დავით ბერძენიშვილი – “როგორც კი წააგებს, პარტია “ქართული ოცნება” დაინგრევა”

დავით ბერძენიშვილი - "როგორც კი წააგებს, პარტია "ქართული ოცნება" დაინგრევა"რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ახალ თაობასთან ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო დავით, როგორ შეაფასებთ გავლილ არჩევნებს? მთაწმინდაზე მეორე ტური გახდა საჭირო. ეს რა სურათს გვაძლევს?
– მთაწმინდაზე მეორე ტურის ალბათობა ძალიან მაღალი იყო. ეს იყო პროგნოზირებადი. ასევე გასაგები იყო, რომ ერთმანეთს ხელისუფლებისა და წამყვანი ოპოზიციის კანდიდატი დაუპირისპირდებოდნენ.
მთაწმინდაზე მეორე ტურმა დაადასტურა, რომ ხელისუფლება ყოვლისშემძლე არ არის. 40%-იანი ნიშნული ხელისუფლების ზედა ჭერია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებას მოგება არ შეუძლია და დამატებითი ხმების გამოგლეჯვა. მაგრამ მიღებული შედეგი უჩვენებს, რომ ხელისუფლების რეიტინგი არის ის, რა ხმებიც ლადო კახაძემ პირველ ტურში მიიღო.
რა თქმა უნდა, არც ლადო კახაძის და არც შალვა შავგულიძის მიერ მიღებული ხმები არ არის მხოლოდ მათი პერსონალური ხმები. კახაძე ბურჭულაძის პარტიიდან იყრიდა მთაწმინდაზე კენჭს და მხოლოდ 600 ხმა აიღო. ამდენად, ის სახელისუფლო კანდიდატი რომ არ იყოს, არც იქნებოდა კონკურენტუნარიანი.
შალვა შავგულიძემ, რომელიც გაცილებით კვალიფიციურია, პარლამენტში მუშაობის გამოცდილება აქვს, წინა არჩევნებზე საბურთალოზე ხმების ის რაოდენობა მიიღო, რაც მისმა პარტიამ. ამიტომ მხოლოდ თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი რომ ყოფილიყო, არც შალვას შედეგი იქნებოდა მაღალი. “ევროპული საქართველოს”, ნაციონალების ღია მხარდაჭერით, რესპუბლიკელებისა და სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერით სრულიად გასაგებია, რომ შალვა შავგულიძე მთაწმინდის ამომრჩევლის მიერ აღქმულია ოპოზიციის მთავარ კანდიდატად. ამიტომ, დადებული შედეგი არის ხელისუფლებისა და ოპოზიციის ძალთა თანაფარდობა.
რაც შეეხება მეორე ტურს, ამ შემთხვევაში “გირჩის” კანდიდატის საბოს, ელისაშვილის კანდიდატის ასათიანისა და დამოუკიდებელი კანდიდატის გრიგოლ გეგელიას ხმები ერთად დაახლოებით 15 პროცენტია. ისინი ჯერ არ ჩქარობენ მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.
– საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების განმეორება რამდენად არის მოსალოდნელი მთაწმინდაზე?
– ხელისუფლების მხრიდან მცდელობა იქნება. სრული მობილიზაცია იქნება. მე ვვარაუდობ, რომ მეორე ტურში უფრო მეტს ხმას მიიღებენ, ვიდრე პირველში, მაგრამ მთაწმინდის ამომრჩევლის გადასაწყვეტია. მთაწმინდის ამომრჩევლის დაახლოებით 60% ანტისახელისუფლო ამომრჩეველია, მაგრამ ერთი ნაწილი აქტიურად ანტია, მეორე პასიურია. ამიტომ, მთაწმინდელი ამომრჩეველი ჩათვლის თუ არა საჭიროდ ქუდზე კაცი გამოვიდეს, ამაზე ბევრი იქნება დამოკიდებული. ასევე, შეძლებს თუ არა ივანიშვილი ამ განწყობების საწინააღმდეგოდ მოტრიალებას ერთი მხრივ თავისი რესურსებით და მეორე მხრივ ოპოზიციური ამომრჩევლის ინდიფერენტულობით, ამაზეც ბევრია დამოკიდებული.
ჩვენზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. შევძლებთ თუ არა ამომრჩევლის დარწმუნებას, რომ ეს არ არის ერთი მანდატისთვის ბრძოლა, რომ ეს არის მომავალი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში იმის დადასტურება, რომ მაჟორიტარული ოლქების მოგება შესაძლებელია, როგორც თბილისში, ისე რაიონებშიც.
ამას გაურბის ივანიშვილი. ერთი ოლქის წაგება მისი სახელისუფლო პირამიდიდან ისეთი ლოდის გამოცლაა, რომელიც მთლიანად ჩამოშლის ამ პირამიდას. ამიტომ ეშინია. თუმცა, რამდენიც არ უნდა გაწელოს ეს პროცესი, ახლაც რომ გამოუვიდეს მთაწმინდაზე, იმხელა დანაკარგი აქვს, რომ ყოველი დარტყმა, ყოველი რაუნდი მისთვის ნოკდაუნია. შემდეგ საპარლამენტო არჩევნებს დიდი ალბათობით წააგებს. როგორც კი წააგებს, პარტია “ქართული ოცნება” დაინგრევა.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა