შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის ყოფილმა მოადგილემ ვარლამ ხათრიძემ მმართველი პარტიის მომხრეები შოკში ჩააგდო. მან სოციალურ ქსელში გახარიას ფანებისთვის ინფარქტამდე მიმყვანი ინფორმაცია გაავრცელა.
ხათრიძის მტკიცებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა შესაძლოა საქართველოს თანამდებობასთან ერთად დატოვოს და რუსეთისკენ მიმავალ გზას დაადგეს.
ვარლამ ხათრიძემ შს მინისტრი გიორგი გახარია შანტაჟში დაადანაშაულა. გახარიას შესაძლო წასვლის მიზეზად ხათრიძე იმ ფაქტს ასახელებს, რომ შს მინისტრმა პრემიერის თანამდებობა ვერ დაიკავა.
ხმები გახარიას პრემიერად შესაძლო დანიშვნაზე არაერთხელ გავრცელდა. შს მინისტრი მთავრობის მეთაურობასთან რამდენჯერმე იყო ახლოს, მაგრამ მას ყოველთვის ვიღაც უშლიდა ხელს.
– შს მინისტრი გახარია რამოდენიმე დღის წინ დამაჯერებელი სახით გვიმტკიცებდა, რომ პრემიერ მინისტრობისაკენ არ მიისწრაფის, არც უნდა და არც მიზანი არ აქვს. არადა მისი უახლოესი გარემოცვა სულ ცოტახნით ადრე დეტალურად მიყვებოდა, რომ არათუ მიზანი ჰქონდა არამედ დამსახურებულადაც მიიჩნევდა თავს პრემიერად… ვციტირებ “თუ არ დააფასებდნენ საერთოდ წავიდოდა ქვეყნიდან და თავის საქმეს მიხედავდა”, მგონი რუსეთში, – წერს სოციალურ ქსელში ვარლამ ხათრიძე.
ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა მინისტრის გარემოცვა არ ადასტურებს. მათი თქმით, გახარია არსად წასვლას არ აპირებს.
ინფორმაციას არც “ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრთა ადასტურებს. მათ შს მინისტრი გულზე დიდად არ ეხატებათ, მაგრამ ხმამაღლა ამბობენ, რომ გახარია მშვენივრად ასრულებს მოვალეობებს და არსად წავა.
ხმები გახარიას მოსკოვში გაჭრის შესახებ გადაჭარბებულად ეჩვენება სამოქალაქო აქტივისტ ლადო სადღობელაშვილს. ის მმართველი პარტიის კულუარებში კარგად არის ჩახედული და ბევრი რამე იცის.
ის შსს-ს გენინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ერთგვარ შურისძიებად მიიჩნევს.
– ვარლამ ხათრიძეს ვიცნობ, ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ რაც გახარიაზე დაწერა, გაზვიადებულია. გახარიამ გამოუშვა ის სამსახურიდან და ძალიან გაბრაზებულია. ამიტომაც დაუწერა ასეთი რამე, – ამბობს “ახალ თაობასთან” საუბარში სამოქალაქო აქტივისტი.
მართალია, მას ხათრიძის ვერსიის არ სჯერა, მაგრამ ამბობს, რომ არაფერი უნდა გამოვრიცხოთ.
– როცა პოლიტიკაზე და საქართველოს მთავრობის წევრებზე საუბრობ, გადაჭრით არაფერი არ უნდა თქვა. კაცმა არ იცის, ხვალ მოხდება. რაღაცა შეიძლება გადატრიალდეს და შს მინისტრს გასაქცევად გაუხდეს საქმე.
შეიძლება მას მართლაც უნდა რუსეთში დაბრუნება და არა იმის გამო, რომ აქ რამე მოთხოვნები არ შეუსრულეს. იქ მან დიდი ხნის მანძილზე იცხოვრა. იქ იშოვა ფული და ადრე თუ გვიან წავა კიდევაც. ამ წლის ბოლომდე მისი წასვლა გამორიცხულია, – აღნიშნავს სადღობელაშვილი.
მისი მტკიცებით, “ოცნების” და ქვეყნის მმართველი გახარიას წასვლას არაფრით დაუშვებს.
– თითქმის დარწმუნებული ვარ და ამის შესახებ “ოცნებიდანაც” მაქვს ინფორმაციები, რომ ივანიშვილი გახარიას არსად გაუშვებს. გასულ წელს ივანიშვილმა გვითხრა, ერთი წელი მაცალეთ და ყველაფერს დავალაგებო. ეს ერთწლიანი ვადა 2019 წელს იწურება.
გახარია 2019 წლის ბოლომდე არსად არ წავა. უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვი, რომ ივანიშვილი არსად გაუშვებს. შს მინისტრი კარგი შემსრულებელია და მან ბოსს კიდევ ბევრი დავალება უნდა შეუსრულოს, – მიიჩნევს სამოქალაქო აქტივისტი.
რა დავალებები უნდა შეასრულოს გახარიამ, ამას სადღობელაშვილი არ აკონკრეტებს. მხოლოდ იმას ამბობს, რომ წლის ბოლომდე ბევრი რამ იქნება გასაკეთებელი. ეს გასაკეთებელი გახარიამ შს მინისტრის რანგში უნდა გააკეთოს.
მისი თქმით, გახარიას პრემიერობის დიდი სურვილი თავად არ აქვს. სამოქალაქო აქტივისტი ამბობს რომ შს მინისტრი ფაქტიურად პრემიერია.
– ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ გახარია პრემიერი გახდებოდა. რამდენადაც მე ვიცი, ის თავიდან დაიყოლიეს ამაზე, მაგრამ მერე უარი თქვა. პრემიერობა მას არაფერში სჭირდება. ივანიშვილის შემდეგ მაინც ეგ არის მთავარი.
გარდა იმისა, რომ “ოცნების” მეთაური მას ენდობა, გახარიას დე-ფაქტო პრემიერობაზე ისიც მეტყველებს, რომ ყველა ძალოვან სტრუქტურას ის აკონტროლებს. ერთი თავდაცვა დარჩა აუღებელი და იქაც მალე დაინიშნება მისი კადრი, შავლეგო ტაბატაძე. ახლა მითხარით, რაში სჭირდება მას პრემიერის თანამდებობა, კაცი ისედაც პრემიერია, – ამბობს სადღობელაშვილი.
რაკი ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა, არ არის გამორიცხული, გახარია რომ წავიდეს. მართალია, მას “ოცნების” ლიდერი ენდობა, მაგრამ არა იმდენად, როგორც ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის გაშვებაც ოლიგარქმა ერთ დღეში გადაწყვიტა. შესაბამისად, არაა გამორიცხული, გახარიასაც დაურეკონ ივანიშვილის სახელით და უთხრან, ბრიფინგი დანიშნე და გადადგომის შესახებ გააკეთე განცხადებაო.
გახარიას “ოცნებაში” გუნდი და, შესაბამისად, დასაყრდენი არ ჰყავს. მეოცნებეების ნაწილს ძალიან აღიზიანებს მის დაახლოება ივანიშვილთან. სადღობელაშვილი არ გამორიცხავს, რომ ვიღაცებმა შს მინისტრზე მთავარ მეოცნებეს ჭორები მიუტანონ და მის მიმართ უარყოფითად განაწყონ.
– გახარიას “ოცნებაში” ბევრი მტერი ჰყავს, მაგრამ წლის ბოლომდე მაინც არ შეელევა ივანიშვილი. ეს ადამიანი ახლა როგორც ნაცების ბუა, ისე აღიქმება. ხან ნიკა მელია გაატანინა რუსთაველიდან, მერე დათო კირკიტაძე დააკავა. პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა, საჭირო თუ გახდება, სხვა ნაცებსაც ჩავაგდებო.
იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი მის გაშვებას დათანხმდება, დაამტკიცებს, რომ ნაცებთან არის შეკრული, რადგან, ვინც ნაცების წინააღმდეგი იყო, ყველა “ოცნების” მიღმა აღმოჩნდა. ამიტომ მგონია, რომ შს მინისტრი არ შეიცვლება, – აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი.
გახარიას მოსკოვში შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია “ოცნებასთან” დაახლოებულ პირებთანაც გადავამოწმეთ. ჩვენი წყაროს თქმით, გახარია წავა, მაგრამ ზუგდიდში და არა – მოსკოვში.
ზუგდიდში მერის ვადამდელი არჩევნებია. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ ქალაქის მოგება შს მინისტრს აქვს დავალებული.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა