ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტობა ალმას ჯაპუასაც მოუნდა – “აფხაზეთის ტერიტორიის ნახევარი გაველურებულია”

ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტობა ალმას ჯაპუასაც მოუნდა - "აფხაზეთის ტერიტორიის ნახევარი გაველურებულია"ოკუპირებულ აფხაზეთში საპრეზიდენტო კანდიდატების ოფიციალურად წარდგენა 22 მაისიდან დაიწყება, თუმცა პრეტენდენტების დასახელება გრძელდება. საზოგადოებრივმა გაერთიანებამ “საერთო საქმე” თავის რჩეულად საპრეზიდენტო არჩევნებისათვის დეპუტატი ალმას ჯაპუა გამოაცხადა.
ალმას ჯაპუას, ისევე, როგორც ასტამურ თარბას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფები აყენებენ.
“ახალი თაობა” წერდა, რომ დეფაქტო არჩევნებში ასევე მოსალოდნელია საოკუპაციო რეჟიმის მოქმედი ლიდერის, რაულ ხაჯიმბასა და აქტიური ოპოზიციონერი დეპუტატის, ასლან ბჟანიას ჩართვა.
მოსკოვის საავადმყოფოში მყოფი ასლან ბჟანიას მომხრეებს იმედი აქვთ, რომ მათი ლიდერი მალე დაუბრუნდება პოლიტიკურ ცხოვრებას.
ასლან ბჟანია რამდენიმე წელია, აცნობს საზოგადოებას თავის პროგრამულ შეხედულებებს. იგი თითქმის ყველა სფეროში ძირეული რეფორმების მომხრეა. ბოლო დროს მთავრობის ოპტიმიზაციაზე, კორუფციასთან ბრძოლაზე, ასევე ანქვაბის ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებით თავი გამოიჩინა ასლამ ჯაპუამ.
დასახელებულ და პოტენციურ კანდიდატებში საიმედო ლიდერს ვერ ხედავს სოხუმელი ანალიტიკოსი ნადეჟდა ვენედიქტოვა. მისი აზრით, აფხაზეთის პოლიტელიტის არც ერთ წარმომადგენელს არ გამოუჩენია შორსმჭვრეტელობა, არ გაუაზრებია დღის წესრიგის სირთულე და არ შემოუთავაზებია კრიზისიდან გამოსვლის ზომები.
– აფხაზეთის ტერიტორიის ნახევარი ამოვარდნილია საწარმოო ციკლიდან და ველურდება. მის რეკულტივაციას კაპიტალდაბანდება სჭირდება. აფხაზეთის მდიდარი ბუნებრივი რესურსების ასათვისებლად აუცილებელია ფინანსები და მუშახელი.
აფხაზეთმა ბევრი დრო დაკარგა იმის გამო, რომ მისგან საქართველოში დაბრუნებას მოითხოვდნენ. ამან მოახდინა აფხაზი საზოგადოების დეზორიენტაცია და საკუთარი გეზიდან გადახვევა. ამ პერიოდში მოხდა კანონიერების დაკნინება. ადამიანები თავს ირჩენდნენ კლანებისა და ნათესავების დახმარებით. კანონიერების არარსებობამ და უსაფრთხოების დაუცველობამ შეაფერხა ინვესტორების შემოსვლა და რეპატრიანტების დაბრუნება ახლო აღმოსავლეთიდან. დაბრუნებულმა რეპატრიანტებმა ვერ მოახდინეს ადაპტირება, – ასკვნის ვენედიქტოვა.
აფხაზეთში ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას ფსოუზე არსებული ბარიერების გამო, რაც აფერხებს აფხაზური პროდუქციის გატანას რუსეთში.
საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე არსებულ პრობლემებს ვენედიქტოვაც აღიარებს. მისი თქმით, ფსოუზე შექმნილია ადმინისტრაციული დაბრკოლებები. აფხაზური ნედლეულის თვითღირებულებას ზრდის თანამედროვე ტექნოლოგიების უქონლობა. მაგალითად, რუსეთში აფხაზური მანდარინი მაროკოს მანდარინზე ძვირია.
ისაუბრებენ თუ არა ამ საკითხებზე საპრეზიდენტო კანდიდატები, უცნობია.
დეფაქტო პრეზიდენტ ხაჯიმბასთვის ბოლო დროს მთავარი თემა ნაგავი გახდა. იგი სოხუმის მაიაკის დასახლების მოსახლეობას იქაური ნაგავსაყრელის გადატანას დაჰპირდა. ნოემბერში სხვაგან დამთავრდება ნაგვის პოლიგონის აშენება.
სოხუმელებმა აქციები არც ამ დაპირების შემდეგ შეწყვიტეს. ამის შედეგად, ნარჩენების გადასაყრელად ყველა მხრივ დაჩაგრული გალის რაიონი შეირჩა.
თემა ამით არ ამოწურულა. აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატა მიმართავს ხაჯიმბას, ძირეულად მოაგვაროს საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციის საკითხი აფხაზეთში. ამისთვის პალატას აუცილებლად მიაჩნია ნარჩენების მართვის ეროვნული პროექტის შემუშავება; სანიტარული ნორმების დაცვით, სოხუმის მაგივრად, ნარჩენების აფხაზეთის სხვადასხვა რაიონში გატანა; ასევე ხანგრძლივი მონიტორინგის ორგანიზება სოხუმის ყოფილ და სხვა ნაგავსაყრელებზე.
ხაჯიმბას ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აფხაზეთში ნაგვის მცირე მოცულობის გამო ნაგვის გადამამუშავებელი ქარხანა ვერ აშენდება, საზოგადოებრივი პალატის ზოგიერთ წევრს კი დაებადა აფხაზეთიდან ნარჩენების რუსეთში გატანა-გადამუშავების იდეა.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა