მამუკა გამყრელიძე – “მეგონა, “ოცნება” ვადამდელ არჩევნებს დანიშნავდა”

მამუკა გამყრელიძე - "მეგონა, "ოცნება" ვადამდელ არჩევნებს დანიშნავდა"“ახალი თაობის” კითხვებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე პასუხობს.
– ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე გაკეთდა შეფასებები, რომ ის აცდენილია რეალობას.
– დიახ, აბსოლუტურად აცდენილია რეალობას. გამოდის და გვეუბნება, მადლობა უნდა მითხრათ, რამდენი რაღაც გაგიკეთეთო. რატომ მადლობას არ მეუბნებითო და თან გეუბნება, გამოთაყვანებული ხარო.
– კვლავაც ნაციონალურ მოძრაობას მიიჩნევს საშიშ ძალად და მოსახლეობასაც ისე ნაცების მობრუნებით აშინებს. რამდენად გამოუვა ეს?
– არ ვიცი, ეს რამდენად გამოუვა. მე უფრო მეშინია მოსყიდვის და დაშინების. ხალხი ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს, რა არის და როგორ არის. ვინ არის დღეს საშიში და ვინ საქმის გამკეთებელი. მთავარი უბედურება იმაშია, რომ გაჭირვებული ხალხის მართვა ძალიან ადვილია. ის ფიქრობს, რომ დღეს რომ მომცემენ 20-25 ლარს, ეს მირჩევნია.
– ამდენი რეგულაცია, საბანკო, საფინანსო, ძალიან ბევრი ტაქსის მძღოლი მალე უმუშევარი დარჩება. ამ ყველაფერს მოითმენს ხალხი?
– რუსთაველზე ტაქსისტების პროტესტს შევესწარი და მე თუ მკითხავთ, ეს მცირერიცხოვანი პროტესტი იყო. ძალიან ბევრი ტაქსი დადის დღეს ქუჩაში და იმ პროტესტს ეს არ ეტყობოდა.
ქართველები არ ვართ ერთ მუშტად შეკრული ხალხი. ეს გვახასიათებს საზოგადოდ. სამოქალაქო საზოგადოება, სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ძალიან სუსტი, დაურაზმავი და შეუმდგარი. ამიტომაც გვიბედავს მთავრობა ამდენს.
– რა იქნება 2020-თვის, თუ ასე გაგრძელდა? ან ეს უმრავლესობის დაშლა მიზანმიმართული პროცესი ხომ არ არის? ასეთი ვერსიაც არსებობს.
– რა თქმა უნდა, არსებობს ასეთი ვერსია. ბატონ ბიძინას ტყუილების ლაპარაკი კარგად გამოსდის, მაგრამ ეტყობა ხოლმე როდესაც ვინმეზე გაბრაზებულია. როგორც ჩანს, ბესელიაზე ძალიან გაბრაზებულია, იმიტომ, რომ საათნახევრიანი ინტერვიუდან ნახევარი დაუთმო ბესელიაზე ლაპარაკს. იმდენად გაღიზიანებული იყო, რომ ამას ვერ მალავდა.
– არ გაუკრიტიკებია სოციალ-დემოკრატები.
– კი და ასევე განსაკუთრებით თბილად მოიხსენია მაღრაძე და მისი ახალი გაერთიანება. როგორც ჩანს, მას აქვს იმედი, რომ ეს ფსევდოოპოზიციური პარტიები რაღაცნაირად შეურბილებენ მას სიტუაციას.
არ ვიცი, როგორ წარიმართება პროცესები, მაინც მგონია, რომ ხალხში კიდევ უფრო დაგროვდება პროტესტის შეგრძნება. მე მაინც მეგონა, რომ ვადამდელ არჩევნებს დანიშნავდნენ, იმიტომ, რომ რაც უფრო მალე იზამენ, მით უფრო ნაკლები იქნება პროტესტი. ეს რომ კიდევ გაიწელება 2020-მდე, წარმოიდგინეთ, რა იქნება. ცხადია, რომ სიტუაციის გაუმჯობესება არ იქნება, ეს რეალობაა. უფრო და უფრო გამძაფრებული სიტუაცია კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას გამოიწვევს.
ყველაზე უფრო საშიში არის ის, რომ აი ამ პირობებში ესენი დაიწყებენ აუცილებლად ქანჩების მოჭერას, სხვა გამოსავალი არ აქვთ. უკვე ჩანს ამის ნიშნები.
– რა მიმართულებით?
– ეს არის კრიმინალის ჩართვა, სუს-ის ზეწოლა. ეს არის პირდაპირი დაშინება ხალხის. აი ახლაც, ზუგდიდში, ექიმებთან გვქონდა საუბარი, მოხვალთ თუ არა შეხვედრაზე ოპოზიციურ კანდიდატთან. ძალიან ბევრმა ექიმმა გვითხრა, რომ კი, ჩვენ მხარს გიჭერთ, თქვენი მომხრეები ვართ, მაგრამ ვერ გამოვჩნდებით, იმიტომ, რომ დავკარგავთ სამსახურსო.
– რისი თქმა გსურთ, რომ შეშინებულიც ბევრი ყავთ?
– ექიმზეა ლაპარაკი, აქ არ არის ლაპარაკი უბრალო ადამიანზე, რომლის შეშინებაც და დამცირებაც ადვილია. ახლა გახდა ყველა მეგრელი, ახლა გაახსენდათ ზვიად გამსახურდია და უცებ მისი მომხრე რომ გახდა სუყველა, სირცხვილია უბრალოდ. არ რცხვენიათ მაინც? ჩვენ ხომ ყველაფერი გვახსოვს, არა?!
– თუკი წავიდა შანტაჟი, დაშინება, ჩაერთო უშიშროება და კრიმინალი, ამით რას მივიღებთ, ისევ “ოცნება” დარჩება ხელისულებაში თუ სიტუაცია უმართავი გახდება?
– მე ძალიან მეშინია სწორედ გამძაფრებული სიტუაციის. ყველაზე უფრო საშიში ეს იქნება. შეიძლება ცოტა ხანს მოუჭირონ ქანჩები, მაგრამ მერე ერთბაშად აფეთქდება. სულ მცირე ნაპერწკალი სჭირდება ამას.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა