“ახალი თაობის” კითხვებს კონფლიქტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს.
– ბატონო პაატა, ძალიან აირია “ოცნებაში” მონასტერი, რა ხდება?
– უკვე დიდი ხანია, არეულია. თვითმფრინავს მუდმივად ჭირდება საწვავი, რათა ჰაერში იყოს. როგორც კი საწვავი გათავდება, თვითმფრინავი ვარდება. ხოლო ავტობუსი, თუ საწვავი მთავრდება, ჩერდება.
– საწვავი გაუთავდა “ოცნებას”?
– დიახ და “ქართული ოცნება” უბრალოდ ციდან ჩამოვარდა მიწაზე და გახდა ბანალური, ტიპიური ქართული პარტია. ის ოცნებები, ის იმედები, ის მოლოდინები, რაც დაკავშირებული იყო “ოცნებასთან”, ყველაფერი გაქრა და გახდა ბანალური, ტიპიური პოსტსაბჭოთა პარტია.
მეორე მსოფლიო ომიდან 25 წლის შემდეგ ევროკავშირის საფუძვლები ჩაიყარა, ფრანგები და გერმანელები შერიგდნენ, მანამდე სულ სხვა ევროპა იყო. ჩვენთან 25 წელი გავიდა და იმაზე ვმსჯელობთ, მურუსიძე კარგი მოსამართლეა თუ ცუდი. არ შეგვიძლია საკითხების გადაწყვეტა.
არ ვართ ჩვენ დემოკრატიული ხალხი. ყველა ჩემი იმედები, რაც მქონდა 90-იან წლებში, რომ საქართველო იქნებოდა სრულიად სხვა, ყველაფერი ორთქლდება და ხდება ჩვეულებრივი, ტიპიური, ბანალური პოსტსაბჭოთა სახელმწიფო.
– რატომ ვერ შევძელით, შევმდგარიყავით დემოკრატიულ სახელმწიფოდ?
– როგორც კი დაიშალა რუსეთის იმპერია 1918 წელს, ჩვენში გაჩნდა მთელი პლეადა გიგანტი პოლიტიკოსებისა: ჩხენკელი, წერეთელი, ჟორდანია და კიდევ ხუთი-ექვსი გვარის დასახელება შეიძლება ფანტასტიკური პოლიტიკოსებისა.
ბოლშევიკების დროს ფანტასტიკური არა, მაგრამ საკმაოდ ძლიერი პოლიტიკოსები იყვნენ სტალინი, ორჯონიკიძე, ბერია.
ანუ საქართველო თავის წიაღიდან შობდა გიგანტ პოლიტიკოსებს, რომლებიც იმპერიებს მართავდნენ. რუსეთის იმპერიამ კი საერთოდ მოსპო ქართველ ხალხში სახელმწიფოებრივი აზროვნება. კომუნისტურმა რეჟიმმა ეს მოსპო და დღეს ჩვენ ვართ ტიპიური, ბანალური, დაბალი კლასის პოლიტიკური საზოგადოება.
კულტურა და ლიტერატურა მშვენიერი გვაქვს, ხოლო პოლიტიკური კულტურა აღმოგვაჩნდა ძალიან მდარე. ერთია, რომ ასეთი ხარ და მეორეა, რომ ჩვენ ამის გაგება არ გვინდა! არ გვინდა, სიმართლეს თვალებში შევხედოთ.
– რას იტყვით ივანიშვილზე? რატომ დაშორდნენ ერთმანეთს გუნდი და ლიდერი? აღარავის ენდობა?
– მე ყველაზე მეტად გული ბიძინა ივანიშვილზე მწყდება. ახლოს ვიცნობ და პატივს ვცემდი და პიროვნულად დღესაც პატივს მცემ, იმიტომ, რომ ჩემი პირადი ურთიერთობები მასთან რაც იყო, იმის უფლებას არ მაძლევს, რომ გადავაფასო ის ურთიერთობები. ადრე ის ძალიან ალალი ადამიანი იყო, როცა პრემიერი გახდა და სათავეში ჩაუდგა “ქართულ ოცნებას”.
– მერე რა შეიცვალა?
– ძალიან რთული სათქმელია, მაგრამ მას მოუვიდა ბანალური სიჯიუტე და ბანალური გაბრაზება, რომ როგორ, სხვები როგორ არიან ჩემზე მართლები?!
ის უცებ მიხვდა იმას, რომ ვინც ურჩევდა, მაგალითად, უსუფაშვილი და ამ ტიპის ადამიანები, რომ ასე კი არა, ასე გავაკეთოთ, თორემ მივიღებთ ამას, ის თავის თავზე გაბრაზდა, რომ ეს ხალხი როგორ აღმოჩნდა მასზე ჭკვიანი.
მე, ასეთი ფულის მფლობელი, ამხელა ბიზნესმენი, პოლიტიკაში როგორ აღმოვჩნდი სუსტი, ეს შეუძლებელია, დაუჯერებელია! – აი, ამ ტიპის აზროვნება აქვს მას.
– ჯიუტი ადამიანია და არ ითვალისწინებს სხვის რჩევებს?
– კი, კი, აშკარად ჯიუტია. იმდენად ჯიუტია, რომ არ სჯერა, რომ სხვა სფეროში ასეთი წარმატებული ადამიანი პოლიტიკაში შეიძლება იყოს წარუმატებელი; ხოლო ვიღაც უფულო პოლიტიკოსები, რომლებსაც არაფერი აქვთ, გარდა პოლიტიკური ხედვებისა, შეიძლება იყვნენ ასეთი მართლები.
მართლები აღმოჩნდნენ არამარტო მისი გუნდის წევრები, არამედ მისი მოწინააღმდეგეებიც.
– კერძოდ?
– იგივე ნაციონალური მოძრაობა, “ევროპული საქართველო”, რომელიც მას ეგონა, რომ გაანადგურა, სინამდვილეში თურმე გააძლიერა.
ჩაიხედოს თავის გულში ივანიშვილმა, ვინც კი ურჩევდა მას, რომ გავუშვათ თავისუფალი დემოკრატები, გავუშვათ რესპუბლიკელები, რაში გვჭირდება, მათ გარეშეც მშვენივრად ვმართავთ ქვეყანას, სწორედ ის ხალხია გასაშვები, ისინი არიან მედროვეები, რომლებიც მხოლოდ თავის თავზე ფიქრობენ და სახელმწიფოზე არ ფიქრობენ.
დღეს ივანიშვილი რომც ფიქრობდეს სახელმწიფოს განვითარებაზე, მას რესურსი აღარ შერჩა.
– აღარავინ ჰყავს გარშემო?
– ყველა გაუშვა, ვისაც კი შეუძლია, სახელმწიფოს ემსახუროს. მასთან დარჩა ის ხალხი, ვისაც წასასვლელი არსად აქვს, ხოლო ვისაც სხვაგან წასვლა შეეძლო, ახალი კოალიციის შექმნა შეეძლო, ყველა წავიდა.
შენ თუ შუას კრეფ და მაგდებ, რატომ ჩავირეცხო, გავყვე დინებას? თუ ცურვა ვიცი, გავცურავ მეორე ნაპირზე. არ გინდა, რომ შენთან ვიყო? ვიქნები სხვასთან!
ყველა ის, ვინც მივიდა ნაციონალურ მოძრაობასთან, ვინც მივიდა “ევროპულ საქართველოსთან”, არის “ქართული ოცნების” სინდისზე!
ჩემნაირი ადამიანები საერთოდ გვერდზე გადგნენ, უსუფაშვილი კი ახალ მესამე ძალას ქმნის, რომელიც არც იქითაა და არც აქეთ. ივანიშვილთან კი დარჩნენ ყველაზე უუნარო, ყველაზე უქნარა, ყველაზე მუქთახორა პოლიტიკოსები! პოლიტიკოსებსაც კი ვერ დაარქმევ მათ.
– მესამე ძალა ახსენეთ, წინ 2020 წელია, საზოგაოდებაში ძალიან დიდია მოთხოვნა მესამე ძალაზე, რას ელოდებით?
– საზოგადოებაში ნამდვილად დიდი მოლოდინია, მაგრამ ჯერჯერობით რეალიზაცია ვერ ხდება. ახლა პირველი მცდელობა იყო “დაიცავი საქართველოს” ყრილობა და ამის გამოვლინება. ჯერჯერობით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, ჯერჯერობით ხელმოსაკიდი არაფერია.
სხვა მოძრაობებიცაა საჭირო. მეტი ახალგაზრდობაა საჭირო. “დაიცავი საქართველოს” ტრიბუნაზე ახალგაზრდები გამოდიოდნენ, რაც მომეწონა, მაგრამ დარბაზში სულ ძველი თაობა იყო.
ახალი სახეებია საჭირო, სიახლეა საჭირო. მსოფლიო იცვლება, 21-ე საუკუნეა და იმ დარბაზში მე-20 საუკუნე იჯდა და არა – 21-ე საუკუნე. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ნახეთ, რა ხდება უკრაინაში, იმდენად მიუღებელია მათთვის მე-20 საუკუნე, რომ ბრმად აძლევენ ხმას, ღმერთმა უწყის, ვის.
საქართველოშიც რომ გამოჩენილიყო ასეთი ვიღაცა, ხალხი მისცემდა ხმას, იმდენად მიუღებელია მისთვის ნაციონალური მოძრაობა და “ქართული ოცნება”.
– რა იქნება ამ ფონზე 2020-ში?
– ძალიან საინტერესო მომენტია ის, რომ მხოლოდ 3%-იანი ბარიერი იქნება გადასალახი და შანსები იმისა, რომ “ოცნების” და ნაციონალების გარდა სხვა პარტიებიც შევიდნენ, დიდია, რომლებიც ახალ კონტექსტს და ახალ ურთიერთოებებს შექმნიან შიგნით.
მრავალპარტიული პარლამენტი ძალიან კარგი იქნება. დიდი მოლოდინით ველოდები 2020 წლის პარლამენტს, რადგან ის იქნება მრავალპარტიული პარლამენტი და ვერცერთი პარტია ვერ შეძლებს, კანონები მიიღოს და ბიუჯეტი დაამტკიცონ, კონსტიტუციაზე ხომ ლაპარაკი საერთოდ ზედმეტია.
აი, სწორედ ეს იქნება ევროპული ტიპის ქვეყნის მშენებლობის დაწყება.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა