კახეთის გულში დიდი ამბები ტრიალებს – თელავში შეიძლება მერის ვადამდელი არჩევნების ჩატარება გახდეს საჭირო. ქალაქის მერი შეიძლება საპრეზიდენტო არჩევნების გამო დაისაჯოს. ერეკლეს ქალაქმა სალომე ზურაბიშვილის არჩევაზე ორივე ტურში უარი განაცხადა.
თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებები უკვე დაწერეს მერის სამმა მოადგილემ და საქალაქო სამსახურის უფროსებმა. მიუხედავად იმისა, რომ წასვლის საფრთხე მერსაც ემუქრება, ის მაინც ნათესავების მომადლიერებაზე ფიქრობს. შოთა ნარეკლიშვილმა მოადგილედ თავისი ქვისლი დანიშნა.
ითვლება თუ არა ქვისლი ნათესავად, რა ხდება თელავის მერიაში, რატომ არ გამოდის კახეთის გუბერნატორი სამუშაო კაბინეტიდან, რატომ გაფრინდა პოლონეთში თავზე ჭერჩამონგრეული სიღნაღის მერი? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ნაციონალური მოძრაობის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ბოტკოველი ესაუბრება.
გიორგი ბოტკოველი:
– თელავის მერის სამმა მოადგილემ, მათ შორის ვიცე-მერმა ერთდროულად გადაწყვიტეს თანამდებობიდან წასვლა. სამივე მათგანს ერთდროულად მოუვიდა თავში აზრი, რომ ბიზნესის კეთება უკეთესია, ვიდრე სახელმწიფო სამსახურში ყოფნა.
პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა საქალაქო სამსახურის სამმა უფროსმა. მათაც რატომღაც ერთ დღეს გადაწყვიტეს წასვლა.
– ასე უცბად რამ გაუჩინათ წასვლის სურვილი, ვირუსია რამე?
– თავისი ნებით არც წასულან. ეს ყველაფერი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში განცდილ მარცხს უკავშირდება. მერის მოხსნა არ გამოვა, რადგანაც რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მოუწევთ. ამიტომაც გადაწყდა მერის მოადგილეების და საქალაქო სამსახურების უფროსების გაშვება.
საქმე გვაქვს “ოცნებაში” არსებულ შიდა კლანურ დაპირისპირებასთან. რომელშიც ჩართული არიან სუსი და საკრებულო. მერი და საკრებულო სხვადასხვა კლანს წარმოადგენენ.
არჩევნების დამთავრების შემდეგ ცოტა ხანი მოიცადეს და ახლა დაიწყეს საქმეების გარჩევა. წაგებას ერთმანეთს აბრალებენ.
საქალაქო სამსახურების გადამდგარი უფროსების ადვოკატობის სურვილი არ მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი გადაბრალების პროცესს შეეწირნენ.
ჩინოსნების გათავისუფლება არ შეჩერდება, როცა ნახავენ, რომ ამით არაფერი გამოუვიდათ, მერის მოხსნაც მოუწევთ.
შოთა ნარეკლიშვილი ჯერ ისევ ინარჩუნებს პოზიციებს და მას ერთი მოადგილის დანიშვნის უფლებაც მისცეს. ამან მოადგილედ არც მეტი, არც ნაკლები თავისი ქვისლი დანიშნა.
– რანაირი ქვისლია?
– ცოლის ბიძაშვილის ქმარია.
– ცოლის დის ქმარიც რომ დაენიშნა, ნათესავი არ გამოვიდოდა. რამდენიმე წლის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ცოლის ნათესავი ნათესავი არ არის.
– ღარიბაშვილმა რახან თქვა, ეგრე იქნება. საინტერესო ის არის, რომ ნარეკლიშვილის ქვისლი მაშინაც მასთან მუშაობდა, როცა ის ფოსტის უფროსი იყო. მერი როცა გახდა, ქვისლი მერიაში სამხედრო სამსახურის უფროსად გადმოიყვანა. ახლახანს კარგი ადგილი გათავისუფლდა და ნარეკლიშვილმაც ქვისლი მოადგილედ დანიშნა. უცხოს ხომ არ მოიყვანდა.
ვიცე-მერი მისი ძმაკაცი იყო, მაგრამ ის გაუშვა. ეტყობა, ძმაკაცებს აღარ ენდობა და ქვისლს გამოუცხადა ნდობა. გვერდით ის ადამიანი უნდა გყავდეს, ვისაც ენდობი. დიდი ამბავი, თუ ის ნათესავია და ამას ნეპოტიზმის სუნი ასდის.
წინ საინტერესო მოვლენები გველოდება. დასანიშნია საქალაქო სამსახურის სამი უფროსი, მერის ორი მოადგილე. უკვე ვიცით, ვის დანიშვნაზეც მიდის საუბარი, მაგრამ გვარების დასახელებისგან ჯერ თავს ვიკავებთ.
– ეგენიც ნარეკლიშვილის ნათესავები ხომ არ არიან?
– რაღაცა შინაურობები აქვთ, მაგრამ მაინც დაველოდოთ. ეს ყველაფერი შეიძლება ამაო აღმოჩნდეს და მერის ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გახდეს საჭირი.
– მერის ვადამდელი არჩევნების დანიშვნა თელავში “ოცნებისთვის” სარისკოა. საპრეზიდენტო არჩევნები ორივე ტურში წააგეს და რაღა მერობის კანდიდატზე გადაირევიან თელაველები.
– წინასწარ რამის თქმა ძნელია. ყველაფერს მომავალი გვაჩვენებს. ხელისუფლებას დაშინება და მოსყიდვა აღარ გაუვა. ასე გაგრძელება უბრალოდ შეუძლებელია.
ამბავი, რომელსაც მოგიყვებით, თელავს არ ეხება, მაგრამ ნათლად წარმოაჩენს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებს ხალხის მიმართ.
27 მაისს სიღნაღის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დაინიშნა. სხდომა 16.00 საათისთვის დანიშნეს. სხდომაზე ერთადერთი საკითხი იხილებოდა – ბიუჯეტში ცვლილებები. განმარტებითი ბარათი ხელში 13.00 საათზე ჩამივარდა. იქ ეწერა, რომ 72.000 ლარით მცირდებოდა სოციალური მუხლი.
დაფინანსება უმცირდებოდა ხოციალურად დაუცველებს, სტიქიით დაზარალებულვს. სამაგიეროდ 20.000 ლარით იზრდებოდა სამივლინებო ხარჯები. 15.000-ით ზრდიდნენ ტრანსპორტის მომსახურების ხარჯებს.
ამასთან დაკავშირებით მაშინვე ავტეხეთ განგაში. სიღნაღის საკრებულო იძულებული გახდა, რაღაცები შეეცვალა. პროტესტით შეშინებულებმა სოციალურ მუხლებს ხელი ვეღარ ახლეს, მაგრამ გარე განათებას მოაკლეს და სამივლინებო ხარჯები მაინც გაზარდეს.
ძალიან მალე გაირკვა, თუ რისთვის სჭირდებოდათ ასე სასწრაფოდ ამ ხარჯების გაზრდა. 28 მაისის ღამეს სიღნაღის მერი, თავის მოადგილესთან და ანსამბლ “ზედაშეს” ორ წევრთან ერთად პოლონეთში გაფრინდა. ამ ანსამბლს არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა არა აქვს სიღნაღის მუნიციპალიტეტთან.
– ანსამბლის წევრები რაღაში სჭირდებოდაღ, ცეკვის და სიმღერის გარეშე ვერ ძლებენ სიღნაღის მერიაში?
– რაში სჭირდებოდათ, არ ვიცი. ანსამბლის ორ წევრს რა უნდა გაეკეთებინა, ალბათ მერმა და მისი მოადგილემაც თავი “ზედაშეს” წევრებად გამოაცხადეს.
საინტერესოა, რომ მერის გაფრენიდან რამდენიმე საათში სიღნაღის ორ საბავშვო ბაღში ჭერი ჩამოინგრა. კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ ქვემო მაჩხაანის და ზემო ბოდბეს საბავშვო ბაღები სულ ახლახანს შეაკეთეს.
– კახეთის გუბერნატორის ახალ ინიციატივაზე იქნება საინტერესო თქვენი აზრი. ირაკლი ქადაგიშვილმა თქვა, რომ შეიძლება თუშეთთან დამაკავშირებელი საბაგირო გზა აშენდეს. ამაზე რას ფუქრობთ?
– ამაზე რას ვფიქრობ და ეგ საბაგირო ქადაგიშვილმა ჯობია თავის კაბინეტიდან გაჭიმოს სადმე. კაბინეტიდან საერთოდ არ გამოდის და ცოტა ჰაერზე მაინც გაისეირნებს.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა