გია ხუხაშვილი: “2020 წელს ქართული ოცნება თვითონ გამოიჭრის ყელს”

ოქრუაშვილი  საინტერესო ფიგურა გახდება

გია ხუხაშვილი: "2020 წელს ქართული ოცნება თვითონ გამოიჭრის ყელს"“ქართული ოცნების” რიგებს წევრები სულ უფრო და უფრო ტოვებენ, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია კი არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზე ალაპარაკდა. “ოცნების” დაპირისპირების ფონზე ოპოზიცია ცდილობს საზოგადოებაში გარკვეული დივიდენდების მოპოვებას.

რა ხდება “ქართულ ოცნებაში”, რამდენად მოსალოდნელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და რა შანსი აქვს ოპოზიციას? – აღნიშნულ საკითხებზე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საუბრობს.

– როგორია თქვენი შეფასება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით? იქით გიორგი ქობულია ამბობს, რომ აზრთა თანხვედრა არ იყო, აქეთ საპარლამენტო უმრავლესობას დეპუტატები უფრო და უფრო ტოვებენ. რაზე მიანიშნებს ეს?

– ეს იმაზე მიანიშნებს, რაც არაერთხელ მითქვამს. მმართველობითი სისტემის კრიზისი გვაქვს. ამ სისტემას არ ახასიათებს არც ეფექტურობა და არც მოქმედებების, ასე რომ ვთქვათ, ალგორითმი. როგორ ხდება გადაწყვეტილების ფორმირება, მიღება და შემდეგ მათი გატარება, აბსოლუტურად გაუგებარია.

როგორც ჩანს, ეკონომიკის ყოფილი მინისტრიც ამან დააბნია. ეს ხდება იმის გამო, რომ მთლიანად ინსტიტუციური წესრიგია მორღვეული. მმართველობითი ძალის ცენტრი და ინსტიტუციური ცენტრი ერთმანეთს მთლიანად აცდენილია. შესაბამისად, სახელმწიფო მანქანა მანკიერად მუშაობს.

როცა სახელმწიფო სისტემა ასე მუშაობს, რისკები იზრდება ყველა მიმართულებით. გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიღების უნარიანობა იკარგება. კორუფციული რისკები შემოდის მაღალი დოზით და, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება ავტორიტეტს კარგავს, მერე იწყებს თვითშენარჩუნებაზე ზრუნვას.

ფაქტობრივად, ამ რეჟიმშია ხელისუფლება გადასული. ამას აღარ აქვს სახელმწიფოებრივი ამოცანები, საკუთარი თავის შენარჩუნების გზას ხედავს მხოლოდ რესურსების მონოპოლიზაციით და არა – ხალხთან კომუნიკაციით.

მხედველობაში მაქვს როგორც ადმინისტრაციული რესურსი, ისე ფინანსური რესურსის კონტროლი. ამის გვირგვინი იყო სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები. ადმინისტრაციული რესურსის მონოპოლიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ სრული კონტროლის ქვეშ გყავს აყვანილი მართლმსაჯულებაც, იმიტომ, რომ რაც არ უნდა აკონტროლო მართლმსაჯულება, ის შეიძლება დაინგრეს. ამ სახიფათო ტენდენციებს ვაკვირდებით.

ამას ემატება აბსოლუტურად გაუგებარი პროვოკაციული ქმედებები პრეზიდენტის მხრიდან. ამიტომ ერთი დიდი აჯაფსანდალია.

– პროვოკაციულ ქმედებებში რას გულისხმობთ?

– იგივე საზღვართან დაკავშირებული პრობლემური საკითხებისთვის რელიგიური ასპექტების მიცემა, რითაც ძალიან სახიფათოდ დაძაბა ვითარება. ფაქტობრივად, ჩვენ ერთ პარტნიორთან დაგვეძაბა ვითარება ამის გამო.

– ეს რისი ბრალი იყო?

– არც ვიცი. კარგ შემთხვევაში სიბრიყვის ბრალი იყო. ცუდ შემთხვევაზე ლაპარაკი საერთოდ არ მინდა. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ მმართველობითი სისტემის დეგრადაციის პროცესი გრძელდება. კიდევ უფრო მოუკრეფავში გადადის, რაც, პრინციპში, სახელმწიფოს განვითარებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ამას ემატება შიდაპოლიტიკური რყევები.

– რამე ინფორმაციას ხომ არ ფლობთ გიორგი გახარიასა და ვახტანგ გომელაურის დაპირისპირების თაობაზე?

– ამის შესახებ ინფორმაცია რომც მქონდეს, ეს ყველაფერი ჭორაობა იქნება. საქმე ის გახლავთ, რომ პრობლემა სისტემური ხასიათისაა. ხალიჩის ქვეშა თამაშები და დაპირისპირებები, კი ბატონო, არის. ამ კონკრეტულ შემთხვევას არ ვგულისხმობ, მაგრამ რაღაც ინტერესთა ჯგუფების მცდელობები არის, რომ საკუთარი სკამით გავლენა გაიფართოვონ.

ეს ყველაფერი ხდება, მაგრამ ეს იმიტომ ხდება, რომ სისტემაა მთლიანად მოშლილი. მას არ აქვს სახელმწიფოებრივი განვითარების ენერგია, პოზიტიური დღის წესრიგი და ძირითადად ადამიანები ასეთი საქმეებით არიან დაკავებული. ვიმეორებ, ეს სისტემური ხასიათიდან გამომდინარეობს.

– პატრიოტთა ალიანსის როლს სად ხედავთ, ის არის ხელისუფლების ორბიტაზე თუ ის არის რეალური ოპოზიცია?

– გარკვეულ საკითხებზე ხელისუფლებისა და პატრიოტთა ალიანსის ინტერესთა თანხვედრა შეინიშნება, მაგრამ ეს არ არის ისეთი სტრატეგიული პარტნიორობა. არის საკითხები, სადაც ხელისუფლებას მიაჩნია, რომ პატრიოტთა ალიანსი მისი პარტნიორია. არის საკითხები, სადაც გარკვეული დისტანცია არსებობს. მე მაინც თემატურ თანამშრომლობას დავარქმევდი მათ ურთიერთობას და არა – რაღაც ღრმასა და დიდს.

პატრიოტთა ალიანსს აქვს თავისი ელექტორალური ხმები. ის ამ სეგმენტზე მუშაობს. ეს სეგმენტი არ არის ძალიან დიდი. დაახლოებით 10%-ია, მაქსიმუმ 15%. თუმცა, 15% ნაკლებად მგონია. პრინციპშ, აქ ხელისუფლებასთან გარკვეული კვეთა არსებობს. მხედველობაში მაქვს ანტიმიშას კონცეფცია და აქ თანამშრომლობენ.

– ოპოზიციის შანსებს რაში ხედავთ?

– მე მმართველობითი სისტემის კრიზისზე გესაუბრეთ, მაგრამ საერთოდ კრიზისი მთლიანად პოლიტიკურ ელიტაში ვითარდება. ოპოზიციური პოლიტიკური ელიტა ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომლებიც საზოგადოებაშია. შესაბამისად, ქვეყანა იმ მიმართულებით მიდის, რომ მულტიპარტიული დემოკრატია მივიღოთ.

ამის კონტურები იკვეთება. ამ ეტაპზე არც არის ცუდი. მულტიპარტიული დემოკრატია პოსტსაარჩევნო დემოკრატიებით ისტორიის ამ ეტაპზე სარგებლობის მომტანი იქნება. ძალიან ცუდი გამოცდილება მივიღეთ ერთპიროვნული მმართველობით, რაც მთავრდება ძალაუფლების უზურპაციის დაუოკებელი წყურვილით ხელისუფლების მხრიდან. ეს უკვე თავისთავად გადადის რევოლუციურ განწყობებში.

ამ მანკიერ წრეზე ვტრიალებთ და აქედან გამოსვლა გვჭირდება.

– ირაკლი ოქრუაშვილი აპირებს პარტიის შექმნას. მას თუ აქვს რესურსი, რომ რაღაც ლიდერის ფუნქცია იტვირთოს?

– ის რომელიმე დამოუკიდებელი ცენტრისთვის, შესაძლოა, საინტერესო ფიგურა გახდეს.

– მთლიანობაში რა შანსებს ხედავთ ოპოზიციაში?

– გაჭირვებულია ოპოზიცია. არ ვფიქრობ, რომ ოპოზიციას შეუძლია, მოუგოს ხელისუფლებას. მე ვფიქრობ, რომ “ქართულ ოცნებას” ოპოზიცია კი არ მოუგებს, “ქართულ ოცნებას” თვითონ “ქართული ოცნება” დაამარცხებს. მე რასაც ვუყურებ, ისინი სუიციდისკენ მიდრეკილი კონგლომერატია.

“ქართულ ოცნებას” არანაირი ფასეულობა არ აქვს, აბსოლუტურად ეკლექტურია. ასე რომ, “ქართული ოცნება”, საბოლოო ჯამში, თვითონ გამოიჭრის ყელს 2020 წლისთვის. ეს ოპოზიციის შანსია არა მისი სიძლიერის, არამედ “ქართული ოცნების” თვითგანადგურების ინსტინქტის გამო.

– ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პერსპექტივას როგორ უყურებთ?

– არა. მე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ ლაპარაკია და მეტი არაფერი.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა