მამა გიორგი მამალაძეს შეწყალებაზე უარი უთხრეს _ დეკანოზის ოჯახი აქციებს აანონსებს

მამა გიორგი მამალაძეს შეწყალებაზე უარი უთხრეს _ დეკანოზის ოჯახი აქციებს აანონსებსრამდენიმე კვირიანი შესვენების შემდეგ ციანიდის საქმე კვლავ აქტუალური გახდება. დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები სერიოზული აქციების მოწყობის პირობას დებენ.
ისინი ამ გადაწყვეტილებამდე გუშინ, 25 აპრილს, მივიდნენ. ამ დღეს გახდა ცნობილი იმ პატიმრების ვინაობა, ვინც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სააღდგომოდ შეიწყალა.
შეწყალებულთა შორის არ აღმოჩნდა დეკანოზი გიორგი მამალაძე. არადა ოჯახს იმედი მისცეს, რომ მამა გიორგის სააღდგომოდ შეიწყალებდნენ.
ეს იმედი მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ გააჩინა. რამდენიმე თვის წინ დეკანოზს ინსულტი განუვითარდა.
მიუხედავად იმისა, რომ მძიმედ იყო ავად, ის მალევე დააბრუნეს ციხის საავადმყოფოში, სადაც, ოჯახის განცხადებით, დეკანოზს სათანადო მკურნალობა არ უტარდება.
მამა გიორგის ძმა თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ დეკანოზი დღემდე პარალიზებულია და კიდურებს ვერ ამოძრავებს.
თორნიკე მამალაძემ ძმის გათავისუფლების მოთხოვნით აქციაც დაიწყო. მას საპატრიარქოსთან ჰქონდა კარავი გაშლილი.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დეკანოზი შეწყალებულთა სიაში ვერ მოხვდა, მამა გიორგის ოჯახი კიდევ რამდენიმე ადგილზე აპირებს კარვების გაშლას.
– მე და ჩემი ოჯახი იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ დღეს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შორის არ აღმოჩნდა მამა გიორგი. უნდა განვმარტო, რომ მთელი დიდმარხვის პერიოდში მე ვიმყოფებოდი კარავში და ჩემი სიჩუმის მიზეზი იყო ჩემი ძმის თხოვნა, რომ მარხვა სიმშვიდეში გამეტარებინა და საპატრიარქოსთვისაც მიმეცა საშუალება, ღელვის გარეშე შეხვედროდნენ აღდგომას.
25 აპრილს სამების ტაძარში ჩატარდა დიდი ხუთშაბათის ფეხბანვის ცერემონიალი, რაც ქრისტიანული თავმდაბლობისა და ზრუნვის სიმბოლოა. თუმცა არ შემიძლია არ ვთქვა, რომ საპატრიარქოს მხრიდან ამ ცერემონიალის ჩატარება არის დიდი ფარისევლობა, ვინაიდან ამ ადამიანებში ქრისტიანული მზრუნველობის მისხალიც კი არ არსებობს. მამა გიორგი დღეს ციხეშია, ის საწოლზეა მიჯაჭვული და კიდურები პარალიზებული აქვს.
მას არ ეწევა შესაბამისი მკურნალობა და დღითიდღე უახლოვდება სიკვდილს. მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქოს ყველა საშუალება ჰქონდან შეწეოდა საკუთარ მღვდელს, რათა პრეზიდენტის შეწყალების აქტი მასაც შეხებოდა და სამუდამოდ დასნეულებული მღვდელი აღდგომას სახლში, სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად შეხვედროდა, მათ არც კი გაახსენდათ უძლურებაში მყოფი სასულიერო პირი.
რაც შეეხება ჩემს გეგმებს, აღდგომის შემდეგ გაათმაგებული ენერგიით გავაგრძელებ პროტესტის გამოხატვას. უფრო მრავალრიცხოვანი აქციები იქნება. და, რაც მთავარია, კარვებს ჩემი ოჯახის წევრები კიდევ სხვა ადგილებშიც გაშლიან, – აცხადებს თორნიკე მამალაძე.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა