პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედებაზე და დავით გარეჯზე საუბრობს.
– ბატონო სოსო, რამდენად რეალურია, რომ ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შეჩერების მექანიზმი აამოქმედოს?
– მე მაინც ვფიქრობ, რომ ვეროკავშირი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და არ აამოქმედებს სადამსჯელო ღონისძიებას, როგორიც არის შეჩერების მექანიზმი.
თვითონ ევროკავშირიც მძიმე მდგომარეობაშია. მე არ ვგულისხმობ ლტოლვილების ნაკადს სირიიდან თუ სხვადასხვა ქვეყნიდან. ლამის მილიონი სირიელის შეფარება მოუწია ევროპას და რასაკვირველია ეს რთულ მდგომარეობაში აგდებს მას. ახლა მერკელი თავის იდაყვებს იკვნეტს ამ გადაწყვეტილებისთვის, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია.
მე ვგულისხმობ იმას, რომ პოლიტიკურად რთულ მდგომარეობაშია ევროკავშირი. მას დღეს მოკავშირეების, იმ ღირებულებების შიმშილი აქვს, რომლებზეც დგას ევროკავშირი, მოდი, ასე ვთქვათ, ევროპა. თქვენ იცით, რა მოჰყვა ბრექსითს, გადაწყვეტილება ჯერ ისევ არ აქვს მიღებული დიდი ბრიტანეთის პარლამენტს და ამას პრემიერ ტერეზა მეის პოსტი ლამისაა შეეწიროს.
ერთი სიტყვით, დღეს ევროპა ძალიან რთულ დღეშია, ამიტომ ის სანთლით ეძებს რეალურ მოკავშირეებს. ერთ-ერთი მოკავშირე ღირებულებების დონეზე შეიძლება იყოს საქართველო, ამიტომ მე არ მგონია, რომ ევროკავშირმა ასეთი ნაჯახისებური გადაწყვეტილება მიიღოს და შეჩერების მექანიზმი აამოქმედოს.
– თავის დროზე ხომ ამიტომ ჩაიდო ეს მექანიზმი?
– აბსოლუტურად გეთანხმებით. დღე არ გავა, უცხოურ მედიაში ინფორმაცია რომ არ იყოს ქართული კრიმინალური დაჯგუფების დაკავების შესახებ. კრიმინალების ექსპორტი, მათხოვრად ქცეული ხალხი, რომელიც თავშესაფარს ითხოვს, ეს ყველაფერი ძალიან მძიმე საყურებელია, მაგრამ თავის დროზე მიღებული ეს გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროკავშირის მიერ. ვიზალიბერალიზაცია არის ის მინიმუმი, რაც ჩვენთვის ევროვკავშირს შეუძლია გააკეთოს.
ევროკავშირში ჭკვიანი ხალხი არის, ჩვენს პარლამენტს კი არ ჰგავს, მათ იციან, რას ნიშნავს რეალური მოკავშირეობა, რომელიც ფასეულობებზე დგას, ფასეულობებს ეყრდნობა, ამიტომ ის ეცდება, რომ მოლაპარაკებების გზით საქართველოს ხელისუფლებასთან ეს რეალობა გამოასწოროს და აიძულოს ხელისუფლება, რომ რაღაც იღონოს, რათა უკანონი მიგრაცია შეაჩეროს.
– რა უნდა გაკეთდეს, რომ ყოველდღიურად ხალხი არ მიადგეს პარიზსს, ბერლინს, ვენას და თავშესაფარი არ ითხოვოს?
– ეს პრეტენზია ჩვენს ხელისუფლებასთან არის. მთავრობამ უნდა გაანძრიოს ხელი, უნდა შექმნას ის გარემო, რომ ქვეყნიდან ხალხი კი არ გარბოდეს ლუკმა-პურის საშოვნელად და ლტოლვილად კი არ უნდა ბარდებოდნენ, არამედ პირიქით, წასულ ემიგრაციას დაბრუნების სურვილი უნდა უჩნდებოდეს, მაშინ გვეყოლება კარგი ხელისუფლება. ეს სერიოზული პოლიტიკური ინდიკატორიც არის ნებისმიერი ხელისუფლებისთვის.
– დავით გარეჯზე მინდა გკითხოთ. თურქეთის გარდა, არც ერთ მეზობელ სახელმწიფოსთან საზღვრები არ გვაქვს დადგენილი. გასაგებია, რთული პროცესია, მაგრამ 20 წელზე მეტია კომისია მუშაობს და რატომ ვერ მოხერხდა საზღვრის დადგენა აზერბაიჯანთან?
– ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს შეიქმნა კომისია, რომელსაც უნდა ემუშავა ამ საკითხზე. ჩემს დროს ხდებოდა ეს ყველაფერი და კარგად მახსოვს. თუმცა, პროცესი იმთავითვე ძალიან გაჭიანურდა. აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მოკავშირეები არიან, მაგრამ ხომ იცით, ყველა საკუთარი ინტერესებიდან გამოდის.
– ამ საკითხზე რამდენიმე წლის წინ აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე ჩავწერე, რომელმაც მითხრა, ჩვენ მზად ვიყავით დავით გარეჯის კომპლექსის სანაცვლოდ ძალიან დიდი საძოვრების ტერიტორია მიგვეცა აზერბაიჯანისთვის, მაგრამ ისინი არ დათანხმდნენ.
– დიახ, სწორია. არ დათანხმდნენ.
– რატომ?
– კი ვიძახით, რომ მეგობრები ვართ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ არის აზერბაიჯანის მხარე მზად გარკვეული კომპრომისისთვის. ცხადია, ალიევი თავისი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. კომისიამ აუცილებლად უნდა გააგრძელოს მუშაობა, მაგრამ მოლაპარაკება ძალიან მაღალ დონეზე, პირველი პირების დონეზე უნდა იყოს. ერთი მხრივ ალიევი და მეორე მხრივ არ ვიცი ვინ პრემიერი, თუ ბიძინა ივანიშვილი, ძალიან მაღალ დონეზე უნდა იყოს შეთანხმება.
მე არ გამოვრიცხავ, რომ ალიევი ემზადებოდეს მთიანი ყარაბაღის დასაბრუნებლად. ამაზე ყველაფერი მიანიშნებს, შეიარაღებას ზრდის, აზერბაიჯანის თავდაცვის დაფინანსება ძალიან მაღალია, ასევე მას ჰყავს ძლიერი რეალური პარტნიორი თურქეთი, რისი იმედიც აქვს და ა.შ.
ამ კრიზისის დროს ალიევს საქართველო დასჭირდება. დასჭირდება, როგორც მოკავშირე. ჩვენ სწორედ ეს უნდა გამოვიყენოთ. მე არ გამოვრიცხავ, რომ აზერბაიჯანს ეს ტერიტორია, როგორც კოზირი, ისე ჰქონდეს და როდესაც დასჭირდება, მაშინ აამოქმედოს. ამიტომ საჭირო არის მაღალი დიპლომატიური კლასის ამოქმედება. ეს ტერიტორია აზერბაიჯანის ხელში პოლიტიკური იარაღია და არა მგონია ახლა შუა საუკუნეების ქრისტიანული ძეგლი აია სოფიას ტაძრის მსგავსად გამოაცხადოს.
– საუბარია, რომ ალბანური კულტურის ძეგლად უნდათ გამოაცხადონ.
– ეს ძალიან სუსტი არგუმენტია. დავიტ გარეჯის ქართულ ფესვებში და მის ქართულ, ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ისტორიაში ეჭვს ვერ შეიტანენ. მე მაინც მგონია, რომ როგორც პოლიტიკურ იარაღს ისე ინახავენ და როდესაც დასჭირდებათ, მაშინ აამოქმედებენ.
საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც მეზობლებთან არ აქვს საზღვარი დადგენილი. არც სომხეთთან, რუსეთთან რაც ხდება, გასაგებია, მაგრამ აზერბაიჯანთან მაინც უნდა დავადგინოთ, თუ მართლაც პარტნიორები და მეგობრები არიან.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა