ყველანაირად არეული ქვეყანა მალე კიდევ ერთი დაპირისპირების მომსწრე გახდება. სალომე ზურაბიშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ომი უკვე დაიწყო და ის მალე სააშკარაოზე გამოვა.
ამის პირველი ნიშანი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გადადგომა იყო. 19 აპრილს ლაშა ჟვანიამ გვაუწყა, რომ 1 მაისიდან მუშაობას ისევ საპატრიარქოში გააგრძელებს.
“ოცნებაში” ამბობენ, რომ მან სალომე ზურაბიშვილის კაპრიზებს ვერ გაუძლო და ამიტომ წავიდა პოსტიდან. ამბობენ იმასაც, რომ მას განსაკუთრებით პრეზიდენტის დაქალები უშლიდნენ ნერვებს. რომლებიც ხშირად სტუმრობდნენ უმაღლეს მთავარსარდალს და რაღაც რჩევებს აძლევდნენ. ეს რჩევები ჟვანიას ძალიან აღიზიანებდა და ამიტომაც წავიდა.
არის ვერსია, რომ მას საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა მუშაობის დაწყება და ამიტომაც უგანა პრეზიდენტს.
“ოცნების” კულუარებში კი ლაშა ჟვანიას წამოსვლის მიზეზად სულ სხვა რამეს ასახელებენ. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გადადგომა ავლაბრის რეზიდენციასთან არის კავშირში.
გასულ კვირას ვნახეთ, რომ პრეზიდენტმა კვიპროსელ კოლეგას ავლაბრის რეზიდენციაში უმასპინძლა. არადა გაპრეზიდენტებამდე მან საქვეყნოდ დადი პირობა, იქ ჩემი ფეხი არ იქნება, მე უფრო ათონელის რეზიდენცია მიხდებაო.
სალომე ზურაბიშვილი ამბიციური ქალია და ყველა ამბობდა, რომ ათონელის რეზიდენცია მის ამბიციებს ვერ დაიტევდა. ასეც მოხდა, ივანიშვილის მიერ დასმულმა პრეზიდენტმა ივანიშვილის საძულველ სასახლეში დაიწყო გადაპარვა.
როგორც “ახალ თაობას” “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული წყარო უყვება, ზურაბიშვილს სააკაშვილის აშენებულ სასახლესთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები აქვს, სადაც ოთახიც კი მოუმზადებია თავისთვის. ამბობს, შეხვედრებისთვის მინდაო.
ამ ამბავმა ბიძინა ივანიშვილის ყურამდე მიაღწია და, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ის ძალიან განრისხდა.
განრისხებისთვის მას სხვა მიზეზებიც გამოუჩნდა. “ოცნების” კულუარებში ამბობენ, რომ პრეზიდენტი, თავის წინამორბედის მსგავსად, სააკაშვილის დატოვებული თვითმფრინავით სარგებლობს.
ამ თვითმფრინავში პრეზიდენტისთვის ლუქსის მსგავსი ოთახია მოწყობილი. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი თურმე ხშირად გაიძახოდა, მიშას რომ არ დაეტოვებინა თვითმფრინავი, რა მეშველებოდაო.
იგივე გაიმეორა თურმე ერთ-ერთი უცხოური ვიზიტის დროს ზურაბიშვილმა. ეს ამბავიც მივიდა “ოცნების” მამამდე, რომელმაც ერთი ამბავი ატეხა თურმე.
ყველაზე მეტად კი ივანიშვილი მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტების დამეგობრებამ გააცეცხლა.
ავლაბრის სასახლეში კვიპროსის პრეზიდენტისთვის მოწყობილ საზეიმო ტრაპეზს გიორგი მარგველაშვილიც ესწრებოდა. ზურაბიშვილმა სიამაყით თქვა, რომ ეს ტრადიცია მან დაამკვიდრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, წინა პრეზიდენტი დაესწროს მოქმედი პრეზიდენტის მიერ გამართულ შეხვედრებს.
“ოცნების” კულუარებში როგორც გვითხრეს, მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტები მხოლოდ საზეიმო ტრაპეზზე არ შეხვედრიან ერთურთს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად კვირაში რამდენჯერმე სტუმრობს ზურაბიშვილს. სტუმარ-მასპინძელი ჭიქა ყავისა და კონიაკის თანხლებით განიხილავს თურმე ქვეყანაში შექმნილ ვითარებას.
როცა ეს ამბავი ივანიშვილს გაუგია, ძალიან გაბრაზებულა და ლაშა ჟვანიასგან მოუთხოვია, ამას როგორმე წერტილი დაუსვიო.
“ოცნებასთან” დაახლოებული წყარო ამბობს, რომ ამის შესახებ ივანიშვილს უჩა მამაცაშვილის პირით თავად ლაშა ჟვანიამ ამცნო.
ამით რისი დამტკიცება სურდა მას, ვერ გეტყვით, მაგრამ ის მოერიდა სიტუაციის გამწვავებას და როცა ივანიშვილმა მას პრობლემის მოგვარება მოსთხოვა, საერთოდ წავიდა.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ზურაბიშვილსა და ივანიშვილს შორის ღია დაპირისპირების დაწყებამდე ცოტა დროა დარჩენილი.
ამ დაპირისპირებაში “ქართული ოცნება”, ბუნებრივია, პარტიის მამას დაუჭერს მხარს. “ქართულ ოცნებაში” იციან, რომ ახალ პრეზიდენტთან ბევრად უფრო რთული იქნება ბრძოლა. ის ნამდვილად არ არის მარგველაშვილივით მშვიდობისმოყვარე, რომ ყველაფერი ასე მარტივად გაატაროს.
წინ საკმაოდ საინტერესო ამბები გველოდება.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა