმნიდა პრეცედენტს, რომ ამ ტიპის განუკითხაობა, ვისი მხრიდანაც უნდა იყოს, დასჯადია, მაშინ არ გადავიჭრებოდით იმ უბედურებაში, რაშიც გადავიჭერით.
პრობლემა ისაა, რომ სააკაშვილი ამას არ განიხილავს მორალურ კონტექსტში. ზნეობრივ ნაწილში კი არ ინანიებს, არამედ შეცდომად თვლის ამას, როგორც პოლიტიკოსი.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა