მეგი გოცირიძე – “ივანიშვილი ოპოზიციაში გადადის”

მეგი გოცირიძე - "ივანიშვილი ოპოზიციაში გადადის"რა ხდება დასავლეთ საქართველოში, რატომ უნდა ივანიშვილს ზუგდიდის მერის არჩევნების მოგება, რა გადაიყოლებს “ოცნებას”, ვინ დაითვლის მაისის თვეში წიწილებს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე ესაუბრება.
მეგი გოცირიძე:
– ამ დღეებში დასავლეთ საქართველოში ვიყავი, იქ ნანახმა გამაოგნა და საშინელ ხასიათზე დამაყენა. აჭარას, გურიას და სამეგრელოს ფაროსანა ჰყავს შესეული. ეს სამი რეგიონი სრულად არის განადგურებული.
იცით, როგორ შთაბეჭდილება დამრჩა? თითქოს ტანკი იყო გატარებული. ტანკი რომ ანადგურებს ყველაფერს, ეგრეა სამივე რეგიონი ფაროსანასგან განადგურებული.
არადა ამ მოღალატეებმა უამრავი თანხები დახარჯეს იმის გასაპიარებლად, რომ მავნებელს ებრძოდნენ. იმის მაგივრად, რომ აზიური ფაროსანა შეეწამლათ, ადამიანები მოწამლეს.
– ადამიანები როგორ მოწამლეს?
– უხარისხო წამალი იქნა შემოტანილი, რომელმაც ფაროსანას ვერაფერი დააკლო. ეს წამალი ხალხს დაურიგეს და ნორმალურადაც კი არ აუხსნეს, როგორ უნდა მომხდარიყო მისი გამოყენება. რამდენიმე ადამიანი სერიოზულად მოიწამლა. სამაგიეროდ, ივანიშვილი გრძნობს თავს კარგად.
– მოდით, ფაროსანას შევეშვათ და ის გვითხარით, ზუგდიდში რა ხდება?
– რა ხდება და ხელისუფლება ტოტალური გაყალბებისთვის ემზადება. ხდება წარმოშობით ზუგდიდელი საჯარო მოხელეების ამ ქალაქში ჩაწერა. ეს საქმე თეა წულუკიანს აქვს დავალებული და ისიც სიხარულით ასრულებს ამ მისიას.
ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, ზუგდიდის მერის არჩევნები მოიგოს. ის ყველაფერს იკადრებს.
– რატომ არის მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ამ არჩევნების მოგება?
– ის ხომ სააკაშვილს ებრძვის და ამ არჩევნებით ჰგონია, რომ მიშას მოერევა. სასაცილოა ეს ყველაფერი. მოვა მაისი და ნახავთ, რაც მოუვა მოღალატეს.
– ირაკლი კობახიძე, ამბობს, რომ წინასწარ არაფერს იტყვიან და წიწილებს მაისში დაითვლიან.
– ფრთხილად იყოს, წიწილები არსად გაეფანტოს. სხვა მის ადგილზე ხმასაც არ ამოიღებდა არჩევნებზე. ამას პირი დაუღია და წიწილებს დავითვლითო.
წიწილების დათვლამდე ოლიგარქის მსახურს ვურჩევ, პროცენტების დათვლა ისწავლოს. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურშიც გამოაცხადა შედეგები და მერე დარჩა გაბაიბურებული.
ეგ შარშან ზაფხულშიც იძახდა, წიწილებს შემოდგომაზე დავითვლითო, როგორც დაითვალესნ კარგად ნახეთ – მილიონი ამომრჩეველი წავიდა მათ წინააღმდეგ.
ახლა მთელი ძალები ზუგდიდში ჰყავთ გადასროლილი, მაგრამ აღარაფერი გამოუვათ. ირაკლი კობახიძეს კი ვურჩევნ რომ საჯარო განცხადებებისგან თავი შეიკავოს. სხვა თუ არაფერი, სირცხვილია, იყო ამ პარლამენტის თავმჯდომარე.
– რატომ არის სირცხვილი?
– იმიტომ, რომ ის, რასაც ეგ სპიკერობს, პარლამენტი არ არის. ეს არის რუსეთის გოსდუმის ფილიალი – ქოცდუმა.
იმდენ სისულელეს აკეთებენ, იმდენ დანაშაულს სჩადიან, რომ ამაზე აუცილებლად მოსთხოვს მათ ხალხი პასუხს. იმის წარმოდგენაც კი მეშინია, თუ როგორი იქნება ეს პასუხი.
ჩვენ იმის გვეშინია, ამათ დასრულებას ხალხმა ქვეყნის ინტერესებიც არ გადააყოლოს, როგორც ნაბან წყალს ბავშვი.
ქართველი ხალხი ბევრ რამეს მოითმენს – შიმშილს, სიცივეს, მაგრამ დამცირებას არავის აპატიებს. ეს ხელისუფლება კი ხალხის დამცირებაზე გადავიდა.
– მეოცნებეები ამბობენ, ხალხს ღირსება დავუბრუნეთო.
– ღირსების დაბრუნებაში რას გულისხმობენ, 1 ლარი და 18 თეთრი რომ გამოუყვეს 1 სულ ადამიანს – საკვებად საკმარისიაო.
– თქვენ დროსაც 1.18 თეთრი არ იხარჯებოდა?
– ასე იყო, მაგრამ ჩვენ დროს სხვა ფასები იყო. კომბოსტო 20 თეთრი ღირდა. ახლა 1.50 ღირს. უფასო სასადილოებში ბენეფიციარებს კომბოსტოს გარეშე უმზადებენ ბორშს. ეს არის ღირსების დაბრუნება?
ან იქნება იმას ეძახიან ღირსების დაბრუნებას. რომ ბავშვები შიმშილით იხოცებიან. კარგი. მე ნაცი ვარ და ხალხს სიცრუეში ვაცხოვრებ, მაგრამ გაეროს დასკვნაზე რას გვეტყვიან? იქ პირდაპირ წერია. რომ საქართველოში ბავშვები შიმშილით იხოცებიან. ეს იმ ქვეყანაში ხდება, რომლის მმართველიც პლანეტის უმდიდრესი ადამიანია.
– “ოცნება” ამბობს, რომ ივანიშვილი არ არის ქვეყნის მმართველი.
– აბა ვინ არის? მამუკა ბახტაძე თუ ირაკლი კობახიძე? ქვეყანას დაეპატრონა სვავი და, როგორც უნდა, ისე იქცევა. მტერი თბილისიდან 40 კილომეტრში კი არ არის, არამედ შუა თბილისში, სოლოლაკის მთაზეა წამოსკუპებული.
ადრეც გითხარით და გავიმეორებ, რომ 2012 წელს ნაციონალების დახმარებით გასულ მაჟორიტარებს ჩვენთვის რომ არ ეღალატათ, ივანიშვილი პარლამენტში უმრავლესობას ვერ აიღებდა.
ამ ადამიანს გარშემო ძირითადად სულ მოღალატეები ახვევია. მათ შორის ისინი, ვინც ბადრი პატარკაციშვილს უღალატა.
ბადრი პატარკაციშვილის ყველაზე დიდი მტერი იყო ივანიშვილი. შეგახსენებთ მის სიტყვებს – ამ ქვეყანაში ორი მილიარდერი მეტისმეტია და ბადრი დააძინეთ.
მე არაფერს არ ვამტკიცებ, ფაქტი ისაა, რომ პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ შეძლო მან ხელისუფლების ხელში ჩაგდება.
ახლა ყველაფერი მის ხელშია, მეშვიდე წელია, ხელისუფლებაშია და მაინც მიშას ოპოზიციად რჩება. მალე ოფიციალურად გადაინაცვლებს ოპოზიციაში. მისი და სხვა მოღალატეების ადგილი არის ციხეში, სადაც ძალიან მალე მოხვდებიან. ისინი ყველა დანაშაულისთვის აგებენ პასუხს.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა