“გახარია პრემიერობას ვერ ეღირსება”

"გახარია პრემიერობას ვერ ეღირსება"რა საგარეო კურსი აირჩია საქართველოს ხელისუფლებამ, ვინ უშლის ხელს გახარიას გაპრემიერებაში, ვის შეუძლია ივანიშვილის ჩამოგდება? – ამ თემებზე “ახალ თაობას” სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.
ლადო სადღობელაშვილი:
– რამდენიმე თვის წინ “ახალ თაობასთან” საუბარში ვარაუდი გამოვთქვი, თუ რა არჩევანს გააკეთებდა ივანიშვილი. ის ან ერდოღანის გზას დაადგებოდა, ანდა დემოკრატიული გზით მოახდენდა ხელისუფლების გადაბარებას. იმედი მქონდა, რომ გადაბარება მოხდებოდა.
მმართველ პარტიაში სერიოზულად მუშავდებოდა გეგმა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩევნებზე ბევრ პარტიას შეიყვანდა პარლამენტში. საუბარია არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილზე. ასევე იგეგმებოდა “ოცნებიდან” წამოსულებისგან ახალი პარტიის შექმნა, რომელსაც ასევე შეიყვანდა საკანონმდებლო ორგანოში.
იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის დემოკრატიულობის განცდა გაეჩინათ, ნაცებს პირველ ადგილზე გაიყვანდა, “ოცნება” მეორე ადგილზე გავიდოდა. მაგრამ ხელისუფლებას მაინც შეინარჩუნებდა, რადგან სხვა პარტიებთან ერთად შექმნიდა კოალიციას.
მოვლენები ასე რომ განვითარებულიყო, ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ცოტა სხვა რელსებზე დავდექით.
– რა რელსებზე დავდექით?
– რა რელსებზე და რუსეთის რელსებზე. გახსოვთ, მოვლენების ამგვარ განვითარებაზე ძველ ინტერვიუებში გესაუბრებოდით? მაგრამ მაშინ იმედი მქონდა, რომ ეს ასე არ მოხდებოდა.
– ეს ვარაუდი პირველად მაშინ გამოთქვით, როცა ცნობილი გახდა, რომ საქართველოში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ჩამოვიდოდა.
– ყველამ იცის, რომ გაზის წყალობით, საფრანგეთსა და გერმანიას პუტინი აკონტროლებს. ევროპაში ყველაზე ახლო ურთიერთობები სწორედ პარიზთან და ბერლინთან გვაქვს.
ორი ვარიანტია – ან ჩვენ გავდივართ ამ ქვეყნების დახმარებით რუსეთზე, ან რუსეთი გამოდის ამ ხიდებით ჩვენზე. მთავარია, რომ მოსკოვთან ოფიციალური კომუნიკაცია შედგა. აღარაფერს ვამბობ კულუარულ ურთიერთობებზე.
საქართველო რომ რუსეთის რელსებზე დადგა, ეს უკვე ძალიან თვალსაჩინოა. ახლა მიმდინარეობს რუსეთისთვის ენერგოდამოუკიდებლობის ჩაბარება. ყველა ენერგომატარებელი რესურსი ნელ-ნელა რუსების ხელში გადადის.
ვიგებთ, რომ “გალფს” ახლა “როსნეფტი” აკონტროლებს. უკაცრავად, მაგრამ ვისი იყო ეს “გალფი”? ვისი იყო და კეზერაშვილის. ამ ადამიანის მიმართ უამრავი საქმე იყო აღძრული, მაგრამ ყველა სასამართლო მოიგო და გამართლდა.
შემთხვევით იმ პირობით ხომ არ გაამართლეს, რომ “გალფი” რუსეთის ხელში გადავიდოდა. დაახლოებით იგივე ხდება ახლა “ვისოლთან” დაკავშირებით. ისიც რუსების ხელში გადადის.
საკვები პროდუქტები კარგა ხანია რუსეთიდან შემოდის, ახლა ენერგომატარებლებითაც მათზე ვხდვბით დამოკიდებული. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანთან ვითარების გამწვავება იმას ემსახურებოდა, რომ მათგან გაზი და საწვავი აღარ შემოვიტანოთ.
– და გაზპრომდამოკიდებულები გავხდეთ?
– აბა ტყუილად კი არ გააფორმებინეს კალაძეს გაზპრომთან საიდუმლო ხელშეკრულება.
ივანიშვილი დაადგა რუსეთის გზას და აქედან გამომდინარე საქართველო ნელ-ნელა სცილდება თავის სტრატეგიულ პარტნიორს – ამერიკას.
თქვენ შემთხვევითი გგონიათ ნეიტრალიტეტის თემის გააქტიურება? თან ეს თემა ივანიშვილის კონტროლირებადმა პარტიამ – პატრიოტთა ალიანსმა წამოსწია.
– რატომ მარტო ალიანსმა, ივანიშვილის ხელდასმულმა პრეზიდენტმაც იგივე არ დაახეთქა?
– სალომე ზურაბიშვილიც ამას ამბობს. პირდაპირ გვეუბნებიან, რომ დასავლეთს ვშორდებით. აქ თუ ხელისუფლება არ შეიცვალა, საქართველო გახდება ბუფერული ზონა რუსეთსა და დასავლეთს შორის.
ამ ვითარებას რომ ვუყურებ, კიდევ უფრო ღრმად ვრწმუნდები იმაში, რომ გიორგი გახარია საქართველოს პრემიერობას ვერ ეღირსება.
– რუსულ რელსებზე თუ დავდექით, გახარიას გაპრემიერება უფრო ლოგიკური არ იქნება? როგორც ამბობენ, ის რუსეთის კაცია.
– გახარიას გაპრემიერება ახლა არ არის აქტუალური. ამ ადამიანს სულ სხვა მისია აქვს შესასრულებელი.
– რა მისია?
– მისგან ქმნიან საფრთხობელას, რომელიც ივანიშვილის დავალებებს ცივსისხლიანად შეასრულებს. “ოცნების” ლიდერი მხოლოდ ასე თუ შეინარჩუნებს წესრიგს.
– ეს არის წესრიგი? კრიმინალს მიაქვს ქვეყანა. ისე ცუდად არის საქმე, რომ კრიმინალის ზრდას თვით ქოცებიც კი აღიარებენ.
– ამ შემთხვევაში მე პოლიტიკური წესრიგის შენარჩუნებაზე ვსაუბრობ. ძალაუნებურად გახარიას მიმართ ერთგვარი შიში ყალიბდება.
– ვის ეშინია ამ გახარიასი? კრიმინალებს არაფერი ეტყობათ შიშის.
– კრიმინალებზე არც ვსაუბრობ. პოლიტიკური სპექტრი მყავს მხედველობაში.
– აქ ვიღას ეშინია?
– ყველას.
– რაში გამოიხატება ეს შიში?
– დააკვირდით მათ გამოსვლებს. სულ შს მინისტრის ლანძღვაში არიან, დანარჩენები აღარც ახოვთ. გახარიას ისტერიული ლანძღვა მიუთითებს იმაზე, რომ მისი ეშინიათ.
– ნაცებზე მეტად გახარიასი “ოცნებაში” უფრო ეშინიათ. ის მმართველ გუნდში თითქმის არავის უყვარს.
– რანაირად ეყვარებათ, მისი ეშინიათ. ყველა ვხედავთ, რომ გახარია ნელ-ნელა ემსგავსება ვანო მერაბიშვილს.
– რითი ემსგავსება?
– მისი პოლიტიკა აქვს არჩეული. გახარია ცდილობს, რომ ქვეყნის ხერხემალი გახდეს. ამაში მას ივანიშვილიც ხელს უწყობს.
“ოცნების” ლიდერს ხერხემალი სჭირდება, მაგრამ ის ვარდება მძიმე დღეში, ვინც ხერხემლობას იკისრებს.
გახარიას მინდა ვუთხრა, რომ ხერხემლობა მერე ცხვირის წამტვრევით და ფეხის მოტეხვით სრულდება ხოლმე. ხერხემლობის ბოლო ან ციხეა, ანდა ქვეყნიდან გაქცევა.
– შს მინისტრი ამდენს ვერ ხვდება? გულუბრყვილო ადამიანის შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებს.
– დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
– აბა რა ქვეყნის ხერხემლობა აუტყდა?
– სხვა გამოსავალი არ აქვს, უნდა იხერხემლოს. ცდილობს, ფრთხილად გააკეთოს ეს ყოველივე. შს მინისტრი ფაქტიურად ბეწვის ხიდზე გადის.
ივანიშვილს ისეთი მმართველობის სტილი აქვს არჩეული, რომ აქ ხერხემლობა, სულ რომ კრისტალი იყო, მაინც წაგამტვრევინებს ცხვირს.
ისევ რუსეთის რელსებს დავუბრუნდები და შემთხვევითი არ არის, რომ “ოცნება” თავის თავს გარდამავალ მთავრობას უწოდებს. ნამდვილად გარდამავლები არიან, ოღონდ რუსეთისკენ გარდამავლები.
მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის გზას დაადგნენ, დასავლეთისთვის ღიად ზურგის შექცევა უტყდებათ. დასავლურობა ერთგვარი ბრენდია. დასავლეთს ყოველდღე ვშორდებით. აბა გავიდეთ ქუჩაში, რაში გამოიხატება ევროპულობა? არც არაფერში.
– კალაძე თეთრი ტაქსებით აპირებს თბილისის ევროპასთან დაახლოებას. ევროპული ხარისხის საწვავის აუცილებლობაზეც დაიწყო საუბარი.
– არანაირი ევროპა არ აინტერესებს კალაძეს. დედაქალაქის მერი გუგულიზაციის გზას დაადგა. საწვავის ხარისხზე საუბრით მიგვანიშნა, რომ საწვავზე ფასები გაიზრდება. გუგული მაღრაძემ სიგარეტის წინააღმდეგ იმხელა კამპანია იმიტომ წამოიწყო, რომ ამ პროდუქციაზე ფასები გაზრდილიყო. ძალიან მალე საწვავის ფასი გაიზრდება, მაგრამ ხარისხი იგივე დარჩება.
– საწვავზე ფასების ზრდა ბევრ რამეს გააძვირებს. ხალხი ამას მოითმენს?
– ამასაც მოითმენს და კიდევ ბევრ სხვასაც.
– და რატომ მოითმენს?
– სანამ ივანიშვილის საპირწონე სააკაშვილი იქნება, ხალხი “ოცნებას” ყველაფერს მოუთმენს.
პოლიტიკაში გამარჯვება ფულზეა დამოკიდებული. ივანიშვილის დამარცხება მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც “ოცნების” ლიდერზე მეტი ფული ექნება. მე ასეთი დონის ფულს ვერსად ვხედავ. და სანამ ეს ფული არ გამოჩნდება, ივანიშვილიც იქნება.
– პოლიტიკაში მოთმინების ფიალის ავსება არ მოსულა?
– არ დაიჯეროთ, რომ ხალხი ქმნის პოლიტიკურ ამინდს. ხალხი რომ მართავდეს პოლიტიკას, არცერთი მთავრობა არ გაბედავდა იმას, რასაც ბედავს.
არის ასეთი გამოთქმა, ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. ასეა პოლიტიკაშიც. ვისაც ბევრი ფული აქვს, ის იგებს არჩევნებს.
ბიძინა ივანიშვილი კიდევ დიდი ხნით აპირებს ხელისუფლებაში დარჩენას. პოზიციების გასამყარებლად სააკაშვილს არაფრით დაუკარგავს აქტუალობას. როგორც უკვე გითხარით, სანამ მიშას ფაქტორი იარსებებს, “ოცნების” ლიდერი ძალაუფლებას შეინარჩუნებს.
– მასზე უფრო ფულიანის გამოჩენას გამორიცხავთ?
– მასზე დიდი ფული არცერთ ქართველს არა აქვს. რამდენიმე ფულიანის გაერთიანების შემთხვევაში შეიძლება მისი დამარცხება.
მთავარ მეოცნებეს ძალიან ეშინია ფულიანი ხალხის. ამიტომაც არის, რომ “ოცნებიდან” არ აგდებს კახა კალაძეს.
– კალაძეს ამდენი ფული აქვს?
– კალაძეს ბევრი ფული აქვს, მაგრამ მისი ფული ივანიშვილისთვის საფრთხის შემცველი არ არის. სამაგიეროდ, საშიშია ის ხალხი, ვინც კალაძის უკან დგას.
დედაქალაქის მერის უკან მილიარდერი იაკობაშვილი დგას. რაღაც თვალსაზრისით ის შეიძლება გახდეს ივანიშვილის ალტერნატივა.
მამუკა ხაზარაძეს მთავარმა მეოცნებემ რატომ დაუწყო ბრძოლა? ფულის გათეთრების ბრალდება არის ზღაპარი. ივანიშვილმა მასში თავისი თავის ალტერნატივა დაინახა.
კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს ადამიანი მანამ იქნება ხელისუფლებაში, ვიდრე ახალი მილიარდერი არ გამოჩნდება ავანსცენაზე.
პროცესების დემოკრატიულად განვითარების იმედი მქონდა, მაგრამ, როგორც ვატყობ, ავტოკრატიულ რეჟიმს ვღებულობთ. “ოცნების” ლიდერი კიდევ დიდი ხანი იქნება ხელისუფლების სათავეში. ის ტყუილად არ ახსენებს ხოლმე 2030 წელს.
– 2030 წლამდე გვეყოლება “ოცნება” და მისი ლიდერი?
– შეიძლება მთლად 2030 წლამდე არ დარჩნენ, მაგრამ კიდევ კარგა ხანი გაქაჩავენ. დღევანდელი მოცემულობა თუ არ შეიცვალა, 2024 წლამდე თავისუფლად გაქაჩავენ. მერე რუსეთშიც აირევა ყველაფერი და ივანიშვილის მხარდასაჭერად აღარავის ეცლება.
– რა იცით, რომ 2024 წლისთვის რუსეთში სიტუაცია აირევა?
– ამაზე თავად რუსი ექსპერტები საუბრობენ. ახლა პუტინი მყარად ზის და ივანიშვილიც მყარად არის. კარგა ხანს აქ ამერიკა ვერაფერს ვეღარ გააკეთებს.
– რატომ ვერ გააკეთებს, როგორც ამბობენ, სწორედ ამერიკამ დაბლოკა გახარიას გაპრემიერება.
– ამერიკა მისი პრემიერობის წინააღმდეგია. ივანიშვილმა მათ მხოლოდ იმიტომ დაუჯერა, რომ თავის ქონებას გაუფრთხილდა. მისი ქონების დიდი ნაწილი დასავლეთშია.
“ოცნების” ლიდერს გახარიას პრემიერობა თავისი ანგარიშების გაყინვად ნამდვილად არ უღირს.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა