”სააკაშვილს გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების დროს საკუთარი გარემოცვა დაუპირისპირდა”

”სააკაშვილს გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების დროს საკუთარი გარემოცვა დაუპირისპირდა"რატომ არ გამოიძია მიხეილ სააკაშვილმა ზვიად გამსახურდიას მკვლელობა? დღევანდელ ვითარებაში შესაძლებელია თუ არა ამ საქმის გამოძიება? – ამ კითხვებს პასუხობს უზენაესი საბჭოს დეპუტატი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ 2004 წელს შექმნილი სახელმწიფო კომისიის წევრი იყო.
– ბატონო ტარიელ, რატომ არ გამოიძია წინა ხელისუფლებამ ზვიად გამსახურდიას მკვლელობა? როგორც ვიცი, სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომლის წევრი თქვენც იყავით.
– კანონიერი ხელისუფლებისა და “მრგვალი მაგიდის” სახელით, 2004 წლის 5 იანვარს, სააკაშვილს, პრეზიდენტად არჩევის მეორე დღესვე, შევხვდი მისი ინიციატივით (მაშინ “მრგვალი მაგიდა” აქციებს მართავდა). ჩემი მოთხოვნა იყო ზვიად გამსახურდიას მკვლელობისა და პუტჩის გამოძიება.
სააკაშვილი ამას დიდი სიხარულით დაეთანხმა. მას ბრძანების ტექსტიც კი გადავეცი. შესაბამისად, პუტჩის გარემოებების შესწავლა და პრეზიდენტ გამსახურდიას მკვლელობის გამოძიება იყო ჩვენი ერთობლივი შეთანხმება. კომისიაში მან თავისი სანდო ხალხი შეიყვანა: ოქრუაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი. “მრგვალი მაგიდიდან” შევედით სამი ადამიანი, ერთი იყო საპატრიარქოს წარმომადგენელი.
მიხეილ სააკაშვილს სურდა ამ მკვლელობის გამოძიება. დაიწყო კიდეც აქტიური მუშაობა. კომისია შეიქმნა პროკურატურაშიც, მაგრამ როგორც კი საქმე მიდგა ზვიად გამსახურდიას მკვლელობისა და პუტჩის რეალურ გამოძიებაზე, საქმე გაჩერდა.
– რატომ გაჩერდა?
– ან სააკაშვილმა კარგად გააცნობიერა, ამ საქმის გამოძიება რას ნიშნავდა, ან უთხრეს და გაჩერდა.
– თავიდან არ ჰქონდა გაცნობიერებული, რომ გამოძიების რაღაც ეტაპზე შეიძლებოდა, ვთქვათ, იგივე შევარდნაძეს მისდგომოდნენ?
– შევარდნაძის თემა ერთია. მეორეა სააკაშვილის გარემოცვის თემა. ვფიქრობ, სააკაშვილს უნდოდა გამსახურდიას მკვლელობის გამოძიება, მაგრამ შემდეგ გარეშე ფაქტორებსაც დაეჯახა და სააკაშვილის გარემოცვაშიც გააქტიურდნენ.    – გარემოცვაში ვის გულისხმობთ?
– ყველას, ვინც მაშინ იყო სააკაშვილის გარშემო. ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004 წელს, სააკაშვილის გარშემო იყო მოქალაქეთა კავშირი, რესპუბლიკური პარტია და ბევრი სხვა.
– ისინი ამ გამოძიების წინააღმდეგი იყვნენ?
– ვინც გამსახურდიას დამხობაში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ ისინი ტრანსფორმირდნენ მოქალაქეთა კავშირში. მოქალაქეთა კავშირის ნახევარი შემდეგ ტრანსფორმირდა ნაცმოძრაობაში, ანუ რეალურად, 2004 წელსაც იმ ხალხის ნახევარი, ვინც დაამხო ზვიად გამსახურდია, სააკაშვილის გარემოცვას წარმოადგენდა.
შეგიძლიათ ნახოთ, ვინ იყო მიშას გარემოცვა და მიხვდებით. ეს გამოძიება ხელს არ აძლევდა ყველა იმ პირს, ვინც იყო სააკაშვილის გარემოცვაში, დაწყებული ნინო ბურჯანაძით. ალბათ, სააკაშვილს თავისი გარემოცვა დაუპირისპირდა. ჟვანიაც იქ იყო.
სააკაშვილს პრობლემები დასავლეთშიც შეექმნებოდა. ბუშისა და გორბაჩოვის მალტის შეთანხმებით, შევარდნაძეს გარკვეული გარანტიები ჰქონდა. ამიტომ ჩამოიყვანეს შევარდნაძე საქართველოში. კომისიის მუშაობა რომ გაჩერდა, ადეიშვილთან შევედი და გამოძიების გაგრძელება მოვითხოვე, ირონიულად მითხრა, მადლობას გეტყვით, შევარდნაძეს თუ დაგვაჭერინებო.
შევარდნაძის დაჭერის თემა, ადეიშვილს, რა თქმა უნდა, გააზრებული ჰქონდა. რეალურად, სააკაშვილმა უკან დაიხია, მისივე დაწყებული საქმე ბოლომდე არ მიიყვანა.
– ბურჯანაძეც სახელმწიფო გადატრიალების ფერხულში იყო და გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას ეწინააღმდეგებოდა?
– მოქკავშირი იყო ის პარტია, რომელიც აღმოცენდა პუტჩისტების ველიდან. ერთ-ერთი აქტიური მოქკავშირში იყო შედარებით ახალგაზრდა თაობა. ძველი, კომუნისტური, გავლენიანი საზოგადოების ნაწილი იყო ბურჯანაძეც. მის მამასა და სხვებთან ერთად. ეს ის ხალხია, რომელმაც დაამხო ზვიად გამსახურდია რუსეთთან ალიანსში.
მოქკავშირი არის ყველაზე ღია პუტჩისტური ჯგუფი, რომელიც ტრასფორმირდა ნაცმოძრაობად. შემდეგ მისი ნაწილიც ტრანსფორმირდა. მისი ფრაგმენტები “ქართულ ოცნებაშიც” არის.
– თქვენ წერთ, რომ გამოძიების მიერ იმ მცირე პერიოდში მნიშვნელოვანი დოკუმენტები მაინც იქნა მოპოვებული, საიდანაც უკვე ჩანდა, რომ ზვიად გამსახურდია მოკლული იყო. რა დოკუმენტებია ეს?
– ყველა ჩვენების მიხედვით, ზვიად გამსახურდიამ ჯერ თავი მოიკლა, შემდეგ მშვიდად დაიდო პისტოლეტი მკერდზე. ყველა ამბობდა, ზვიად გამსახურდიას პისტოლეტი მკერდზე ედოო.
კაცი, რომელიც თავს მოიკლავს მძიმე პისტოლეტით, ნებისმიერ შემთხვევაში თავის თავს თუ ესვრის, ტყვიას თავში თუ დაიხლის, ბუნებრივია, პისტოლეტი ხელიდან უვარდება. ზვიად გამსახურდიამ თურმე ჯერ თავში ისროლა და მერე მძიმე პისტოლეტი მკერდზე დაიდო.
მეორე მომენტი ასეთი იყო – თვითმხილველების აღწერით, სროლის ხმა რომ გაიგონეს, ავიდნენ, სადაც ნახეს სისხლის გუბე. თუ კაცმა პისტოლეტი გაისროლა (დავუშვათ, თავის თავს ესროლა), ბალიშიდან, ლეიბიდან როგორ ჩავიდა იმდენი სისხლი იატაკზე, რეალურად, ერთ წამში? ჩვენს ხელთ არსებული დაკითხვის ოქმები იყო წინააღმდეგობრივი, ურთიერთგამომრიცხავი, არალოგიკური.
ჩვენ ღურწკაიების სახლიდან ჩამოვატანინეთ საწოლის თავი. ეს არის ჩვეულებრივი იაფფასიანი საწოლი, რომლის თავი დამზადებულია დიქტის  (ნახერხით რომ კეთდება) მასალით. საწოლის თავზე ოდნავ დანის წვერით რომ ამოაგდო, ისე ჩანდა ნატყვიარი. იმ დიქტზე ფრჩხილისხელა მოცულობის ადგილი იყო ამოგდებული, თითქოს ნატყვიარი გახლდათ.
როგორ შეიძლება პირდაპირ მოხვედრილმა ტყვიამ ამოაგდოს ფრჩხილისხელა ადგილი და ტყვია გაქრეს? ამ ნახერხით გაკეთებულ დიქტში (საწოლის თავში) ტყვია მეორე მხარეს გასული არ იყო, არც შიგ იყო დარჩენილი. თურმე ტყვია ხის საწოლის თავს მოხვდა და გაქრა. არც შიგ არის, არც – ძირს.
ტყვია რკინას რომ მოხვედროდა, გადმოვარდებოდა, მაგრამ ხის ნახერხისგან დამზადებულ დიქტის თავს რომ მოხვდებოდა, ხეში უნდა გაჩერებულიყო. ტყვია იქ არ გაჩერდა, რადგან გარკვეული ფაქტორების გამო. შეუძლებელია ადამიანმა ზევიდან ქვემოთ ისროლოს თავში. ასევე უამრავი სხვა ფაქტი იყო, რომელიც გამოძიების მასალებში ინახება.
– გამსახურდიას მკვლელობის ადგილს ტელევიზიით რომ აჩვენებენ, საწოლიც და მისი თავიც იქ ჩანს. ახლა ბიძინა ივანიშვილი რომ იყო ჩასული, მაშინაც აჩვენეს. თუ ძველი კადრები არ არის, სწორედ იმ საწოლის თავი ჩანს, რომელზეც თქვენ ახლა საუბრობთ.
– საწოლის თავი თბილისში ჩამოიტანეს. შემდეგ უკან თუ ჩაიტანეს, არ ვიცი. საწოლის თავი საქართველოს პროკურატურის შენობაში ჰქონდათ, როგორც დოკუმენტური მასალა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი.
– ეს ხომ ნივთმტკიცება იყო, უკან რატომ უნდა ჩაეტანათ. სხვა ნივთმტკიცებები იყო კიდევ ჩამოტანილი?
– ნივთმტიცება რაც მე ვნახე, მხოლოდ ეგ იყო. ტანსაცმელი გარეცხეს, იარაღი გააქრეს. იმდენად თეთრი ძაფით ნაკერი საქმე იყო, რომ გამსახურდია უეჭველად მოკლული გახლდათ. რაც მთავარია, ყველა აღწერით, ნატყვიარი, რომელიც შესული იყო თავის ქალაში, იმავე დონით იყო გამოსული. ხოლო იმ პისტოლეტით, რომლითაც თითქოსდა განხორციელდა თვითმკვლელობა (შემავალი ნატყვიარი და გამომავალი ნატყვიარი გამორიცხულია, ტოლი იყოს), თავის ქალაზე არსებული ჭრილობა უფრო გეკოს ტყვიით მიყენებულს ჰგავდა. ასევე ბევრი სხვა ფაქტორია.
მე ვფიქრობ, გამსახურდია აწამეს. როდესაც ექსპერტიზის დასკვნა გამოქვეყნდა, იქ აღნიშნული იყო, რომ ბოქვენის ძვალი დამტვრეული ჰქონდა. ბევრი სხვა გარემოება ჩანდა – დროში ცდომილებები აშკარა იყო. ჯონსონ კვარაცხელიასა და ღურწკაიას სახლამდე მისვლისთვის იმდენი დრო არ არის საჭირო, რომელიც მათ თითქოსდა მოანდომეს. ყველა ფაქტორი იმაზე მეტყველებს, რომ ზვიად გამსახურდია წამებითაა მოკლული და არა – ტყვიით.
– გარდაცვლილს ესროლეს?
– დიახ, მე ასე ვფიქრობ. ზვიად გამსახურდია ჯერ წამებით მოკლეს. ამ მკვლელობის გამოძიებისთვის ოქრუაშვილმა პროკურატურაში ორმხრივი კომისია შექმნა. შემდეგ ის კომისია ადეიშვილის დროს გადახალისდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, როდესაც დასრულდა გამოძიების პირველი ეტაპი, შემდეგ გამოძიება მიდიოდა იმაზე, პუტჩისტებმა რომ აღძრეს საქმე გამსახურდიაზე ქონების დატაცების მუხლით. განცხადება დაწერილი იყო ვინმე ლაბარტყავას სახელით.
ჩვენ ლაბარტყავას განცხადება მოვიკითხეთ, მაგრამ ბუნებაში არ არსებობს. მასალებში არ ჩანს, რა განცხადება იყო. გამოძიებამ ლაბარტყავა მოიძია, რომელიც ამბობს, რომ არავითარი განცხადება მას არასოდეს დაუწერია. რეალურად, ეს იყო შეთითხნილი საქმე ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ.
მოვითხოვეთ, ვინც საქმე შეთითხნა, მათ წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულიყო. მეორე ეტაპი იყო სახელმწიფო გადატრიალების ფაქტის გამოძიება, რადგან გამსახურდიას მკვლელობა შემთხვევით არ მომხდარა. ეს არ იყო ერთი კაცის სიკვდილი, ეს იყო პრეზიდენტის სიკვდილი, რომელიც მოჰყვა პუტჩს.
პუტჩის გამოძიების გარეშე, ვერც სააკაშვილი და ვერც ივანიშვილი გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების საკითხში შედეგს ვერ მიიღებს. გამსახურდიას მკვლელობის რეალურ სურათს ვერ შექმნის. ეს შანსი ხელიდან გაუშვა სააკაშვილმა და თავისი თავი დაიღუპა. თუ გამსახურდიას მკვლელობა ახლა მაინც იქნება გამოძიებული, ქვეყანა ძალიან სწრაფად წავა წინ. პუტჩის გამოძიება ხელს შეუწყობს პოლიტიკური სპექტრის გაწმენდას.
– წერთ, გამსახურდიას გულუას რაზმი მისდევდაო. სხვები ამბობენ, არა მარტო გულუას რაზმი მისდევდა გამსახურდიას მოსაკლავად.
– რამდენიმე ჯგუფი დასდევდა.
– გამსახურდიას მკვლელები ვინ არიან? გამოძიების პროცესში ვინ გამოჩნდნენ?
– ყველაზე ახლოს, კვალში ჩამდგარი იყო გია გულუას რაზმი. ამ გვარს მე შემთხვევით არ ვამბობ.
– ანუ გამოძიებას ამის მტკიცებულებებიც აქვს?
– რაღაც ხომ უნდა დავუტოვოთ გამოძიებას, რომ თქვას.
– იმ პერიოდში გამოძიებამ გარკვეული პირების დაკითხვა შეძლო? 
– ძალიან ბევრი პირია დაკითხული.
– გიორგაძე თუ დაკითხეთ?
– არ მახსოვს, მაგრამ გიორგაძის ინტერვიუ ვნახე. რასაც ამბობს, სწორია.
– საქმეში გადატრიალების ორგანიზატორები თუ ჩანდნენ?
– ცხადია. გამსახურდია თბილისიდან რატომ წავიდა, ეს ხომ უნდა გარკვეულიყო. ჩვენთან არსებობდა გამომძიებელთა ჯგუფი, რომელიც თავიდანვე პუტჩს იძიებდა. გამსახურდიას წასვლა დაკავშირებული იყო პუტჩთან. გამომძიებლებს სხვა გზა არ ჰქონდათ, უნდა გამოეძიებინათ ის სიტუაცია, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო დატოვა.
კარგად მახსოვს, უზენაესი საბჭოს შენობას შეიარაღებული ბანდა რომ დაესხა. მათ რუსები ეხმარებოდნენ. ერთ-ერთი ბეტეერის შემადგენლობაში (ნივთმტკიცებები შენახულია პროკურატურაში) ბეტეერის მძღოლებად დაფიქსირებულია არიან რუსი სამხედროები. ოთხი სამხედრო იყო, გამოძიების მასალებში ოთხივეს სახელი და გვარია დაფიქსირებული.
– წლების განმავლობაში სასამართლო მასალებში ფიგურირებდა, რომ გამსახურდიას წინააღმდეგ საქმე ვახტანგ რაზმაძემ 1992 წლის 4 იანვარს აღძრა. 
– ეგ არის ლაბარტყავას განცხადების საფუძველზე აღძრული საქმე.
– მხოლოდ ფულის დატაცების მიზეზით იყო აღძრული საქმე?
– მხოლოდ მაგ მიზეზით აღიძრა საქმე. საქმის აღძვრის საფუძვლად მითითებული იქნა საქბინსოცბანკის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ლაბარტყავას წერილობითი შეტყობინება ქალაქ თბილისის ისნის რაიონის განყოფილებიდან 2.167 მანეთის დატაცების ფაქტზე. ეს განცხადება არსად ჩანს.
– საოცრება ის არის, თვითონ ეს რაზმაძე ვინ იყო, საერთოდ?
– არაკანონიერი, პუტჩისტების კაცი, ანუ მაშინ რაღაც საშინელება მოხდა, რაც ჯერ კიდევ ბევრს გააზრებული არ აქვს. ყველა უკანონობა აქედან მოდის.
– გამსახურდია რომ გადიოდა თბილისიდან, ბარათაშვილის ხიდზეც ხომ მოუწყვეს ჩასაფრება და სროლები. ამ ეპიზოდის გამოძიება თუ მოასწარით?
– ამ ფაქტის თვითმხილველი ბევრია. გამსახურდიას კოლონას ბარათაშვილის ხიდთან დახვდნენ და ავტობუსში მშვიდობიანი ადამიანები დაცხრილეს. აღაიანშიც იყო მსგავსი ფაქტი, იქაც ჩახოცეს ადამიანები. ეს ცალკე გამოძიების თემაა.
– იმ ავტობუსში უზენაესი საბჭოს წარმომადგენლები იყვნენ?
– დიახ, ჩემი კოლეგები, მეგობრები ისხდნენ და დაიღუპნენ. მე იმ ავტობუსში არ ვიყავი.
– მას შემდეგ 28 წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში ერთი და იგივე პოლიტიკური სპექტრი ერთ წრეზე ტრიალებს და ფონს ვერ გავიდა.
– ზვიადის სისხლში გასვრილი პოლიტიკური სპექტრის არსებობა საქართველოში უნდა დასრულდეს.
– ზოგიერთს მიაჩნია, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობასთან ერთად სახელმწიფო გადატრიალების ფაქტის გამოძიება ვერ მოხერხდება.
– ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიება პუტჩის თემიდან რომ გამოაცალკევო, ეს იქნება ძალიან ხელოვნური, ვინაიდან გამსახურდია მოკლეს არა როგორც ერთი კაცი. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ პრეზიდენტი მოკლეს. ამდენად, პუტჩი და გამსახურდიას მკვლელობა ერთიდაიგივე თემაა.
– დღვანდელი საერთაშორისო ვითარება იმის საშუალებას იძლევა, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში სახელმწიფო გადატრიალებისა და ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ფაქტი გამოიძიონ?
– 2000-იან წლებში სააკაშვილისთვის რთული იქნებოდა, დაპირისპირებოდა ბუშ-ბეიკერის გორბაჩოვთან მალტის გარიგების შედეგებს. იმ პერიოდში მამა ბუშთან დაპირისპირება პრობლემა იქნებოდა შვილი ბუშისა და სხვა ბევრი გარემოებების გამო, მაგრამ ახლა ამერიკის დღევანდელ პრეზიდენტს არანაირად არ აინტერესებს გასული საუკუნის 90-იან წლებში ბუშის მიქარვები.
ბუშმა რომ შეცდომა დაუშვა და ბუშ-გორბაჩოვის გარიგებით განისაზღვრა მხოლოდ ბალტიის ქვეყნების გაყვანა რუსული იმპერიული სივრციდან, ჩვენ კი გაგვწირეს ელცინის შენარჩუნებით, რუსეთის აღზევებითა და პუტინის აღზევებით, ამერიკელებმა შეცდომა დაუშვეს. ეს შეცდომა ახლა უნდა აღიარონ, რადგან მაშინ ჩვენ გაგვწირეს და პუტინისგან ახალი მონსტრი მიიღეს.
დღეს ისეთი საერთაშორისო სიტუაციაა, პუტჩისა და გამსახურდიას მკვლელობის გამოძიება შესაძლებელია. ამერიკისთვის წარსულის გადაწყვეტილებები ღრმა წარსულია. გორბაჩოვის თემაც ღრმა წარსულია. რეალურად, საერთაშორისო ვითარება ამ გამოძიებას ხელს არ შეუშლის. მით უმეტეს, პუტჩისა და გამსახურდიას მკვლელობის გამოძიება პოლიტიკურ სპექტრს ნამდვილად გაწმენდს. ამის გამომძიებელ ხელისუფლებას კი მისცემს ძალიან სერიოზულ პერსპექტივას, რომ მომავალში ახალი გუნდით შეძლოს პოლიტიკური პროცესების წარმართვა ქვეყანაში.

გულიკო ბალაძე, ახალი თაობა