გიორგი კახიანი – “ირაკლი ღარიბაშვილის სიაში პირველ ნომრობაზე “ოცნებაში” მსჯელობა არ ყოფილა”

გიორგი კახიანი - "ირაკლი ღარიბაშვილის სიაში პირველ ნომრობაზე "ოცნებაში" მსჯელობა არ ყოფილა"“ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების კანონპროექტის ჩავარდნასა და სხვა საკითხებზე საუბრობს.
გიორგი კახიანი:
– რატომ ვერ მოაგროვა კანონპროექტმა ხმების საჭირო რაოდენობა, ჩემთვის არ არის ცნობილი. არიან დეპუტატები, რომელთაც აღნიშნული კანონპროექტისთვის მხარდაჭერა უნდოდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, უყურადღებობით მათ ეს ვერ მოახერხეს. არიან ისეთი დეპუტატებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ კანონპროექტს ხმა მისცეს, მაგრამ რატომღაც ეს ვერ აისახა. სხვა მხრივ რა შეიძლება მიზეზი იყოს, არ ვიცი. თუმცა ფაქტია, რომ კანონპროექტმა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო.
მიუხედავად ამისა, შესაძლებელია, მესამე მოსმენით ჩავარდნილ კანონპროექტზე კენჭისყრა განმეორებით ჩატარდეს.
– ერთი თვის ვადაში.
– დიახ, ეს შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში, რაც გულისხმობს იმას, რომ თეორიულად შესაძლებელია კანონპროექტი განმეორებით კენჭისყრაზე დღესვე დადგეს. რამდენადაც მე ვარ ინფორმირებული, მთავრობა აუცილებლად დააყენებს ამ ინიციატივას განმეორებით.
– ანუ თქვენ ამბობთ, რომ კანონპროექტი გავა და მოსწავლეებს გამოსაშვები გამოცდები გაუუქმდებათ?
– მე როგორც ვიცი, ამ კანონპროექტს გასვლის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს. ორი კვირის შემდეგ პლენარული სხდომებია და ეს საკითხი აუცილიბელად დადგება განმეორებით კენჭისყრაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანონპროექტს მხარდაჭერა ექნება. პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა.
– სერგო რატიანი ამბობს, ისევ მწვანე და წითელი ღილაკები აერიათო. მართლა შეიძლება ეს მიზეზი იყოს?
– ბუნებრივია, ეს არაფერ კავშირში არ არის ამ შემთხვევაში.
– დეპუტატები ხშირად სხდომათა დარბაზში აკუსტიკას უჩივიან, რომ მათ არ ესმით, რა საკითხი განიხილება. მართლაც არის აკუსტიკის პრობლემა სხდომათა დარბაზში?
– დიახ, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს პრობლემა არის. უკეთესი იქნებოდა, უფრო გამართული აკუსტიკა ყოფილიყო. მაგალითად, ქუთაისის სხდომათა დარბაზში ბევრად უკეთესი აკუსტიკა იყო, ვიდრე აქ არის.
– კვიციანმა დეპუტატებს 100 ლარის შეგროვებისკენაც მოუწოდა. რატომ ვერ ხდება გამართვა?
– ეს საკითხი რომ გამოსწორდეს და პრობლემა მოიხსნას, საჭირო არის დრო. თუმცა, ეს პრობლემა დღის წესრიგშია და მოგვარდება. როგორც ვიცი, გარკვეული შუალედია საჭირო, რომ სხდომები არ ტარდებოდეს და სწორედ ამ დროს გაიმართოს ტექნიკურად დარბაზი. მომდევნო პლენარული სხდომებისთვის საკითხი მოგვარდება.
– რეგლამენტის გამკაცრებაზე მინდა გკითხოთ. პარლამენტში, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უნახავი დეპუტატები გამოჩნდნენ. რეგლამენტის გამკაცრებამ იმუშავა?
– ფაქტია და ამას საზოგადოება ხედავს, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლამ რადიკალურად განსხვავებული სურათი მოგვცა. მათ შორის ვგულისხმობ პარლამენტის წევრთა აქტიურობასაც.
ქუთაისში კვორუმი ვერ გროვდებოდა, რათა პლენარული სხდომა უფლებამოსილი ყოფილიყო, მუშაობა დაეწყო. ამისთვის 76 დეპუტატის ადგილზე ყოფნაა საჭირო, დეპუტატების ეს რაოდენობა ვერ გროვდებოდა. მას შემდეგ, რაც თბილისშია პარლამენტის ადგილსამყოფელი, შემიძლია დაახლოებით 120-125 დეპუტატი გადის რეგისტრაციას.
ერთი მხრივ, ეს განაპირობა პარლამენტის თბილისში გადმოტანამ და მეორე მხრივ., სანქციებმაც იმუშავა. რეგლამენტი გამკაცრდა სხდომაზე პარლამენტის წევრთა დასწრების თვალსაზრისითაც.
– ბევრ დეპუტატს ჩამოეჭრა ხელფასი?
– თებერვლის თვეში 4 თუ 5 პარლამენტის წევრი იყო, რომელსაც სანქციები შეეხო.
– დაგვიანებაზეც არის? მაგალითად, აკაკი ბობოხიძე აპროტესტებდა, რომ 5 წუთის დაგვიანების გამო პრობლემა შეექმნა.
– არა, 5 წუთის დაგვიანების გამო სანქცია არ ამოქმედდება. თუმცა, ფაქტია, რომ სანამ ახალი რეგლამენტი ამოქმედდებოდა, ქუთაისში 1 საათი ვიჯექი ხოლმე სხდომათა დარბაზში და კვორუმი ვერ გროვდებოდა. დღეს ეს პრობლემა აღარ არის, ყველა ცდილობს, 12 საათზე რეგისტრაცია გაიაროს და არ დაიგვიანოს.
– კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედების შემდეგ პარლამენტში. მინისტრები მოდიან და ანგარიშს გაბარებენ. ეს არის მხოლოდ ფორმალობა თუ რეალურად გრძნობენ მაკონტროლებლის წინაშე ანგარიშვალდებულებას?
– შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ თვალსაზრისითაც გაუმჯობესებული მდგომარეობაა. არ გაივლის პლენარული სხდომის დღე, რომ მინისტრი არ იყოს პარლამენტში მოსული.
საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში მინისტრების მოსვლა პარლამენტში ძალიან გააქტიურდა. 2 დღის წინ თავდაცვის მინისტრი იყო მოსული. ცოტა ხნის წინ კი – იუსტიციის, რეგიონალური განვითარების მინისტრები იყვნენ. ბოლო 12 წლის განმავლობაში მხოლოდ 7 თუ 8 შემთხვევა იყო, როდესაც მთავრობის წევრები მოდიოდნენ პარლამენტში.
რაც შეეხება თქვენს კითხვას ფორმალობასთან დაკავშირებით, რა ვიცი, მე ვერ ვგრძნობ, რომ მათი ანგარიშები და მოსვლები ფორმალობაა, ხომ უყურებთ, რა ხდება სხდომათა დარბაზში?! საპარლამენტო ცხოვრება გააქტიურდა. გახდა ისეთი, როგორიც უნდა იყოს საპარლამენტო რესპუბლიკაში. გარწმუნებთ, ეს დინამიკა გაგრძელდება.
– ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სიის პირველი ნომერი შეიძლება იყოს ირაკლი ღარიბაშვილი. ირაკლი კობახიძეს როდესაც ამაზე ჰკითხეს, მან თქვა, რომ ეს მასზეც იქნება დამოკიდებული. მიდის ამ საკითხზე მსჯელობა, სიის დაკომპლექტებაზე?
– არჩევნებამდე 1 წელი და 8 თვეა დარჩენილი. ერთი მხრივ, ეს შეიძლება დიდი დრო არ იყოს, მაგრამ პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მერწმუნეთ, ძალიან დიდი დროა, მით უფრო ასეთი საკითხისთვის.
თანამედროვე პოლიტიკაში ყოველ კვირა იცვლება მოვლენები. ამიტომ, მე დღეს ვერაფერს გეტყვით, თუ ვინ იქნება “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიაში წარმოდგენილი. მით უფრო, ვერაფერს გეტყვით სიის პირველ ნომერზე.
– მე გკითხეთ, თუ იყო მსჯელობა?
– არა, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ამ საკითხზე ჯერ პარტიაში მსჯელობა არ ყოფილა. დღის წესრიგში ეს საკითხი არ დამდგარა, თუ ვინ შეიძლება იყოს სიის პირველი ნომერი ან საერთოდ სიაში.
თუმცა, გასაგებია, არც მიკვირს თქვენი, მედიის, ინტერესი.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა