რა პოლიტიკური გეგმები აქვთ ნაციონალების დროს გამდიდრებულ ბიზნესმენებს, რა შეცდომას უშვებს კობა დავითაშვილი, რატომ არის სააკაშვილი ნამდვილი პოლიტიკოსი და რატომ უნდა დააჭიროს “ოცნებამ” ენას კბილი? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.
ლადო სადღობელაშვილი:
– რამდენიმე კვირის წინ კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ ის პოლიტიკაში ბრუნდება და მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარად იყრის კენჭს. ეს ადამიანი ყოველთვის ნაციონალურ მოძრაობას ებრძოდა და დაგვპირდა, რომ ამ გზას არც მომავალში გადაუხვევს.
კობა რომ ნაციონალებთან არის დაპირისპირებული, ამაში არც ადრე მეპარებოდა ეჭვი და არც ახლა მეპარება, მაგრამ მოულოდნელად ერთი ამბავი გავიგე და გული დამწყდა.
როცა კობამ პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა, მასთან კომუნიკაცია მქონდა და მასთან თანამშრომლობასაც ვაპირებდი. მერე გავიგე, რომ მის გარშემო იმ ხალხმა მოიყარა თავი, ვინც ნაციონალებთან კუდებით არის დაკავშირებული.
– ნაციონალებთან კუდებით დაკავშირება რას ნიშნავს?
– იმას, რომ ნაცების დროს იშოვეს მილიონები. აქედან გამომდინარე კობასთან თანამშრომლობისგან თავს ვიკავებ. დავითაშვილს პატივს ვცემ და ამიტომ ვურჩევ, ამაზე დაფიქრდეს.
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მასთან ერთად არის ბიზნესმენი ირაკლი გურჩიანი. ამ ადამიანმა თავი დაგვამახსოვრა იმით, რომ 2016 წელს პაატა ბურჭულაძის პარტიაში გამოჩნდა. მას შემდეგ, რაც ბურჭულაძემ აურია, გურჩიანი მისი პარტიიდან წავიდა.
ამ ადამიანთანაც მქონდა რაღაც კომუნიკაცია და თითქოს ნორმალურ შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ იმ ინფორმაციამ, რაც ამ დღეებში გავიგე, შოკში ჩამაგდო.
როგორც მითხრეს, 2006-2008 წლებში საკმაოდ სერიოზული თანხა იშოვა. ეს თანხა ციდან კი არ ჩამოვარდნია, არამედ მისი ბიზნესი გაიფურჩქნა. 2006-2008 წლებში როგორ გაიფურჩქნებოდა მისი ბიზნესი, ნაცებში მფარველები რომ არ ჰყოლოდა.
– მაშინ ნაცების მფარველობის გარეშე ბიზნესს ვერავინ ააწყობდა.
– გასაგებია, მაგრამ მფარველსაც გააჩნია. ირაკლი გურჩიანს ძმები კოდუები და მათი დედა, ლაურა ღაჭავა, მფარველობდნენ. საინტერესოა ის სქემაც, თუ როგორ შოულობდა ეს პირი ფულს.
სააკაშვილის დროს საპროცესოების ბუმი იყო. წვრილმან კრიმინალზე დაკავებულ ტიპებს ეუბნებოდნენ, ამა და ამ ცენტრიდან ესა და ეს მანქანა იყიდე, აჩუქე სახელმწიფოს და თავისუფალი ხარ. ასეთი საპროცესოები ასობით ადამიანთან არის გაფორმებული.
ეს ადამიანები სხვადასხვა ფირმებში მიდიოდნენ მანქანების შესაძენად. ერთ-ერთი ფირმა, სადაც თავისუფლების სანაცვლოდ მანქანა უნდა გეყიდა, ირაკლი გურჩიანს ეკუთვნოდა. მის ბიზნესს ფაქტიურად ძმები კოდუები ამუშავებდნენ.
– არადა გურჩიანი კოდუებს ბიზნესის ახევაში ადანაშაულებდა.
– ამაზე ლაპარაკი ხელისუფლებაში “ოცნების” მოსვლის შემდეგ დაიწყო. ამბობდა, რომ მას კოდუებმა რაღაც მანქანა წაართვეს.
– გამორიცხავთ, რომ წაართვეს?
– არაფერს არ გამოვრიცხავ, მაგრამ ეს ამბავიც დეტალურად გავარკვიე. სულ ცოტა ხნის წინ გაიმართა სასამართლო პროცესი. სასამართლომ ლაურა ღაჭავას გურჩიანის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დააკისრეს.
როდესაც ერთი ადამიანი მეორეს ფულს აკეთებინებს, ბუნებრივია, წილში უჯდება. ასე ჩაუჯდნენ კოდუები გურჩიანს წილში. იმის გამო, რომ ამდენი ფული აშოვნინეს, გურჩიანმა ძმებს ძვირადღირებული მანქანა აჩუქა, ოღონდ არ გადაუფორმა, ოფიციალურად ხმარებაში მისცა.
ხელისუფლებიდან ნაცების წასვლის შემდეგ თქვა, რომ კოდუებმა მანქანა წაართვეს. სამაგიეროდ, სიტყვა არ დაუძრავს, რომ ნაცებმა მილიონები აშოვნინეს.
დღეს ეს ადამიანი, როგორც ამბობენ, კობა დავითაშვილთან აპირებს თანამშრომლობას. კობასთან თანამშრომლობას გეგმავს კონსტანტინე მორგოშიაც. ეს უკანსკნელი კოდუებთან ნათელ-მირონობით არის დაკავშირებული.
მალე ისინი კობა დავითაშვილთან ერთად პარტიას შექმნიან, რომელიც ნაციონალი ბიზნესმენების ხელით დაფინანსდება. ამან შეიძლება კობაზე ცუდად იმოქმედოს. ეს ადამიანი ამბობს, რომ ნაციონალებს ებრძვის, ამ დროს მისი ბიზნესმენების ხელით ფინანსდება. ხალხი ამას ვერ გაიგებს. იმედი მაქვს, რომ დავითაშვილი ასეთი ხალხისგან გათავისუფლდება.
– თქვენ კობა დავითაშვილს საყვედურობთ იმის გამო, რომ ის ნაციონალების დროს გამდიდრებულებთან თანამშრომლობს. ამ დროს თავად დაწერეთ ფეისბუქზე ისეთი პოსტი, რომლის გამოც ნაციონალად გამოგაცხადეს. ამის მერე ბევრმა იკითხა, სადღობელაშვილი განაცდაო? რა ხდება თქვენს თავს?
– რა უნდა ხდებოდეს? ჩემი პოზიცია უცვლელია, მე ისევ ნაცების წინააღმდეგი ვარ. რაც შეეხება პოსტს. რა დავწერე ასეთი? დავწერე, რომ სააკაშვილი მძულს, მაგრამ ვაღიარებ, რომ ის ნამდვილი და უნაკლო პოლიტიკოსია. აქვე იმასაც დავამატებ, რომ მიშა სადისტიც არის და ტირანიც, მაგრამ, როგორც პოლიტიკოსი, მაგარია.
ასეთი პოლიტიკოსები საქართველოს კარგა ხანს აღარ ეყოლება. მიშა დაახლოებით შევარდნაძის დონის პოლიტიკოსია.
– შევარდნაძისტობასაც გამოჰკრავთ ხელს.
– შევარდნაძის მომხრეობას ვერ დამაბრალებენ. ჩემი ოჯახი ყოველთვის გამსახურდიას მხარდამჭერი იყო. მეც ზვიადს ვუჭერდი მხარს, მაგრამ ვაღიარებ, რომ შევარდნაძე იყო პოლიტიკოსი.
“ქართულ ოცნებას” პოლიტიკოსები საერთოდ არ ჰყავს. პოლიტიკოსები რომ იყვნენ, იმას იტყოდნენ, რუსებმა სულ რაღაც 500 მეტრი წაიღესო?! წარმოიდგინეთ, რა მარაზმში ვართ, რომ მმართველი პარტიის წევრები ამას ამბობენ.
პოლიტიკოსებად არ იბადებიან და “ოცნებას” ჰქონდა იმის რესურსი, რომ ამ 7 წლის მანძილზე რამდენიმე კარგი პოლიტიკოსი გაეზარდა. შევარდნაძეს და მიშას თუ ვერ გაქაჩავდნენ, გიგა ბოკერიას მსგავსი ვინმე მაინც გაეზარდათ.
ჩემს პოსტს სააკაშვილთან დაკავშირებით დიდი ამბავი მოჰყვა და ლამის ნაცების მედროშედ გამომაცხადეს. მინდა ამ ხალხს ვურჩიო, რომ მე თავი დამანებონ და პოლიტიკოსები ეძებონ თავიანთი პარტიისთვის.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა