ოთარ ანგურიძე – “პური აღარ გაძვირდება”

ოთარ ანგურიძე - "პური აღარ გაძვირდება"ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ანგურიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში პურისა და პურპროდუქტების გაძვირებაზე და ამოქმედებულ საბანკო რეგულაციებზე საუბრობს.
– ბატონო ოთარ, რამდენად რეალურია, რომ ქვეყანაში პური და პურპროდუქტები კიდევ უფრო გაძვირდეს? კვლევებზე დაყრდნობით ამაზე არის საუბარი. თუმცა, ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აცხადებენ, რომ ისინი ამას არ დაუშვებენ.
– ცოტა ხნის წინ საქართველოში პური 10 თეთრით გაძვირდა, რაც კომერციულ სექტორზე გაზის ტარიფის ზრდით იყო განპირობებული. თუმცა, არსებული მოცემულობით, ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ პურზე და ხორბალზე ფასები კიდევ შეიძლება გაიზარდოს.
ბოლო პერიოდის განმავლობაში შიდა წარმოება სტაბილურად მზარდია, რაც მთლიანად უზრუნველყოფს შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებას. რა თქმა უნდა, დეფიციტის შესავსებად იმპორტული ხორბალი სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდის, მაგრამ ფასები იმდენად რეგულირებადია, რომ ძნელად სავარაუდოა, რაიმე ტიპის გაძვირება გამოიწვიოს.
მე არ ვფიქრობ, რომ წელს ჩვენ გაზრდილი პურისა და ხორბლის ფასი გვექნება.
– უკვე გაძვირებული პური, მაგალითად პენსიონერისთვის, რომლის დღიური ულუფა ხშირ შემთხვევაში 1 ფუნჯანი ჩაი და 1 ნაჭერი პურია, როგორ აისახება? ამ დროს როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს პოზიცია, შეიძლება პენსია გაზარდოს?
– რასაკვირველია, მე ვერ დავეთანხმები იმას, რომ პურის გაძვირებას პენსიის ზრდა უნდა მოჰყვეს ან სხვა სოციალური დახმარებების გაზარდა, რადგან ეს კიდევ უფრო დიდ უკუეფექტს გამოიწვევს ეკონომიკაში. ამას აუცილებლად მოჰყვება ნეგატიური ფაქტორები.
მე არ ვვარაუდობ, რომ ჩვენ ქვეყანაში უახლოეს მომავალში ამ ტიპის რისკები გვექნება. არ მგონია, რომ ამ მიმართულებით განვითარდეს მოვლენები.
ფინანსთა მინისტრმა როდესაც ეს განცხადება გააკეთა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ პური არ გაძვირდეს, მან ის ბერკეტები იგულისხმა, რომლებიც რისკის შემთხვევაში შეიძლება სახელმწიფომ აამოქმედოს
– ფინანსთა მინისტრმა ამოქმედებულ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შეიძლება ამ რეგულაციების გადახედვა მოუწიოთ. თუმცა, ეროვნული ბანკი ჯერ არაფერს აპირებს ამ მიმართულებით. მინისტრი მაჭავარიანი აცხადებს, რომ ამ მასშტაბის რეგულაციების მომხრე არ არის. რას იტყვით?
– ვერ გეტყვით, ფინანსთა მინისტრმა რატომ გააკეთა ეს განცხადება. თუმცა, მე მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ ადრეა მიღებული გადაწყვეტილების გადახედვა. ჯერ არ არის გასული ის დრო, რომ პროცესი დადებითად ან უარყოფითად შეფასდეს.
– ფინანსთა მინისტრი სამშენებლო ბიზნესზე აკეთებს აქცენტს, რომელსაც მართლაც დაარტყა ამ რეგულაციებმა.
– საბანკო სექტორში რეგულაციები აუცილებელი იყო. ასევე აუცილებელი იყო საკრედიტო ნაწილში. რეგულაციები დაწესებული არ არის მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. მეტიც, მიმაჩნია, რომ ჩვენ რეგულაციების დაწესება დავაგვიანეთ კიდეც.
– რამდენად შეიძლება მყარი არგუმენტი იყოს სწორედ რეგულაციების ნაწილში, რომ ბიზნესი განადგურდება?
– ვერ დავეთანხმები ამ არგუმენტს. რას შეეხო მკაცრად რეგულაცია, ეს არის ორი მიმართულება: ერთი, განვადების მიმართულება და მეორე, იპოთეკური მიმართულება.
რა შედეგს გვაძლევს ეს რეგულაციები: ბანკები ასე მარტივად, მხოლოდ პირადობის წარდგენის საფუძველზე აღარ აძლევენ სესხს. აქამდე რა ხდებოდა – ადამიანები მიდიოდნენ და ტელეფონი ან სხვა ნივთი გამოჰქონდათ ყოველგვარი დამატებითი დასაბუთების გარეშე, შეძლებდა კი ადამიანი ამ ვალის დაფარვას. მერე ამ ადამიანებს უგროვდებოდათ ბანკის ვალი, რასაც მოჰყვებოდა რეკვები, სახლებში, სამსახურებში მისვლა, მიკითხვები. ადამიანები ამ რეალობის წინაშე ხვდებოდნენ ისე, რომ ვერც აცნობიერებდნენ, ისე აღმოჩნდებოდნენ მძიმე ფაქტის წინაშე.
გარკვეული სახის შემოსავალი თუ დაუფიქსირდებოდათ, ბანკი მის კონფისკაციას ახდენდა. ამიტომ, ადრე რომ გვქონოდა ეს რეგულაციები, ბევრი ადამიანი ამ ვითარებაში არ აღმოჩნდებოდა.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა