პარლამენტის წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.
– ბატონო ბექა, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა გამწესების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. თქვენ ხელისუფლებას მიმართეთ – დისკრედიტირებულ მოსამართლეების გადაწყვეტილებას რამდენად ექნება საზოგადოების ნდობა. როგორ შეაფასებთ პროცესს?
– პარლამენტმა მიიღო ის კანონპროექტი, რომელიც უმრავლესობის მიერ იყო მომზადებული. ალტერნატიული კანონპროექტი ჯეროვნად განხილულიც კი არ იქნა. ჩვენ კანონპროექტში ასახული გვქონდა სწორედ ის საკითხები, რაზეც ვენეციის კომისიამ ყურადღება გაამახვილა.
ვენეციის კომისიამ მოსამართლეთა გამწესების პროცედურა კი არ შეაფასა უარყოფითად, არსებული კონტექსტი გაითვალისწინა და სწორედ ამ კონტექსტის გათვალისწინებით გააკეთა რეკომენდაციები. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდობლობა გამოუცხადა და ფარული კენჭისყრის გაუქმების რეკომენდაცია გასცა.
ვენეციის კომისიამ ასევე უნდობლობა გამოუცხადა საქართველოს პარლამენტს, როდესაც რეკომენდაცია გასცა, უზენაეს სასამართლოში დასანიშნ მოსამართლეთა სრული შემადგენლობა კი არ დანიშნოს, მხოლოდ ნაწილი დანიშნოს და დანარჩენი შემდეგი მოწვევის პარლამენტს დაუთმოს.
– ამას ხელისუფლებამ პოლიტიკური რეკომენდაცია უწოდა.
– პარადოქსული ვითარებაა. თავად ხელისუფლებამ მიმართა ვენეციის კომისიას რეკომენდაციებისთვის და შემდეგ არ გაითვალისწინა, მეტიც, პოლიტიკურიც კი უწოდა. ერთი რეკომენდაცია, რომელიც მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების გაუქმებას ეხება, არაფერს ცვლის.
– ეს არ იძლევა შესაძლებლობას, რომ გარედან შევიდეს ახალი კადრი და სიტუაცია გაჯანსაღდეს?
– როგორ? როდესაც სია, რომელიც პარლამენტში შემოვა, უნდა შეარჩიოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, სადაც სწორედ ეს ადამიანები არიან წარმოდგენილები.
– კენჭისყრის შემდეგ ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. მან თქვა, რომ მოსამართლეების საკითხი მისთვის წყალგამყოფია. კობერიძემ და ერქვანიამ, უმრავლესობის ორმა დეპუტატმა, კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა. უმრავლესობის შიგნით პოლიტიკურ პროცესს გამოიწვევს ეს საკითხი თუ კენჭისყრით დასრულდა ყველაფერი?
– არა, რა თქმა უნდა! პოლიტიკური პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, ეს გარდაუვალია. დისკუსია გაგრძელდება. დეპუტატები, ვისაც გვჯერა, რომ ეს მოსამართლეები ვერ იქნებიან ამ ფორმით და ამ წესით არჩეული, პროტესტს გავაგრძელებთ. რასაკვირველია, ეს მოსამართლეები ქართულ მართლმსაჯულებას და სამართალს ვერ მოემსახურებიან და ამაზე ჩვენ საუბარს არ შევწყვეტთ.
რაც შეეხება უმრავლესობაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს, ეს უფრო მეტი ინტენსივობით დაიწყება მაშინ, როდესაც მოსამართლეთა სია შემოვა პარლამენტში დასამტკიცებლად. სწორედ ეს სია იქნება ამ შემთხვევაში ბევრი ადამიანისთვის, “ქართული ოცნების” ბევრი დეპუტატისთვის, რომელიც სკეპტიკურად არის განწყობილი ამ პროცესის მიმართ, ლაკმუსის ქაღალდი.
– მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის მხოლოდ ორმა დეპუტატმა მისცა ხმა წინააღმდეგ?
– დიახ! მიუხედავად იმისა, მათ ამ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს თუ არა. სიის შემოსვლის შემდეგ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყება საქართველოს პარლამენტში. ამ შემთხვევაში უკვე მნიშვნელობა ექნება წარმოდგენილ კონკრეტულ კანდიდატებს.
– ამ სიაზე ძალიან ბევრი საუბარია. ამბობენ, რომ შეიძლება ოდიოზური მოსამართლეები არ იყვნენ სიაში, მაგრამ სია სწორედ მათ მიერ იყოს დაკომპლექტებული. ამ შემთხვევაში როგორ განვითარდება მოვლენები?
– ძალიან მარტივად დგას საკითხი. საქართველოში ყველა ყველას იცნობს. ამ ადამიანებს იცნობენ პროფესიულ წრეებში, იცნობენ დაინტერესებული ადამიანები. ასევე, ჩვენც, დეპუტატებს შეგვეძლება, მოვიძიოთ ინფორმაცია იმ ადამიანებზე, რომელთაც ბოლოს და ბოლოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა უნდათ სამისდღემჩიოდ.
თუ სიაში არ იქნებიან ის ოდიოზური ფიგურები, ადამიანები, რომლებიც უშუალოდ კლანს წარმოადგენენ, მაგრამ იქნებიან კანდიდატები, რომელთაც ასე თუ ისე, ირიბად თუ პირდაპირ კავშირი აქვთ კლანთან, მაშინ ეს დამალული ვერ იქნება და ეს ცხადი გახდება ყველასთვის.
– თქვენ ამბობთ, რომ შეიძლება სიაში ჩინჩალაძე-მურუსიძე არ იყვნენ, მაგრამ სია იყოს მათ მიერ შედგენილი, რომ მათი ინტერესები იყოს დაცული?
– სწორედ ამაზე ვსაუბრობ. ჩვენ ყველა შემთხვევაში გვეცოდინება, წარმოდგენილი კანდიდატები იქნებიან თუ არა კლანის ინტერესების გამტარებლები. იდეა რა არის?! სწორედ მათი კონტროლიდან არ გამოვიდეს სასამართლო სისტემა და ამიტომ ისინი ყველაფერს ეცდებიან, რომ სადავეები არ დაკარგონ. როდესაც კანდიდატები იქნებიან წარმოდგენილები, საბოლოო ვერდიქტის დროს ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი.
– მიუხედავად ამდენი პოლიტიკური ზიანისა, რაც ხელისუფლებამ მიიღო, რატომ უღირს ეს ყველაფერი? “ოცნება” რატომ იხდის ასეთ ძვირ პოლიტიკურ ფასს?
– ეს არის ყველაზე მართებული და ლეგიტიმური კითხვა. რაციონალურად ძალიან რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ვერ გეტყვით, მე არ მაქვს რეალური ახსნა. რა ვალდებულებები წარმოიშვა მმართველ გუნდსა და ამ მოსამართლეების ჯგუფს შორის, ძალიან რთული სათქმელია. რითი არის მოტივირებული ეს თვითლიკვიდაციის პროცესი, რომელსაც ამ შემთხვევაში მმართველი გუნდი მიმართავს, ამაზე პასუხი არ მაქვს.
აქ კიდევ ერთი გარემოებაა მნიშვნელოვანი: ამ ნაბიჯით “ქართულმა ოცნებამ” ნაციონალური მოძრაობის ორივე განშტოებას შესაძლებლობა მისცა საკუთარი თავის რეაბილიტაციის. მთელ ამ პროცესში ძალიან რთული სანახავი იყო, ნაციონალური მოძრაობა როგორ მოუწოდებდა “ქართულ ოცნებას” სამართლიან სასამართლოზე. მერწმუნეთ, ეს ძალიან მძიმე მოსასმენი და დასანახია “ქართული ოცნების” ნებისმიერი მხარდამჭერისთვის, მაგრამ ეს არის რეალობა.
ამით “ქართულმა ოცნებამ” თვითლიკვიდაციის პროცესი დაიწყო. ნაციონალური მოძრობის რეაბილიტაცია რამდენად მოხდება, რთული სათქმელია, მაგრამ ამის უფლება ამ ადამიანებს სწორედ “ქართული ოცნების” მხრიდან მიეცათ.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა