საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურა მაღლა იწევს. ახლო მომავალში მრავალგზის დაანონსებული სამთავრობო ცვლილებები და დაჭერების დიდი სერია გველოდება.
ეს დაჭერები შეიძლება შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან იყოს დაკავშირებული. რომელიც გუშინ, 1 მაისს, უსაფრთხოების საბჭოს მდივანიც გახდა და ამიერიდან ყველა ძალოვან სტრუქტურას ის გააკონტროლებს.
უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოვალეობას განახლებული კონსტიტუციით პრემიერი უნდა ასრულებდეს. გახარია პრემიერი ჯერ არ არის, მაგრამ, როგორც ამბობენ, მალე გახდება.
მას ივანიშვილისგან სერიოზული დავალება აქვს მიღებული – პარტია უნდა გაწმინდოს და პარტიისთვის ახალი ხალხი შეარჩიოს.
რეიტინგმისავათებულ “ქართულ ოცნებას” ახლა ძალიან სჭირდება ხალხის გულის მოგება. ხალხის გულის მოგება კი კორუმპირებული ჩინოსნების დაკავებით შეიძლება. ასეთები, ხელისუფლების მადლით, მრავლად გვყავს.
არჩევნების წინ და ხალხის გულის მოსაგებად კორუმპირებულების დაჭერა ჩვენთან ახალი ამბავი არ არის. სარწმუნო წყარო “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ ამჯერად ბევრად უფრო მსხვილი რანგის ჩინოსნებს დაიჭერენ.
– დაკავებულთა შორის შეიძლება მინისტრებიც კი იყვნენ. მთელ რიგ საკითხებზე მიდის სერიოზული მუშაობა და შედეგი მალე დაიდება. დაკავებები შესაძლოა ფულის გათეთრების ბრალდებით დაიწყოს. ეს იქნება დიდი სკანდალი, – აცხადებს სანდო წყარო.
არანაკლებ სკანდალური იქნება გახარიას მოღვაწეობა უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტზე. ის ძალოვან სტრუქტურებში სერიოზული ცვლილებების განხორციელებას აპირებს. როგორც ამბობენ, ამ მომენტისთვის მისი მთავარი სამიზნე არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სუსთან მას უკვე კარგა ხანია უთანხმოება აქვს და ახლა, სავარაუდოდ, ის დრო დადგა, როცა გამოჩნდება, თუ ვინ არის ძალოვანებში დირექტორი.
გახარიას მიმართ უცვლელი პოზიცია უკავია პატრიარქის ქორეპისკოპოსს, მეუფე იაკობს. როდესაც პირველად გავარდა ხმა, შს მინისტრი პრემიერი გახდებაო, ბოდბელმა ეპისკოპოსმა თქვა, რომ ამას არ დაუშვებდა. ამტკიცებდა, რომ გახარია რუსეთის კაცია.
ქორეპისკოპოსი მიიჩნევს, რომ შს მინისტრს უსაფრთხოების საბჭო პუტინის დავალებით ჩააბარეს.
– რატომ დანიშნეს და ეტყობა, პუტინმა სთხოვათ ან მოსთხოვა. რასაც მაგი აშავებს, ამდენი ხანი რომ არის.. არ გიკვირთ? – განუცხადა მეუფე იაკობმა ტვ პირველს.
რამდენად პუტინის მითითებით მოხდა მისი დანიშვნა ამ თანამდებობაზე, ძნელი დასამტკიცებელია, თუმცა საქართველოს ისტორიაში ხშირად ყოფილა, რომ ძალოვანი მინისტრები უშუალოდ მოსკოვის მითითებით დაუნიშნავთ. თავის დროზე სწორედ მოსკოვის მოთხოვნით დაინიშნენ უშიშროების, თავდაცვის და შს მინისტრებად იგორ გიორგაძე, ვარდიკო ნადიბაიძე და შოთა კვირაია.
უსაფრთხოების ახალ მამას სულ არ ადარდებს, რას ფიქრობს მასზე ერი და ბერი. ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სამომავლო გეგმებით არის დაკავებული.
გახარიას თქმით, საბჭო იქნება სათათბირო ორგანო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პრემიერის სრული ინფორმირება ქვეყნის უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით.
მისი განმარტებით, 1 მაისს გამართული შეხვედრა ტექნიკური ხასიათის იყო.
– მოგეხსენებათ, რომ ახალი კანონი სულ ახლახანს იყო მიღებული და დამტკიცებული პარლამენტის მიერ. სამწუხაროდ, საპატიო მიზეზების გამო ვერ გვესწრებოდა საბჭოს ორი მუდმივი წევრი.
პრემიერისგან მივიღეთ დავალებები. მე საბჭოს წევრებს გავაცანი, უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს სტრუქტურა როგორ წარმოგვიდგენია. უახლოეს მომავალში საბჭო ამოქმედდება. მოგეხსენებათ, რომ საბჭო იქნება ძირითადი მაკოორდინირებელი ორგანო ყველა იმ უწყების, რომელიც ჩართულია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, – განუცხადა ჟურნალისტებმა გიორგი გახარიამ.
გახარიას ინფორმაციითვე, მომდევნო შეხვედრა 1 თვეში გაიმართება.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა