ვახტანგ ძაბირაძე – “ვერ გავიგე, ივანიშვილს რისი თქმა უნდოდა”

ვახტანგ ძაბირაძე - "ვერ გავიგე, ივანიშვილს რისი თქმა უნდოდა"პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ვახტანგ, “ქართული ოცნება” ჯაბა ჯიშკარიანმა და ვატო შაქარიშვილმა დატოვეს. დეპუტატები რომან კაკულია და ლევან კობერიძეც ტოვებენ პარტიას. ეს პროცესი გაგრძელდება?
– სრულიად აშკარაა, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. ზოგი ამას ხმამაღლა გააკეთებს, ზოგი შეეცდება, პრობლემა კულუარული გზებით მოაგვაროს ანუ რაღაცის მიღებას შეეცდება ან სიაში მომავალი ადგილის გარანტიებს მიიღებს. თუმცა, პროცესები იქამდე არ მივა, რომ “ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგოს.
ყველანაირად შეეცდებიან, რომ არჩევნებამდე უმრავლესობა, ანუ 76 მანდატი შეინარჩუნონ. აღმასრულებელ ხელისუფლებას არჩევნებამდე გააკონტროლებენ, მაგრამ მერე რა იქნება, ვერ გეტყვით, რთული სათქმელია, იმდენად რთულად ვითარდება მოვლენები.
– ივანიშვილი აკონტროლებს პროცესებს? მისი გამოსვლიდან ახალი რა გაიგეთ?
– თუ სიახლეზე და მოულოდნელობაზეა საუბარი, სიმართლე გითხრათ, ყველაზე დიდი მოულოდნელობა და სიახლე იყო, კინოწარმოებას რომ იწყებს და რომ ყველაზე დიდი ჩავარდნა თურმე აქ გვქონია.
კინოწარმოებაში ცუდი არაფერია, პირიქით კარგია, მაგრამ ახლა, ამ ვითარებაში?! დღევანდელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესებიდან ეს განცხადება სრულიად ამოვარდნილია. არა მხოლოდ მოულოდნელი იყო, არამედ გასაოცარიც კი იყო ამაზე საუბარი.
მეორე სიახლე იყო ემიგრანტებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, რომელიც სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრებს ებმის და ეს ამ თემის გაგრძელებაა. ეს უფრო პიარის ნაწილია, ვიდრე რეალობასთან ახლოს მყოფი ამბავი.
საკმაოდ გაოცებული და დაბნეულიც კი ვარ მისი ბოლო ინტერვიუდან გამომდინარე.
– რატომ?
– ვერ გავიგე, რისი თქმა უნდოდა. ხომ ცხადია, რომ ეს გამოსვლა ყველა დონეზე იყო მომზადებული?! და ალბათ შედეგზეც უნდა ყოფილიყო გათვლილი. რა მიიღო აქედან ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ”?! მე ვერ მივხვდი, რისი თქმა უნდოდა და რა მიზანს ისახავდა ეს გამოსვლა.
– ოპონენტები ხომ გააშავა? მაგალითად. შალვა შავგულიძე, რომელიც მთაწმინდაზე სერიოზულ ოპონენტად არის აღქმული.
– აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ ამის გაკეთება სხვაგვარად ხომ შეიძლებოდა?! ვინ დაიჯერებს, რომ მურუსიძე გმირია და შალვა შავგულიძე მოღალატე და ანტიგმირი?! ივანიშვილმა ეს გვითხრა, მაგრამ მისი არავინ დაიჯერა. ე.ი. რა გამოვიდა, ივანიშვილის არავის სჯერა. ამ შედეგზე იყო მისი გამოსვლა გათვლილი?! მეეჭვება.
– მთაწმინდის არჩევნები, როგორც ჩანს, მართლაც აღელვებს. თან ერთგვარ ტესტადაც არის მიჩნეული.
– შეუძლებელია, რომ არ აღელვებდეს. ყველა არჩევნები აღელვებს. თან ერთი წაგება, ხომ იცით, მერე უკვე რასაც ნიშნავს. “ქართულ ოცნებას” დღეს იმის ფუფუნება არ აქვს, რომ რომელიმე არჩევნები რომელიმე დონეზე წააგოს.
– საკმაოდ თავდაჯერებულმა თქვა, რომ 2020 წლის არჩევნების მოგება პრობლემა არ არის. მართლაც ასე ფიქრობს?
– არა მგონია. სწორია პოლიტექნოლოგიური თვალსაზრისით, ასე უნდა ეთქვა, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. “ქართულ ოცნებას” ძალიან გაუჭირდება არჩევნების მოგება. თუ ივანიშვილი ფიქრობს, რომ მას მეტი არაფერი აქვს სათქმელი, რაც ამ ინტერვიუში თქვა, მაშინ ძალიან ცუდად ყოფილა მათი საქმეც და ქვეყნის საქმეც, რადგან ახლა ისინი არიან ხელისუფლებაში. თუ მმართველი გუნდი ფიქრობს, რომ არაფერი არ არის შესაცვლელი, მეტიც, ვერ ხედავს საკუთარ თავში ძალას, შესაძლებლობებს, რომ შეცვალოს, ძალიან ცუდად ყოფილა საქმე.
საზოგადოების პოლარიზება ხდება. ხალხი ორად არის გახლეჩილი, თან ამას ემატება უიმედობა, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. ამას საითკენ მივყავართ, ყველამ კარგად იცის, რადგან არაერთხელ გამოიარა ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაფერი. მე ეს ძალიან მაშფოთებს და მაფიქრებს.
ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ამ რეალობას მოაქვს არასტაბილური გარემო. ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება სტაბილურობის შენარჩუნება. თითქოს ეს ყველაფერი ნანახი გვაქვს, ამიტომ ამ ყველაფერს გაცნობიერება უნდა. წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესები უმართავი შეიძლება გახდეს.
– ოპოზიცია ამბობს, რომ არჩევნებამდე მშვიდად უნდა მივიდეთ.
– დიახ, მაგრამ აქ თავს იჩენს მოსამართლეების თემაც. დღეს ჩვენს სასამართლოს ნდობა არ აქვს. თუ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს სასამართლოში გაასაჩივრებს ხომ წარმოგიდგენიათ, მას რა მოჰყვება?! შემდეგ ეს ყველაფერი საით შეიძლება წავიდეს, ხომ გასაგებია?! ეს ხომ არის ქართული პოლიტიკის მუდმივი თანმდევი რეალობა?! სტაბილურობის შენარჩუნება არის მთავარი, რაც ივანიშვილს ყველაზე მეტად უნდა აშფოთებდეს.
– ის ასე მძიმედ არ ფიქრობს. დარწმუნებულია, რომ არჩევნებს მოიგებს.
– ასეთი დარწმუნებული იყო საპრეზიდენტო არჩევნებზეც. ივანიშვილს ეგონა, მეტიც, დარწმუნებული იყო, რომ ადვილად მოიგებდა, მაგრამ პირველი ტურის შემდეგ, როდესაც სულ სხვა რეალობა დაიდო, ძალიანაც შეშინდა და ძალიან აღელვებულიც იყო. ამიტომ მოუწია მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა. მერწმუნეთ, ეს ნაბიჯები არ იყო სიხარულით გადადგმული ნაბიჯები.
– შეიძლება ფიქრობს იგივეს გამეორებას.
– იგივე უკვე შედეგს ვერ მოუტანს. თუ პროცესები ისე განვითარდა, როგორც ახლა მიდის, მაშინ ძალიან რთული იქნება მისი შემობრუნება, ძალიან გაუჭირდება ეს ივანიშვილს.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა