იხარე, ერო – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობიდან გადადგა. სხვა ქვეყანაში ეკონომიკის მინისტრის წასვლას ალბათ სიხარულით არ შეხვდებოდნენ, გიორგი ქობულია ის იშვიათი გამონაკლისია, როცა ნამდვილად უნდა ვიზეიმოთ.
ყველა კარგად აცნობიერებს, რომ ქართულ ეკონომიკას კარგა ხანს ვერავინ უშველის. ამდენად, ჩვენთვის სულერთია, ვინ დაიკავებს ამ პოსტს, მაგრამ იმაში კი ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ მომავალი მინისტრი ისეთ რაღაცებს არ იტყვის, რასაც ქობულია ამბობდა.
მმართველი ძალა რომ რამდენიმე მინისტრის შეცვლას აპირებს, ამის შესახებ მედიაში უკვე კარგა ხანია საუბრობენ. შესაცვლელი მინისტრების სია რამდენჯერმე შეიცვალა, მაგრამ ქობულია ყველა სიაში ინარჩუნებდა ადგილს.
სამთავრობო ცვლილებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს პარლამენტში და მთავრობაშიც მონაჭორს უწოდებდნენ. თავისი ჭკუით, არსად წასვლას არ აპირებდა ეკონომიკის აწ უკვე ყოფილი მინისტრი.
მან თანამდებობა გუშინ, 18 აპრილს, დატოვა. “ახალი თაობა” სწორედ გუშინდელ ნომერში წერდა, რომ ეკონომიკის მინისტრი შეიცვლებოდა.
ხელისუფლებასთან დაახლოებული წყარო “ახალ თაობას” მოუყვა, რომ ქობულიას გადაყენება პირადად ივანიშვილმა მოითხოვა. “ოცნების” ლიდერმა აწ უკვე ექსმინისტრს პრემიერის პირით შეუთვალა, განცხადება დაწერე და წადიო.
ეს უფრო უხეში ფორმებით იყო ნათქვამი, მაგრამ გაზეთის ფორმატი არ იძლევა ამ ტერმინოლოგიის გამოყენების შესაძლებლობას.
მთავარი მეოცნების დანაბარებმა ქობულია ძალიან გააბრაზა. მან პრემიერ ბახტაძეს უთხრა, რომ თავად არ დაწერდა განცხადებას.
– თუ მაგარი ბიჭი ხარ, შენ მომხსენი, – ასე მიმართა ჯერ კიდევ მინისტრმა მთავრობის მეთაურს.
ბახტაძემ ქობულიასგან საყვედურიც მიიღო.
– თუ უნდა გაგეშვით, რატომ ჩამომიყვანეთ რუსეთიდან. იქ კარგი სამსახური მქონდა, თქვენი ბავშვი ხომ არ ვარ? – ასე საყვედურობდა თურმე გაჯიუტებული ქობულია ბახტაძეს.
ეს სიუჯიუტე რამდენიმე დღეს გაგრძელდა. ბოლოს ქობულიამ ფარხმალი დაყარა, კალამი აიღო და უსტარის წერას შეუდგა.
გადადგომის შესახებ განცხადებას პრემიერმა ბახტაძემ დიდი სიხარულით მოაწერა ხელი.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ უნდოდათ “ოცნების” ლიდერებს, რომ ქობულია საკუთარი განცხადების საფუძველზე წასულიყო.
ეს ალბათ ახლო მომავალში გაირკვევა. ამ მთავრობაში დამალული არაფერი რჩება. მეოცნებეები ამბების გამოტანაში ერთმანეთს ასწრებენ.
ქობულიას წასვლა და ახალი მინისტრის წარდგენა ოფიციალურად დღეს, 19 აპრილს, მოხდება.
უკვე ცნობილია, თუ ვინ დაიკავებს მინისტრის სავარძელს. ქართულ ეკონომიკას ნათია თურნავას ჩააბარებენ, რომელსაც აქამდე მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.
ხმები მისი გამინისტრების თაობაზე უკვე დიდი ხანია დადის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თურნავას გამინისტრებას ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და ოლიგარქი ვანო ჩხარტიშვილი ლობირებდნენ.
ოპოზიცია ქობულიას გამოჩენის დღიდან გმობს და მისი გადადგომაც არაერთხელ მოუთხოვია, მაგრამ როგორც კი ეს კაცი გადადგა, ერთი ამბავი ატეხა, ნამდვილი მიზეზი დაასახელეთო.
ოპოზიციის პროტესტს ხელისუფლებიდან ახლახანს წასული ლევან გოგიჩაიშვილიც შეუერთდა.
პარლამენტის წევრი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი ახსნა-განმარტება უნდა გააკეთოს ქობულიას წასვლის შესახებ და საკითხით პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტიც უნდა დაინტერესდეს:
– მე ვიმედოვნებ, რომ პრემიერი კომიტეტზე მოვა და დაასაბუთებს ამ გადაწყვეტილებას. იმდენი საკითხია, რომ ბევრი რამის გამო შეიძლება გაეშვა მისი გადმოსახედიდან, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რეალური მიზეზი. თუ ის ვიღაცას ფეხებში ებლანდებოდა და მხოლოდ ამის გამო გაუშვეს, მაშინ პრემიერ-მინისტრიც გასაშვებია, თუ ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს სხვისი დაკვეთით და არა – საკუთარი უფლებამოსილებებით.
ჩვენ გვაინტერესებს, რატომ გადადგა ქობულია, რას ერჩოდნენ, გამოვიდეს და თქვას. არ შეიძლება ამ ამბის გატარება, – აღნიშნა დეპუტატმა.
ვნახოთ, რა ფეხით წავა ქობულია მთავრობიდან. როგორც ამბობენ, მთავრობაში კიდევ რამდენიმე მინისტრის შეცვლა იგეგმება.
მართალია, უცნაური განცხადებების ავტორის გადადგომა ივანიშვილის კაპრიზს უკავშირდება, მაგრამ არაა გამორიცხული, აქ სხვა რამეშიც იყოს საქმე.
“ოცნებასთან” დაახლოებული სხვა წყარო “ახალ თაობას” უყვება, რომ ქობულიას წასვლა, შესაძლოა, პირდაპირ კავშირში იყოს გიორგი გახარიას ამერიკაში ვიზიტთან.
შს მინისტრი, რომელიც მომავალში პრემიერად მოიაზრება, აშშ-ში თითქმის ერთი კვირა იმყოფებოდა.
ჩვენი წყარო ვარაუდობს, რომ გახარიას ხელით ამერიკელებმა ივანიშვილს მოსახსნელი ხალხის სია ჩამოუტანეს.
ამერიკა საქართველოში მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას აპირებს და რუსეთში გამდიდრებული ეკონომიკის მინისტრი, შესაძლოა, ხიფათისშემცველი აღმოჩენილიყო.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა