რამაზ საყვარელიძე – “რეალური მესამე ძალა “ოცნებასაც” მოუგებს და ნაციონალებსაც”

რამაზ საყვარელიძე - "რეალური მესამე ძალა "ოცნებასაც" მოუგებს და ნაციონალებსაც"პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო რამაზ, უკრაინაში საკმაოდ მაღალი პროცენტით გაიმარჯვა კომიკოსმა ზელენსკიმ. ცოტა ხნის წინ ასეთივე არასისტემური პოლიტიკიდან მოსულმა პაშინიანმა სომხეთში. რატომ ამბობს უარს ამომრჩეველი ტრადიციულ პოლიტიკოსზე?
– ამის მაგალითები არის ევროპაშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ტრამპი რომელი სისტემური პოლიტიკოსია?! ტრამპის გამარჯვებას თავის დროზე ელოდა ვინმე?! ამომრჩეველი ყველგან ერთნაირია. მე არ განვასხვავებდი სომეხ ამომრჩეველსა და ამერიკელ ამომრჩეველს. ადამიანს უკეთესი მომავალი უნდა, უკეთესი ცხოვრება უნდა. დიახ, ამომრჩეველი სისტემურ პოლიტიკოსზე უარს ამბობს და ეძებს სიახლეს. რამდენად გაამართლებს ეს ექსპერიმენტი, ამას დრო გვიჩვენებს.
აქ მაინც მნიშვნელოვანი არის ამომრჩევლის გულაცრუება. ამომრჩეველს მობეზრდა პოლიტიკური ელიტა და იმის მიღმა ეძებს. თუმცა, ეს ახალი ფიგურები თავის მხრივ რაღაც სისტემის ნაყოფები არიან ან ხშირ შემთხვევაში მათ უკან დგანან სისტემები. მაგალითად, ზელენსკის უკან დგას უკრაინელი მილიარდერი კოლომოისკი, რომლის არხზეც ითამაშა მან პრეზიდენტი და შემდეგ გახდა კიდეც პრეზიდენტი. მართლაც საოცარი შემთხვევაა.
– რას იზამს ზელენსკი, რომელსაც არავითარი პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს?
– მოლოდინები ძალიან დიდია. 73%-ით გაიმარჯვა, ამაზე მეტი მოლოდინი რა გინდა, ამ ხალხს თუ იმედები გაუცრუვდა, მერე უკვე ძალიან ცუდი იქნება, რაც ჩვენთან არაერთხელ ყოფილა. იმედგაცრუებულ ამომრჩეველზე საშიში არაფერია.
რა ხდება უკრაინაში, გასაგებია, ყველამ იცის. ვერ გეტყვით, რას იზამს, ძალიან რთული სათქმელია. იქნებ მისი მიდგომა უკეთესი იყოს, ვიდრე პოროშენკოსი იყო, რომელიც კორუფციიდან ვერა და ვერ გამოძვრა და სწორედ კორუფციამ დაამარცხა.
– რამდენად გადამდები შეიძლება აღმოჩნდეს ეს მოვლენები საქართველოს პოლიტიკისთვის?
– ქართველ საზოგადოებაშიც აშკარაა, რომ არსებული პოლიტიკური ელუტის მიმართ გაუცხოებაა. ჩვენ კვლევებზე დაყრდნობით ვიცით, რომ ქართველი ამომრჩეველი ძიების პროცესშია და მას არ მოსწონს არსებული პოლიტიკური რესურსი.
საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ ამომრჩეველს არ უნდა არც ერთი პარტიის კანდიდატი. საერთოდ პოლიტიკურ პარტიაზე ამბობს უარს ამომრჩეველი.
– რატომ, პოლიტიკური პარტიები დისკრედიტირებულები არიან?
– ამას ამბობს თავისი გადაწყვეტილებით ამომრჩეველი. ამის ყველაზე კარგი მაგალითი იყო ალეკო ელისაშვილი, რომელმაც თბილისის მერის არჩევნებზე კენჭი იყარა. კახა კალაძეს უზარმაზარი პარტია, სახელისუფლო პარტია მთელი თავისი ატრიბუტიკით, რესურსით მხარს უჭერდა, თავადაც სერიოზული კანდიდატი იყო, მაგრამ რა მოხდა?! ალეკო ელისაშვილმა, მარტოკაცმა, ყოველგვარი პარტიის და სახელისუფლო რესურსის გარეშე, ბრძოლა კინაღამ მეორე ტურში გადაიტანა. ეს რისი მაგალითია თუ არა იმის, რაზეც ვისაუბრეთ?! დიახ, ყველგან, მთელ მსოფლიოში და რასაკვირველია მათ შორის საქართველოშიც, პოლიტიკურ ელიტას კრიზისული პერიოდი აქვს.
– ტრადიციულ პარტიებს 2020 წლის არჩევნებში გაუჭირდებათ?
– ამ გადმოსახედიდან ამის თქმა თავისუფლად შეიძლება. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ამის თქმა დღემდე ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებითაც შეგვიძლია, რომელთა მიხედვითაც, ამომრჩევლის დაახლოებით 60%-ს არც ერთი მოსწონს, არც მეორე და არც არავინ, ვინც დღეს პოლიტიკურ ავანსცენაზეა.
– თუ მესამე ძალა არ გამოჩნდა, ეს 60% არჩევნების დღეს სახლში დარჩება?
– ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული საკითხი. სხვათა შორის, ახლა გამახსენდა და უნდა გითხრათ, რომ თავის დროზე სწორედ ასეთი არასისტემური ფიგურა იყო მიხეილ სააკაშვილი. მერე რა, რომ ის მოქალაქეთა კავშირში იყო და პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდა. მას ჰქონდა ის ელემენტები, რომლებიც სწორედ ასეთი არასისტემური პოლიტიკოსებისთვის და პოლიტიკისთვის არის დამახასიათებელი. თუმცა, ახლა უკვე სააკაშვილს ეს არ აძლევს ხელს, რომ კვლავ ამ ეგიდით მობრუნდეს. თუმცა, მე არ გამოვრიცხავ მიშა 2 ან მიშა 3 გამოჩნდეს.
რაც შეეხება მესამე ძალის გამოჩენას, მე არ ველოდები, რომ ასე უცებ ციდან ჩამოვარდება და თავზე დაგვეცემა და გვეტყვის, მე ვარ “მესამე ძალა”. უკვე გამოჩნდნენ, ძალას იკრებენ პატარ-პატარა ჯგუფები, მე არ გამოვრიცხავ, რომ ისინი ცდილობდნენ სწორედ, მოერგონ ამ ფლანგს. ვნახოთ, რამდენად გამოუვათ მათ ეს. ეს ძალიან ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული.
თუ მართლაც გამოჩნდება რეალური ძალა, რომელიც შეძლებს იყოს ალტერნატივა, მაშინ, მერწმუნეთ, ეს მაჩვენებელი არათუ 60% იქნება, შეიძლება ბვერად მეტი იყოს.
– რეალური ალტერნატივის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი გაიზრდება?
– რასაკვირველია. თავის დროზე ალეკო ელისაშვილის, მე ვიტყოდი, წარმატების მაგალითმა ეს კარგად აჩვენა.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა