„პარი სენ-ჟერმენის“ ბრაზილიელმა ფორვარდმ ნეიმარმა გულშემატკივარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
27 წლის ნეიმარის გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ ახალგაზრდა კაცი თავისი ტელეფონით ფეხბურთელის გადაღებას ცდილობდა.
ეს ამბავი საფრანგეთის თასის ფინალის შემდეგ მოხდა, რომელიც პსჟ-სა და რენს შორის გაიმართა.
ამ შეხვედრაში ნეიმარმა პარიზელთა მეორე გოლი გაიტანა, რის შემდეგ პარიზული გრანდი 2:0-ს იგებდა, მაგრამ შემდეგ დიდი მოულოდნელობა მოხდა – რენმა ანგარიში გაათანაბრა, პენალტების სერია მოუგო და პსჟ უთასოდ დატოვა.