კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ადგილობრივ არჩევნებზე საუბრობს.
– ბატონო ლევან, 19 მაისს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირდებით ხელისუფლება იმედიანად არის განწყობილი. პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძე ამბობს, რომ 19 მაისს დაითვლიან წიწილებს. თქვენი მოლოდინი როგორია?
– ეს არ იქნება მარტივი არჩევნები. სად არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელ რეგიონებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარია ყველაზე ცხელ რეგიონებზე. ტრადიციულად ზუგდიდსა და მარნეულში არჩევნები იყო ძალიან ცხელი, ძალიან დაძაბული. ამიტომ მე გამიჭირდება იმის თქმა, რომ 19 მაისს ჩვენ მშვიდი არჩევნები გვექნება. მე არ გამოვრიცხავ, რომ ძალიან სერიოზული ბრძოლა იყოს.
– ზუგდიდში სანდრა რულოვსი სერიოზულ კანდიდატად არის მიჩნეული. ხელისუფლება მარტივად დათმობს სამეგრელოს?
– პირიქით, სულაც არ ვფიქრობ, რომ რომელიმე რეგიონს და მით უფრო სამეგრელოს ხელისუფლება დათმობს. ყველა არჩევნებზე გადამწყვეტი იყო და არის სახელისუფლო რესურსი. ეს ასე იყო შევარდნაძის დროსაც, ასე იყო სააკაშვილის პერიოდში და ასეა დღესაც.
“ქართული ოცნება” შეეცდება სახელისუფლო რესურსის არნახულ მობილიზებას, რომ მათ კანდიდატს საფრთხე არ შეექმნას. თან კიდევ ერთი ფაქტორი არის გასათვალისწინებელი. ტრადიციულად შუალედურ არჩევნებში აქტივობა დაბალია, ამიტომ სახელისუფლო რესურსის მობილიზება შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
ჩვენ ხომ ვნახეთ, რა მოხდა საპრეზიდენტო არჩევნებზე?! რეალური არჩევნები იყო პირველი ტური, მეორე ტური უკვე არ იყო რეალური არჩევნები. მეორე ტური სრულად იყო სახელისუფლო რესურსის მობილიზება, რომლითაც მოიგო არჩევნები ხელისუფლებამ.
მე არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ეს ვარიანტი განმეორდეს ადგილობრივ არჩევნებზეც. მით უფრო საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები, რომლებსაც მართლაც აქვთ დასაკარგი და ყველას ეშინია სამსახურის დაკარგვის, არჩევნებში აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას.
ამომრჩევლის მეორე ნაწილი ძალიან იმედგაცრუებულია და არ გამოვრიცხავ, ეს ნაწილი სახლში დარჩეს. სწორედ ამიტომ იყვნენ განსაკუთრებით რეგიონებში საპრეზიდენტო არჩევნებზე სიებით ხელში საარჩევნო უბნებთან განლაგებული კოორდინატორები. იგივე სქემა იქნება ამოქმედებული. დაითვლიან ყველას, ვინ მივიდა და ვინ დარჩა სახლში. სახლში დარჩენის უფლებას არავის მისცემენ. ყველას მიიყვანენ საარჩევნო უბნებზე.
– ოპოზიცია ალბათ გულხელდაკრეფილი არ იქნება. შეიძლება ვითარება დაიძაბოს?
– მე ამიტომ ვთქვი, რომ არ იქნება მარტივი არჩევნები. მე ძალიან მეშინია, რომ კორცხელი არ განმეორდეს. ორივე მხარე ცდილობს საკუთარი ძალების სრულ მობილიზებას. ამ წინასაარჩევნო პერიოდში. ვხედავთ კუნთების თამაშს. ეს უკვე აშკარად ეტყობა წინასაარჩევნო განწყობებს ზუგდიდსა და მარნეულში, მაგრამ მე არ მინდა, რომ ეს ძვირად დაუჯდეს ჩვენს ქვეყანას.
თუ მხოლოდ პარტიული ინტერესები იქნება გადამწყვეტი, მაშინ შორს ვერ წავალთ. სახელმწიფოებრივად თუ არ იაზროვნებს პირველ რიგში ხელისუფლება, მას ეს ძალიან ძვირი დაუჯდება.
– რას გულისხმობთ?
– საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ყველა საერთაშორისო დასკვნაში როგორ არის მოხსენიებული, ხომ გახსოვთ?! ევროსაბჭოში ჩასულ პრემიერს რა კითხვები დაუსვეს, ესეც ხომ ახსოვს ჩვენს მკითხველს?! კითხვები იყო სწორედ იმ სახელისუფლო რესურსის მობილიზებასთან დაკავშირებით, რომელმაც გავლენა იქონია განწყობებზე და პირდაპირ არის საუბარი 600 ათასი ადამიანისთვის საარჩევნოდ ვალების ჩამოწერაზე. “ოცნებამ” საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება სახელმწიფოს იმიჯის შელახვის ხარჯზე გაიფორმა.
– მთაწმინდის მაჟორიტარულ არჩევნებზე რა მოლოდინები გაქვთ?
– სიმართლე გითხრათ, მე უფრო დიდ დაპირისპირებას პირველ რიგში ზუგდიდში და შემდეგ მარნეულში ველოდები. მთაწმინდაზე იქნება ბრძოლა, მაგრამ გადამწყვეტი მაინც იქნება რეგიონებში. თუმცა, სახელისუფლო რესურსი რასაკვირველია, მთაწმინდაზეც კარგად იმუშავებს.
– ეს არჩევნები ერთგვარ ტესტად არის შეფასებული. რამდენად იქნება მართლაც ტესტი?
– ტესტი იქნება პირველ რიგში ხელისუფლებისთვის, თუ რა ტიპის არჩევნების ჩატარებას აპირებს ის უკვე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც ასეთი მარტივი უკვე აღარ იქნება სახელისუფლო რესურსის გამოყენება, რომელზეც მან უკვე მიიღო მკაცრი შენიშვნა ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან.
სახელმწიფო ინტერესებზე უფრო პარტიული ინტერესები იქნება დომინირებული, თუ განმეორდება საპრეზიდენტო არჩევნები ან კორცეხელი ან მარნეული, მაშინ ჩათვალეთ, რომ ეს უკვე ძვირი დაუჯდება არა რომელიმე ცალკე აღებულ პარტიას, არამედ მთლიანად სახელმწიფოს და მის მოქალაქეებს, თითოეულ ჩვენგანს.
ამაშია საქმე, მე აქ ვხედავ პრობლემას.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა